Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა შეიძლება მოჰყვეს სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის შეცვლას


ეროსი კიწმარიშვილის წასვლას ტელეკომპანია “რუსთავი 2”-დან პრესა განსაკუთრებული ყურადღებით გამოეხმაურა. ხუთშაბათს გაზეთების დიდმა ნაწილმა ეს თემა პირველ

გვერდზე გამოიტანა. კიწმარიშვილის მიერ მედიასივრცის დატოვება პოლიტიკური მნიშვნელობის მოვლენაა, რასაც, შესაძლოა, ლოგიკურად მოჰყვეს ცვლილებები სხვა გავლენიანი ფიგურების კარიერაშიც.

იმისათვის, რომ განვსაზღვროთ, რა შეიძლება მოჰყვეს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის შეცვლას, ეს ფაქტი მიკრო და მაკროპოლიტიკურ კონტექსტში უნდა განვიხილოთ.

მიკროკონტექსტში შეიძლება ითქვას, რომ “რუსთავი 2”-ის ყოფილმა მფლობელმა და აწ უკვე ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ეროსი კიწმარიშვილმა, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ძველი ხელისუფლების დამხობაში, ახალ ხელისუფლებასთან ურთიერთობა ვერ ააწყო. საზოგადოების თვალწინ გაიარა მისი გავლენის უკიდურესმა ზრდამ და კლებამ გასული ერთი წლის განმავლობაში. შეცდომა ადამიანურია და ეროსი კიწმარიშვილის კარიერის უცნაური შემობრუნება მიკროკონტექსტში თავისუფლად შეიძლება აიხსნას მისი ადამიანური შეცდომით, საკუთარი და მეტოქის ძალების ვერშეფასებით.

მაგრამ თუ “რუსთავი 2”-ში მომხდარ ცვლილებებს მაკროკონტექსტში განვიხილავთ, შესაძლოა, ამ ცვლილებებში სრულიად ახალი პოლიტიკური ტენდენცია დავინახოთ.

ერთი თვის წინ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ ტელეკომპანიები “რუსთავი 2” და “იმედი” წარმოადგენენ ორი სხვადასხვა ხედვისა და მიმართულების პოლიტიკური ბანაკის საინფორმაციო საყრდენს. “რუსთავი 2”-ის ამჟამინდელი მფლობელი ქიბარ ხალვაში, მისი მეგობარი ირაკლი ოქრუაშვილი და მათი თანამოაზრე ეროსი კიწმარიშვილი ქმნიდნენ სამკუთხედს, რომლის მიზანი იყო სახელმწიფოს ძალისმიერი პოლიტიკის საინფორმაციო უზრუნველყოფა. ხოლო “იმედის” მფლობელი ბადრი პატარკაციშვილი, მისი მეგობარი ზურაბ ჟვანია და ეკონომიკის მინისტრი კახა ბენდუქიძე ქმნიან მეორე სამკუთხედს, რომლის მიზანია სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის მხარდაჭერა. შესაბამისად, ამ ორ ტელეკომპანიას შორის კონკურენციის არსი ქვეყნის განვითარების ორგვარი - ძალისმიერი და ეკონომიკური - კურსის დაპირისპირებაა.

“რუსთავი 2”-ის ახალ გენერალური დირექტორად მოვიდა ადამიანი, რომელიც არ არის მისი წინამორბედის პირდაპირი მემკვიდრე. ამიტომ, დაირღვა სამკუთხედი: ხალვაში-ოქრუაშვილი-კიწმარიშვილი. ის ძალა, რომელმაც ამ სამკუთხედიდან კიწმარიშვილი განდევნა, შესაძლოა, იმდენად პიროვნულად არ უპირისპირდებოდეს მას, რამდენადაც თავად “ძალოვანი” სამკუთხედის დაშლას ცდილობდეს. თუ ეს ასეა, უნდა ველოდოთ ცვლილებებს ირაკლი ოქრუაშვილის კარიერაშიც. ყველაზე შორსმიმავალი ტენდენცია, რომელიც დღეს შეიძლება ამოვიკითხოთ, ამჟამინდელი ძალოვანი ბლოკის შეცვლა და ეკონომიკური ბლოკის შენარჩუნება-გაძლიერებაა. ოღონდ ამ საკითხს პირადად მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური სანქცია სჭირდება.
XS
SM
MD
LG