„საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ერთი მსჯავრდებული პირი შეიწყალა, რომელიც სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან“, - ეწერა პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის გავრცელებულ განცხადებაში, თუმცა არ იყო დაკონკრეტებული, რომ შეწყალებული პატიმარი შანიძე იყო.
გიორგი შანიძემ საპატიმრო რამდენიმე წუთის წინ დატოვა. უფრო ადრე რადიო თავისუფლება ესაუბრა მის მამას, თამაზ შანიძეს, რომელმაც თქვა, რომ შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მისმა ცოლმა გუშინ, 19 სექტემბერს მიმართა.
„პირველ რიგში, მადლობა, ძალიან მოულოდნელი იყო. ჯერ შოკში ვარ... რომ არა პოლიტიკური ფონი, სავარაუდოდ, პირობითით ან ჯარიმით დამტოვებდნენ გარეთ. იმის გამო, რომ ოპოზიციის მხარეს ვიჭერ, ამიტომ მომისაჯეს ოთხი წელი... ველოდი, რომ შემიწყალებდა. საკანში 10 წუთის წინ მითხრეს, რომ თავისუფალი ხარო. პრეზიდენტის მხრიდან სწორი პოზიციაა და ისტორიის სწორ მხარეს დგას“, - უთხრა „TV პირველს“ გიორგი შანიძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ გიორგი შანიძეს 4-წლიანი პატიმრობა 16 სექტემბერს მიუსაჯა. რადიო თავისუფლების ცნობით, შანიძის ოჯახმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით გუშინ, 19 სექტემბერს მიმართა.
პოლიციამ გიორგი შანიძე „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე სათვალთვალო კამერის დაზიანების ბრალდებით დააკავა (სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით), მოგვიანებით კი მას ბრალი წაუყენეს კანაფის მოყვანისთვის (სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მეორე ნაწილით).
„თავს მაინცდამაინც კრიმინალად ვერ მივიჩნევ. აქციებს რაც შეეხება, ვფიქრობ, ჩემი ქვეყნისთვის საჭირო საქმეს ვაკეთებდი და ამიტომ ჩავიდინე ის დანაშაული, რაზეც მედავებიან და არა იმიტომ, რომ, სიტყვაზე, კამერის დაზიანება მსურდა ან რაღაცა, როგორც ბატონი პროკურორი იძახის... რომ არა პოლიტიკური სარჩული, მე საერთოდ არ დამიჭერდნენ და მეც გარეთ ვიქნებოდი“, - თქვა გიორგი შანიძემ განაჩენის გამოცხადებამდე.
„აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ ათობით ადამიანი დააკავა, მათ შორის რამდენიმე სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისთვის.
დაუდგენელმა პირებმა სცემეს ამ კანონის მოწინააღმდეგეებს საკუთარ სახლებთანაც. ამ დრომდე ამ ძალადობის შემთხვევებში მონაწილე არცერთი ადამიანის დაკავების შესახებ არაა მედიისთვის ცნობილი.
ფორუმი