Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავა საგადასახადო კოდექსის პროექტთან დაკავშირებით


საგადასახადო კოდექსის პროექტი პარლამენტსა და მთავრობას შორის სერიოზული დავის საგანია. დეპუტატებს მთავრობის მიერ მომზადებულ პროექტში ჩადებული

პრინციპების მიმართ სერიოზული შენიშვნები აქვთ. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შექმნილი საკონსულტაციო ჯგუფი ამ შენიშვნებზე მუშაობს, თუმცა ფინანსთა სამინისტრო დეპუტატებისა და ეკონომიკური ექსპერტების წინადადებების გათვალისწინებას არ ჩქარობს. ასეთ პირობებში საგადასახადო კოდექსის პროექტის მეორე მოსმენით განხილვა ჭიანურდება.

საგადასახადო კოდექსის პროექტი საქართველოს პარლამენტში პირველი მოსმენით მიღებულია, თუმცა კი დეპუტატებს დღემდე არა აქვთ მკაფიო წარმოდგენა იმაზე, რა წერია პირველი მოსმენით მიღებულ პროექტში.:

[ზურაბ ტყემალაძის ხმა] “ჯერ ჩვენ არა გვაქვს ის დოკუმენტი, რა დოკუმენტიც არის მიღებული პირველი მოსმენით. პირველი მოსმენისას არ გვქონდა ქაღალდზე გადატანილი დოკუმენტი და, სამწუხაროდ, ჯერაც ვერ მივიღეთ ეს დოკუმენტი. აქედან გამომდინარე, ცოტათი ძნელია რაიმე განხილვაზე ვილაპარაკოთ. “

ეს იყო მემარჯვენე ოპოზიციის წარმომადგენელი ზურაბ ტყემალაძე. მის ნათქვამს დავძენთ, რომ საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით საგადასახადო კოდექსის პროექტის მთავრობასა და საკანონმდებლო ორგანოს შორის შეთანხმებული პრინციპები მიიღო. პროექტის სადავო მუხლების განხილვა მეორე მოსმენისთვის გადაიდო. მას შემდეგ ფინანსთა სამინისტრომ პირველი მოსმენისას გამოთქმული რამდენიმე შენიშვნა გაითვალისწინა, თუმცა, როგორც აღნიშნავენ, შესწორებები პროექტში ისე გაუგებრად შევიდა, რომ მათში გარკვევა პროფესიონალსაც გაუჭირდება.

დეპუტატებს საგადასახადო კოდექსის პროექტის მიმართ რამდენიმე პრინციპული შენიშვნა რჩებათ. ეს შენიშვნები ასეთია:
პროექტი არ არის დაწერილი გასაგებად, რის გამოც მასში გათვალისწინებული ნორმები ინტერპრეტაციების საშუალებას იძლევა.
არ ჩანს თანასწორი დამოკიდებულება მეწარმისა და სახელმწიფოსადმი. თუ მეწარმეს ვადაგადაცილებულ გადასახადზე საურავი ყოველდღიურად ეკისრება, არ ჩანს, რა სანქციები უნდა დაეკისროს სახელმწიფოს, როცა ის მეწარმეს ვალს არ უბრუნებს დათქმული 6 თვიანი ვადის გასვლის შემდეგ.

არსებობს შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, რომ, ახალი საგადასახადო კოდექსით, ადგილობრივი წარმოება, იმპორტიორებთან შედარებით, არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდება, რადგან იმპორტირებული საქონელი, ადგილზე წარმოებულისგან განსხვავებით, დამატებითი ღირებულების გადასახადით არ დაიბეგრება. ამ და სხვა შენიშვნებზე ფინანსთა სამინისტროს რეაქცია იგვიანებს. მთავრობა არ თმობს, ეკონომიკური ექსპერტები კი ფიქრობენ, რომ თუ საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით პარლამენტი პრინციპულობას არ გამოავლენს, დაპირებული ლიბერალური საგადასახადო კანონმდებლობის ნაცვლად, საგადასახადო ავტოკრატიას მივიღებთ.

ზოგადად, ლიბერალიზაციის ნიშნები არსებობს. რამდენიმე გადასახადი უნდა გაუქმდეს, უნდა შემცირდეს საშემოსავლო და სოციალური გადასახადი, მაგრამ, როგორც ზურაბ ტყემალაძე აღნიშნავს, მთავრობის პროექტით ეკოლოგიის გადასახადი უქმდება, მაგრამ, ფაქტობრივად, სხვაგან ინაცვლებს. უქმდება სოციალური ფენების დაზღვევისთვის საგადასახადო შეღავათი, იზრდება აქციზის გადასახადი და ამგვარი გადანაწილებით საგადასახადო ტვირთი მაინც მძიმე ტვირთად რჩება.

[ნინო ბურჯანაძის ხმა] “ მთავრობა დღეში ცხრაჯერ რეკავს და კითხულობს, როდის დავიწყებთ კოდექსის განხილვას. ამიხსენით, როგორ უნდა შევიდეს კოდექსი პირველ იანვარს ძალაში, თუ დროულად არ მივიღეთ ის. “

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლაში მოვისმინეთ, მთავრობა ამ კვირაში დაჟინებით ითხოვდა საგადასახადო კოდექსის პროექტის მეორე მოსმენით განხილვას, მაგრამ, როგორც საუბრის დასაწყისში აღვნიშნეთ, დეპუტატებს დღემდე არ დარიგებიათ პირველი მოსმენით მიღებული პროექტის ტექსტი. პარლამენტში ვარაუდობენ, რომ საგადასახადო კოდექსის პროექტის მეორე მოსმენით განხილვა მომავალი კვირის საგანგებო სესიაზე მაინც დაიწყება.
XS
SM
MD
LG