Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობას, სადაც სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს, პრეზიდენტი ხალხთან მჭიდრო ურთიერთობას სთხოვს


საქართველოს მთავრობაში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების გეგმა სააშკარაოზე სამშაბათს გამოვიდა. შეგახსენებთ: ამ გეგმით, უქმდება უშიშროების და შინაგან

საქმეთა სამინისტროები, მათ ბაზაზე იქმნება პოლიციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამინისტრო, ხდება კადრების გადაადგილება ძალოვან სტრუქტურებში და არამარტო იქ. ცვლილებათა გეგმის გახმაურების შემდეგ, ოთხშაბათს, საქართველოს მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტმა, მთავრობის ძველ სახეებთან ერთად, ახალი სახეებიც შეკრიბა და ყველას ერთად შეახსენა, რომ ხალხთან რაც შეიძლება მჭიდრო ურთიერთობა ევალებათ. მაინც რა და როგორ იცვლება საქართველოს მთავრობაში?

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილებებს პარლამენტი, ალბათ, უახლოეს დღეებში შეიტანს.
უშიშროების სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გაუქმება და მათ ადგილას ერთი სამინისტროს ჩამოყალიბება პარლამენტმა აღნიშნულ კანონში ცვლილების შეტანით უნდა დაადასტუროს. ამას გარდა, კონსტიტუციის მიხედვით, როცა მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენელთა ერთი მესამედი იცვლება, პარლამენტმა ახლიდან უნდა დაამტკიცოს მინისტრთა კაბინეტი.
აქედან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს მინისტრთა კაბინეტის განახლებული პროგრამა უნდა შესთავაზოს. მთავრობის სხდომაზე მიწვეულ მთავრობის ახალ სახეებს ზურაბ ჟვანიამ ოთხშაბათს განუმარტა, რომ უახლოესი დღეების მანძილზე მთავარი პარლამენტში სამთავრობო პროგრამის დაცვა იქნება.

ძნელი წარმოსადგენია ასეთ პროგრამას პარლამენტში სერიოზული წინააღმდეგობა შეხვდეს. სტრუქტურულ ცვლილებას - ვგულისხმობ უშიშროების და შინაგან საქმეთა სამინისტროების ბაზაზე პოლიციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამინისტროს შექმნას - იქ არ აკრიტიკებენ, პირიქით - მიესალმებიან. საკადრო გადაადგილებას ახლავს კრიტიკა ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან, თუმცა ოპოზიციაში არსებულ განწყობილებას პარლამენტის გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია. ახალ ცვლილებებზე პასუხისმგებლობას დიდი საპარლამენტო უმრავლესობა უპრობლემოდ იკისრებს. თუმცა მთავრობის წევრებს პარლამენტში მაინც მოუწევთ განმარტებების მიცემა იმასთან დაკავშირებით, თუ რისთვის გახდა საჭირო მორიგი საკადრო გადაადგილებები მთავრობაში. გავრცელებული აზრით, ეს მთავრობაში ძალთა დაბალანსებისათვის მოხდა, რადგან არსებობს ფარული დაპირისპირება პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ბანაკებს შორის. პრეზიდენტი ირწმუნება, რომ ასეთი ორი ბანაკი, ორი გუნდი არ არსებობს:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] “ჟვანიას გუნდი რომ არსებობდეს, ჟვანია აქ არ იჯდებოდა. ჟვანიას გუნდი არსებობს, მაგრამ ეს არის სააკაშვილის, ბარამიძის, ოქრუაშვილის და ყველა სხვის გუნდი. ყველა გადაწყვეტილებას ჩვენ ვიღებთ ერთად. “

ეს განცხადება მიხეილ საააკშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა. იქვე მან მთავრობის ახალ და ძველ სახეებსაც ხალხის პრობლემების შემსუბუქებისთვის ხალხთან რაც შეიძლება მჭიდრო ურთიერთობა მოსთხოვა.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] “ხალხი, ხალხი და ხალხი. შეხვედრები ხალხთან და მათი პრობლემების გადაწყვეტა. “

.
მთავრობის სხდომაზე პრემიერის გვერდით იჯდა ყოფილი თავდაცვის მინისტრი გიორგი ბარამიძე. მან, როგორც სახელმწიფო მინისტრმა, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით უნდა იმუშაოს, ამავდროულად, ვიცე-პრემიერის ფუნქცია უნდა შეითავსოს. შეგახსენებთ: მიღებული გადაწყვეტილებით, თავდაცის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ხდება, პოლიციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამინისტროს აქამდე უშიშროების მინისტრი ვანო მერაბიშვილი ჩაუდგება სათავეში. ცალკე ავტონომიურ სამსახურად იქმნება საგარეო დაზვერვის სამსახური. სოფლის მეურნეობის სამინისტროში ახალ ხელმძღვანელად მიდის მიხეილ სვიმონიშვილი. ეკონომიკის მინისტრის პოსტს ლექსო ალექსიშვილი დაიკავებს, კახა ბენდუქიძე კი ეკონომიკური რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარედ გადაჰყავთ.
XS
SM
MD
LG