Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2004 წლის უკანასკნელი დღე საქართველოში


2004 წლის 31 დეკემბერს საქართველოში ყველა, დაწყებული ხელისუფლებით და დამთავრებული რიგითი მოქალაქეებით, საახალწლო სამზადისში იყო. 31 დეკემბერი,

ტრადიციულად, ძველის გაცილების და სიახლის მოლოდინის დღეა - დღე, როცა ყველა ოჯახში პრობლემებს შეძლებისდაგვარად ივიწყებენ და ლამის უკანასკნელ დანაზოგს გაიღებენ ახალი წლის ბარაქიანად დასახვედრად. უკანასკნელ წლებში საქართველოში ბზარი შეეპარა ახალი წლის საკუთარ ოჯახებში შეხვედრის ტრადიციას. ისევე როგორც შარშან, წელსაც ხელისუფლებამ თბილისელები ქუჩის საახალწლო ღონისძიებაზე დაპატიჟა. ახალ წელს ხალხი ქუჩაში გადის, პრეზიდენტი - ქვეყნის გარეთ. როგორ მოემზადნენ საქართველოში ახალი, 2005 წლის დასახვედრად?

2005 წელს პრეზიდენტი უკრაინაში ხვდება. მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა საქართველოს მოსახლეობას ახალი წელი კიევიდან მიულოცოს. კიევში გამგზავრების წინ მან თბილისში, თავისუფლების მოედანზე, საახალწლო ნაძვის ხის მორთვაში მიიღო მონაწილეობა და 2004 წლის მიმართვა მოსახლეობისადმი შემდეგი განმარტებით ამოწურა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] “იყო თბილისის მოწვევა ვიქტორ იუშჩენკოს მხრიდან და დიდი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ საქართველოს პრეზიდენტი იყოს უკრაინაში. იქიდან იქნება მილოცვა. ვარ საქართველოს პრეზიდენტი და სადაც არ უნდა ვიყო, მივმართავ ქართველ ხალხს. კიდევ კარგი, ამის საშუალება არსებობს. “

ახალი წლის საზღვარგარეთ შეხვედრა დაგეგმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმაც - 2005 წელს ის ლონდონში ხვდება. ახალ წელს ქვეყნის გარეთ ხვდება საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი წარმომადგენელი, კახა ბენდუქიძე, აფხაზეთის დევნილი ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლობა კი - აფხაზეთში. აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი ალასანიამ გადაწყვიტა 31 დეკემბერს, მინისტრთა საბჭოს რამდენიმე წევრის თანხლებით, კოდორის ხეობაში გაფრინდეს და ამ ხეობის მოსახლეობას საახალწლო ნობათი - ფქვილი და ტკბილეულობა - ჩაუტანოს.


ის, ვინც თბილისში დარჩა, - ვგულისხმობ ხელისუფლების წევრებს, - მათ ახალი წლის ხალხთან ერთად დახვედრა დაევალათ თბილისის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე, აქამდე დადგმული ნაძვის ხეებისგან განსხვავებულ და ლაზერული შოუსთვის გათვალისწინებულ ნაძვის ხესთან.


თავისუფლების მოედნიდან მთელ რუსთაველის პროსპექტზე დაგეგმილი საახალწლო ღონისძიების გამო გაძლიერდა საპატრულო პოლიციის მუშაობა. აქვე აღვნიშნავ, რომ საახალწლოდ თანამდებობიდან გადადგა საპატრულო პოლიციის უფროსი ივანე ბერაძე და მისი ფუნქციები თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა ზურაბ მიქაძემ შეითავსა. რაც შეეხება ისევ საახალწლო ღონისძიებას,
31 დეკემბრის ღამისთვის აიკრძალა ტრანსპორტის მოძრაობა თვისუფლების მოედნის მიმდებარე ქუჩებზე. საახალწლო ღონისძიებაზე ხალხის დასწრებისა და მათი ტრანსპორტირების პრობლემის შესამსუბუქებლად კი გადაწყდა მეტროპოლიტენმა მთელი ღამის განმავლობაში იმუშაოს.

ასე მოემზადა საქართველოს ხელისუფლება 2005 წლის შესახვედრად ხალხთან ერთად, ხალხთან, რომელსაც პროდუქტზე მომატებული ფასების გამო საახალწლო სუფრა წელს განსაკუთრებით ძვირი დაუჯდა. ამ ხალხის დიდი ნაწილი 2005 წლისგანაც დასაქმების პრობლემის მოგვარებას ელის. ამ მხრივ, წლის ბოლოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ვაკანსიების შესავსებად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე 2000 -მდე პირს შორის 85 -ს გაუმართლა. კონკურსში გამარჯვებულთა ვინაობა 31 დეკემბერს გამოცხადდა. 2005 წლის 10 იანვრიდან ისინი სამინისტროს ოფიციალური თანამშრომლები იქნებიან.
XS
SM
MD
LG