Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა მინისტრთა კაბინეტის სახეცვლილ შემადგენლობას


133 ხმით 7 -ის წინააღმდეგ, მინისტრთა კაბინეტის სახეცვლილ შემადგენლობას ნდობა გამოცხადებული აქვს. პარლამენტმა მთავრობას ნდობა 27 დეკემბერს საგანგებო

სესიაზე გამოუცხადა. ეს ფაქტი ცოტა უცნაურად მოხდა, იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტს საქართველოს კონსტიტუციაში ჯერ არ შეუტანია ცვლილება, რომელიც დღის წესრიგში უშიშროების სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაზე ერთი ახალი სამინიტროს შექმნის მოთხოვნამ დააყენა. ამის გამო ოპოზიციის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადებით 27 დეკემბერს პარლამენტმა კონსტიტუცია დაარღვია. უმრავლესობის წევრები ამტკიცებენ, რომ ანტიკონსტიტუციური არაფერი მომხდარა. ასეა თუ ისე, მინისტრთა კაბინეტი, ოდნავ სახეცვლილი შემადგენლობით, დამტკიცებულია. რა მოხდა 27 დეკემბერს პარლამენტში?

კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას დრო სჭირდება, მთავრობას კი მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობის პარლამენტის ნდობით აღჭურვა ეჩქარებოდა. აქედან გამომდინარე, მოვლენები, ცოტა არ იყოს, უცნაურად განვითარდა. საქართველოს კონსტიტუციის იმ ნაწილში, სადაც პრეზიდენტის უფლებამოსილებებია განსაზღვრული, მითითებულია, რომ უშიშროების მინისტრს ნიშნავს და ხსნის პრეზიდენტი, მთავრობის სტრუქტურის წესში შეტანილი ცვლილებით კი, უშიშროების სამინისტრო ლიკვიდირებულია და პირი, ვინც აქამდე უშიშროების სამინისტროს ხელმძღვანელობდა, მინისტრთა კაბინეტში შინაგან საქმეთა მინისტრად არის დამტკიცებული. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შემდეგ უნდა მომხდარიყო და რადგან ასე არ მოხდა, მათი მტკიცებით, 27 დეკემბერს ჩატარებული კენჭისყრის შედეგი ანტიკონსტიტუციურია. საქმის საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვას პარლამენტის წევრთა ერთი მეხუთედის მოთხოვნა სჭირდება. მემარჯვენე ოპოზიციის ლიდერი დავით გამყრელიძე გამოვიდა საკონსტიტუციო სარჩელისთვის ხელმოწერების შეგროვების ინიციატივით, თუმცა საეჭვოა, მას დეპუტატთა ერთი მეხუთედი აჰყვეს.

მინისტრთა კაბინეტის ოდნავ სახეცვლილი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესს 27 დეკემბერს კიდევ ერთი უცნაურობა ახლდა. პარლამენტში სიტყვით ორგზის გამოსვლის მიუხედავად, პრემიერ-მინისტრმა არ გახადა გასაგები, რისთვის იყო საჭირო მთავრობაში მორიგი საკადრო გადაადგილებები. მის გამოსვლაში აქცენტები მთავრობის ბოლო თვეების მიღწევებსა და მომავალში ასაღებ სიმაღლეებზე გაკეთდა. პარლამენტში წარდგენილი სამთავრობო პროგრამა იყო ის, რასაც პარლამენტმა ნდობა 8 თვის წინაც გამოუცხადა. რა და რატომ ხდება მთავრობაში, უმრავლესობის წევრებს ასეთი შეკითხვები არ გასჩენიათ. მათი დამოკიდებულება საკითხისადმი იყო ისეთი, როგორიც, მაგალითად, ნოდარ გრიგალაშვილმა გამოხატა:

[ნოდარ გრიგალაშვილის ხმა] “იმას, რასაც ამბობს ეს მთავრობა, აკეთებს. “

უმრავლესობას მოსწონს ის, რასაც მთავრობა აკეთებს. იქ იმასაც იჯერებენ, რომ საკადრო გადანაცვლებები მთავრობაში ქვეყნის ინტერესებს მოერგო და არა მთავრობაში ძალთა დაბალანსების ინტერესს. მაგრამ ასე არ ფიქრობს ყველა. პარლამენტის საგანგებო სესიაზე რესპუბლიკელების სახელით გამოსვლისას ივლიანე ხაინდრავამ ხელისუფლება მკვეთრად გააკრიტიკა დემოკრატიის კურსიდან გადახვევის გამო. მან თქვა, რომ საქართველოს მთავრობა ფეხქვეშ თელავს ადამიანის უფლებებს, ახორციელებს ზეწოლას მოსამართლეებზე, ჟურნალისტებზე და ატარებს ინფანტილურ კაპრიზებზე დამყარებულ ექსპერიმენტებს ( ექსპერიმენტებში იგულისხმებოდა მთავრობაში განხორციელებული მორიგი საკადრო გადაადგილებები. )

[ივლიანე ხაინდრავა] “შეგიძლიათ გვითხრათ, რაში გვჭირდება თქვენი 4 ხმა, როცა ჩვენ ჩვენსას გავიტანთო. მართლაც, გაიტანთ ჯერჯერობით, მაგრამ თუ ასე გააგრძელებთ, ეს 4 ხმა 40 ხმად გადაიქცევა. ეს აქ, ამ კედლებში, თორემ გარეთ გაცილებით ბევრი ასეთი ხმაა და ჩვენ გავაგრძელებთ რევოლუციის მონაპოვრის განვითარებისთვის ბრძოლას თქვენთან ერთად, თქვენ გარეშე ან თქვენ წინააღმდეგ.”

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის ხმებს, მართლაც, არაფრის შეცვლა არ შეუძლია, ოპოზიციონერთა კრიტიკულმა გამოსვლებმა უმრავლესობის წარმომადგენლები და, მათთან ერთად, პრემიერ-მინისტრი საკმაოდ გააღიზიანა. შეიძლება ითქვას, რომ მან მთავრობის მისამართით გამოთქმული არც ერთი შენიშვნა არ მიიღო.
XS
SM
MD
LG