Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთში პოლიტიკური კრიზისი მძაფრდება


თამარ ჩიქოვანი, თბილისი აფხაზეთში 3 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დაწყებული პოლიტიკური კრიზისი მძაფრდება. სოხუმიდან მოსული ცნობებით, გადადგა აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო

კომისიის თავმჯდომარე. აფხაზური პარლამენტის წევრთა ერთი ჯგუფი აპროტესტებს აფხაზური პარლამენტის მცდელობას, მხარი დაუჭიროს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებას არჩევნებში გამარჯვებულად სერგეი ბაღაფშის ცნობის შესახებ. სოხუმის ქუჩებში სერგეი ბაღაფშის და რაულ ხაჯიმბას მომხრეები იკრიბებიან. რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს აფხაზეთში დაწყებულ პოლიტიკურ კრიზისს?

„მცოცავი გადატრიალება“ - ასე შეაფასა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ვლადისლავ არძინბამ 3 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ აფხაზეთში განვითარებული მოვლენები. „მცოცავ გადატრიალებად“ იგი 11 ოქტომბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად სერგეი ბაღაფშის გამოცხადებას მიიჩნევს.
სოხუმის ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას არც ამ ორგანოს თავმჯდომარე სერგეი სმირბა იზიარებს, რომელმაც 11 ოქტომბერს საღამოს განცხადება გააკეთა თანამდებობის დატოვების შესახებ. ბაღაფშის გამარჯვებას აპროტესტებენ აფხაზური პარლამენტის ერთ-ერთი ფრაქციის წარმომადგენლებიც, რომლებიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას არასამართლებრივს უწოდებენ.
გულახდილად რომ ითქვას, რა ხდება დღეს აფხაზეთში - შორიდან, მართლაც, ძნელი გასარკვევია. მაშინ, როცა უზენაეს სასამართლოს ჯერ დადგენილება არ გამოუტანია პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატის, რაულ ხაჯიმბას, სარჩელზე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მოულოდნელად არჩევნებში გამარჯვებულად ოპოზიციის წარმომადგენელი სერგეი ბაღაფში გამოაცხადა. სამართლებრივად, პრობლემა, მართლაც, არსებობს. თუმცა თავად გამარჯვებული კანდიდატი სერგეი ბაღაფში ასე არ ფიქრობს:
[ სერგეი ბაღაფშის ხმა] „ ჩვენი შემდგომი მოქმედებები ასეთია: მშვიდად აღვიქვათ ის, რაც მოხდა და ავუხსნათ ხალხს, რომ რაც მოხდა, კანონის ფარგლებში და სრულიად სამართლიანად მოხდა.“
ამგვარი განცხადების მიუხედავად, როგორც ჩანს, სოხუმის უზენაესი სასამართლო მაინც განიხილავს რაულ ხაჯიმბას სარჩელს. შეგახსენებთ: იგი, დარღვევების მომიზეზებით, არჩევნების შედეგის გაუქმებასა და ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. სასამართლოს გადაწყვეტილებას ელის სოხუმის ახალი პრემიერი ნოდარ ხაშბაც, რომელიც ბოლო დღეების მანძილზე აფხაზური საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.
[ ნოდარ ხაშბას ხმა] „საბოლოო წერტილის დასმა ამ საკითხში მხოლოდ სასამართლოს შეუძლია. და ამას, სხვათა შორის, ყველა დაეთანხმა. მინდა გითხრათ, რომ გუშინ ამავე დარბაზში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც პრეზიდენტობის კანდიდატებიც ესწრებოდნენ. ისინი მხოლოდ ერთი მიზნით შევკრიბე - მომეწოდებინა სიმშვიდისკენ, მხოლოდ კანონიერი მოთხოვნების შესრულებისკენ და ყველა ამას დაეთანხმა.“
მოკლედ, ამ ეტაპზე მხოლოდ ორი რამ არის ცნობილი: რომ აფხაზეთის უზენაესი სასამართლოს სხდომა 14 ოქტომბერს გაიმართება და რომ თვითგამოცხადებული აფხაზეთის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია 6 დეკემბრისთვისაა დაგეგმილი. გარდა ამისა, ცნობილია საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება არჩევნებისადმი - ეს პოზიცია კიდევ ერთხელ 12 ოქტომბერს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ გაახმიანა:
[ ნინო ბურჯანაძის ხმა] „ ჩვენ არ ვცნობთ არჩევნებს აფხაზეთში და არც არასოდეს არ ვცნობთ, ვიდრე ჩვენი მოსახლეობა არ დაბრუნდება თავის საცხოვრებელ სახლებში, აფხაზეთში.“
სამაგიეროდ, ჯერ უცნობია, რით შეიძლება დასრულდეს არჩევნები თავად აფხაზური საზოგადოებისთვის - ქართველ ექსპერტთა დიდი ნაწილი აფხაზური კრიზისის კიდევ უფრო გაღრმავების პროგნოზს აკეთებს.
XS
SM
MD
LG