მოგითხრობთ ამბავს, რომლის გმირი ჯაშუშად და ტერორისტად გამოაცხადეს მხოლოდ იმის გამო, რომ ავტომობილის მართვისას გზისპირა თხრილში გადავიდა ისე, რომ არც ავტომობილი დაზიანებულა და არც მისი მნიშვნელოვანი მგზავრი, სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე და საგარეო საქმეთა მომავალი კომისარი, ვიაჩესლავ მოლოტოვი.
საარქივო მასალებისა და გამოძიების მიხედვით, მას ოთხი სახელი და გვარი ჰქონდა, მსახურობდა აშშ-ს არმიაში, იყო მასონური ლოჟის წევრი, მაგრამ, ამავე დროს, იყო ავტოფარეხის უფროსი და, როგორც გამოცდილი მძღოლი, დაატარებდა მაღაროების უფროსობას კუზბასის ოლქში. ვინ იყო სინამდვილეში რეპრესირებული მძღოლი ვალენტინ არნოლდი, რომელსაც ბრალი ედებოდა საბჭოთა კავშირის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის ვიაჩესლავ მოლოტოვისა და მძიმე მრეწველობის სახალხო კომისრის სერგო ორჯონიკიძის მკვლელობის მცდელობაში?
1934 წლის 15 სექტემბერს კუზბასის ოლქის ქალაქ პროკოპიევსკში შესამოწმებლად ჩავიდა ვიაჩესლავ მოლოტოვი, რომლის ავტომობილით უზრუნველყოფა დაევალა მაღაროს სამმართველოს ავტოფარეხის ხელმძღვანელს, ვალენტინ არნოლდს. ჩვეულებრივ, რიგით მძღოლს ვერ ანდეს საბჭოთა მთავრობის მეთაურის უსაფრთხოება, არნოლდი კი „შემოწმებული“ და სანდო კადრი იყო, რადგან 1934 წლის იანვარში სტუმრად ჩასულ რკინის კომისარს, სერგო ორჯონიკიძეს მოემსახურა.
მაღაროსკენ მიმავალ გზაზე ავტომობილმა, რომელშიც მოლოტოვი იმყოფებოდა, მარჯვენა ბორბლებით გზისპირა თხრილზე გადაიარა. მძღოლმა დაამუხრუჭა. მიუხედავად იმისა, რომ არავინ დაზიანებულა, პროკოპიევსკის საქალაქო პარტიის კომიტეტმა მძღოლს საყვედური გამოუცხადა დაუდევრობის გამო. იმ დროს ასეთი ჯარიმა უმნიშვნელო სასჯელად მიიჩნეოდა, თუმცა არნოლდმა უსამართლო გადაწყვეტილების გამო მოლოტოვთან იჩივლა. მოლოტოვმა არნოლდის პირადი საქმის განხილვის აუცილებლობის შესახებ წერილობით მიმართა პარტიის რეგიონულ კომიტეტს და მიუთითა, რომ მძღოლი არ იმსახურებდა საყვედურს. 1935 წლის 27 თებერვალს არნოლდს საყვედური მოუხსნეს.
მძღოლთან დაკავშირებული ეს უმნიშვნელო ამბავი ალბათ აქ დასრულდებოდა, მაგრამ ამ ინციდენტიდან 1,5 თვის შემდეგ,1934 წლის 1 დეკემბერს მოხდა მოვლენა, რომელმაც უდიდესი გავლენა იქონია საბჭოთა კავშირის პოლიტიკურ ცხოვრებაზე: ლენინგრადში მოკლეს ადგილობრივი პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ბოლშევიკთა საკავშირო კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი სერგეი კიროვი. რამდენიმე საათის შემდეგ ოფიციალურად გამოცხადდა, რომ კიროვი შეთქმულებმა, ხალხის მტრებმა მოკლეს. მალევე დააპატიმრეს მემარცხენე ოპოზიციის ლიდერები, ლევ კამენევი და გრიგორი ზინოვიევი. დაიწყო მზადება ღია, საჩვენებელი სასამართლო პროცესისთვის.
1936 წლის ივლისში, მთელი კავშირის მასშტაბით პარტიის რაიონულ და საქალაქო კომიტეტებს დაეგზავნათ ცენტრალური კომიტეტის დახურული წერილი („ტროცკისტულ-ზინოვიევისტური კონტრრევოლუციური ბლოკის ტერორისტული საქმიანობის შესახებ“), რომლის მიხედვითაც, „ღია ბრძოლაში ხელმოცარულმა ტროცკისტებმა და ზინოვიელებმა, შექმნეს საიდუმლო, ტერორისტული ბლოკი პარტიისა და საბჭოთა ხელმძღვანელობის გასანადგურებლად“.
1936 წლის 19-24 აგვისტოს გაიმართა ე.წ. მოსკოვის პირველი პროცესი (ოფიციალურად „ზინოვიევ-ტროცკის ერთიანი ანტისაბჭოთა ცენტრის პროცესი“). საბჭოთა მართლმსაჯულების წინაშე წარდგა ძველი თაობის 16 გამოჩენილი ბოლშევიკი, რომლებიც ასოცირდებოდნენ კომუნისტური პარტიის მარცხენა ფრთასთან. ყველა მათგანი დამნაშავედ ცნეს და დახვრიტეს განაჩენის გამოცხადებიდან მეორე დღესვე.
სასამართლო პროცესის სენსაცია იყო ე.წ. პოტენციურ მსხვერპლთა ჩამონათვალი, რომელიც განსასჯელებმა, „ტროცკისტული ცენტრის“ წევრებმა დაასახელეს. სტალინის გარდა ტროცკისტებს უნდა დაეხოცათ პოლიტბიუროს ოთხი წევრი და ორი კანდიდატი: ვოროშილოვი, კაგანოვიჩი, ორჯონიკიძე, ჟდანოვი, კოსიორი, პოსტიშევი.
თავიდან ვიაჩესლავ მოლოტოვი ამ სიაში არ იყო, რადგან ამ დროს მოლოტოვი უკვე შერისხული ჰყავდა სტალინს. საბჭოთა გაზეთებში გარკვეული დროით მის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებაც კი შეწყდა.
საბჭოთა დაზვერვის ოფიცერი და შინსახკომის გენერალი ალექსანდრ ორლოვი, თავის წიგნში „სტალინის დანაშაულების საიდუმლო ისტორია“ მოლოტოვის შერისხვის მიზეზთან დაკავშირებით წერს:
„შინსახკომში ინტენსიურად ვრცელდებოდა ჭორები, რომ სტალინი განარისხა მოლოტოვის თხოვნამ, არ გამართულიყო ძველი ბოლშევიკების სამარცხვინო სასამართლო პროცესი. ამის გამო შინსახკომის ხელმძღვანელობა დღე-დღეზე ელოდებოდა მოლოტოვის დაპატიმრების ბრძანებას“.
სასამართლო პროცესი და კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წერილი (ტროცკისტების ტერორისტული საქმიანობის შესახებ), რეგიონებმა მოქმედებაზე გადასვლის პირდაპირ ბრძანებად აღიქვეს. ნოვოსიბირსკში, 1936 წლის 17 აპრილს, დააპატიმრეს გამოჩენილი ტროცკისტი ნიკოლაი მურალოვი, რომელსაც ტრესტ კუზბასმშენის მომარაგების განყოფილების უფროსის თანამდებობა ეკავა. მურალოვი აიძულეს ხელი მოეწერა შეთითხნილ ჩვენებაზე, მაგრამ საქმეში ჩაერია შინსახკომის დასავლეთ ციმბირის განყოფილების უფროსი, ვასილი კარუცკი, რომელმაც თავისი თანამშრომლები მტკიცებულებების გაყალბებაში დაადანაშაულა.
ვასილი კარუცკის მიდგომამ უკიდურესად გააღიზიანა მოსკოვი, რის გამოც მის ნაცვლად მხარის მთავარი ჩეკისტის თანამდებობაზე მალევე დაინიშნა საიმედო კადრი, მაიორი ვლადიმირ კურსკი, რომელიც შინაგან საქმეთა კომისრის, ნიკოლაი ეჟოვის ახლო გარემოცვის წევრი იყო. კურსკიმ მოითხოვა, რაც შეიძლება მალე გამოევლინათ ტროცკისტების დიდი დანაშაულებრივი ორგანიზაცია მურალოვის მეთაურობით.
„მურალოვის წარსული იდეალურად ერგებოდა „ხალხის მტრისა“ და „ტერორისტის“ სახეს: ერთ დროს იგი მონაწილეობდა ბუტირკის ციხიდან პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და საპროტესტო აქციებში. ერთი სიტყვით, ძნელი იყო ამ როლისთვის უკეთესი კანდიდატის პოვნა“, - ეუბნება რადიო თავისუფლების პროექტ Sibir.Realii-ს თანამშრომელს ისტორიკოსი დმიტრი ნესტერენკო.
დაიწყო ხმაურიანი დაპატიმრებები: პასუხისგებაში მისცეს მსხვილი საწარმოების, მშენებლობებისა და მაღაროების დირექტორიები, მთავარი ინჟინრები და სხვა პასუხისმგებელი პირები. გამომძიებლები ემზადებოდნენ რეგიონული საჩვენებელი სასამართლო პროცესისთვის, მაგრამ მოულოდნელად ეს სამზადისი შეაფერხა ტრაგედიამ, რომელიც იმ დღეებში მოხდა კემეროვოს მაღარო „ცენტრალნაიაში“) - მეთანის აფეთქების შედეგად დაიღუპა 10 ადამიანი და მძიმედ დაშავდა 14.
„შახტა „ცენტრალნაიაში“ მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ შეცვალა გამოძიების მიმართულება, შეიქმნა უსამართლო პროცესის ახალი სცენარი. დოყლაპიობის, დაუდევრობისა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, ავარიები ხშირად და ფაქტობრივად თითქმის ყველგან ხდებოდა. კუზბასის მაღაროებში, მეთანის აფეთქების შედეგად, ასევე უხარისხო მასალების (მაგალითად, სანგრევი უბნების გასამაგრებლად დამპალი ხის) გამო, 1935-36 წლებში 329 მუშა დაიღუპა. ტომსკის რკინიგზაზე, ლიანდაგის ხარვეზების გამო, ყოველდღიურად 10-მდე მატარებელი გადადიოდა ხაზიდან. ასეთი ვითარება იყო ყველა სამრეწველო ობიექტში. შინსახკომმა გადაწყვიტა, ეს უბედური შემთხვევები და ავარიები წარმოეჩინა ტროცკისტთა ტერორისტული საქმიანობის ნიმუშებად“, - ამბობს დმიტრი ნესტერენკო.
ინჟინრებსა და ქვანახშირის მრეწველობის ტექნიკურ მუშაკებს (ჯამში, ცხრა ადამიანს) ბრალი დასდეს კონტრრევოლუციური ორგანიზაციის წევრობაში, რომ თითქოსდა ისინი ეწეოდნენ ძირგამომთხრელ და დივერსიულ საქმიანობას და, რომ დაკავშირებული იყვნენ გერმანიის დაზვერვის სამსახურთან, თითქოს მათ შეგნებულად მოაწყვეს მეთანის აფეთქება მაღაროში და ა.შ. ყველა მათგანს მიესაჯა დახვრეტა, მაგრამ მოგვიანებით სამი შეიწყალეს (მიუსაჯეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა).
სასამართლო პროცესის ორგანიზატორებმა ერთდროულად გადაჭრეს მათ წინაშე დასმული სამი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ამოცანა:
- I დაადასტურეს სტალინის მიერ გავრცელებული მითი ქვეყანაში ფართოდ განტოტვილი საიდუმლო ტროცკისტური ორგანიზაციის არსებობის შესახებ, რომელიც საბჭოთა მოქალაქეების გადაბირებას ცდილობდა
- II საბჭოთა მოქალაქეებს პირველად აჩვენეს ტროცკისტები, როგორც მტრულად განწყობილი, უცხოური დაზვერვის სამსახურში მყოფი და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანები
- III მთელმა ქვეყანამ პირველად მოისმინა თვითონ ტროცკისტების აღიარება, რომ იდეოლოგიური მოძრაობიდან საბოლოოდ ისინი გადაიქცნენ ტერორისტულ ორგანიზაციად, რომელსაც შეუძლია დახოცოს მუშები და ინჟინრები იმისთვის, რათა ძირი გამოუთხაროს ქვეყნის ტექნიკურ სიძლიერეს
ამის შესახებ წერს ისტორიკოსი სერგეი პაპკოვი თავის წიგნში „სტალინის ტერორი ციმბირში. 1928–1941 წლები“: „კემეროვოს სასამართლო პროცესის შედეგად მიღებული მორალური, პოლიტიკური და ფსიქოლოგიური შედეგი, საერთო ჯამში, ქმნიდა ნოყიერ ნიადაგს პარტიის მტრების წინააღმდეგ ფართო ოპერაციის დაწყებისთვის საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში“.
"მოპარული დინამიტით ხოცავს ბავშვებს"
საქმისათვის მეტი სანდოობის მისაცემად და დანაშაულებრივი ქმედებების კონკრეტული ფაქტებით გამყარების მიზნით, გამოყენებული იქნა მრეწველობასა და ტრანსპორტში მომხდარი ცალკეული ავარიები და უბედური შემთხვევები, რომლებიც შეგნებულად იქნა კლასიფიცირებული დივერსიებად და ტერორისტულ აქტებად.
„საბრალდებო დასკვნის ყველა ვერსია პირადად სტალინს ეგზავნებოდა და ბელადის ხელში განიცდიდა მნიშვნელოვან ცვლილებას“, - ამბობს ისტორიკოსი პიოტრ კოშელი თავის წიგნში „რუსეთის სისხლის სამართლის ძებნის ისტორია“.
კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს 1936 წლის 29 სექტემბრის დადგენილება ტროცკისტებს განიხილავდა უცხოური დაზვერვის ოფიცრებად, ჯაშუშებად, დივერსანტებად და მავნებლებად. ამიტომ ტროცკისტების ბრალდებებს ეს მუხლებიც დაემატა.
თუმცა ტროსკისტული ორგანიზაციის მუშაობის მასშტაბურობისათვის საჭირო იყო პარტიისა და ქვეყნის ხელმძღვანელ პირებზე თავდასხმის კონკრეტული ფაქტები. სწორედ ამ დროს გაახსენდათ საგზაო ინციდენტი მოლოტოვის მონაწილეობით, როცა ავტომობილი, რომელსაც ვიაჩესლავ არნოლდი მართავდა, ორი წლის წინ თითქმის (მარჯვენა ბორბლებით) ჩავარდა თხრილში.
„მოულოდნელად შევიტყვეთ, რომ ტროცკისტებმა, ნუ იტყვით და, მოაწყვეს მოლოტოვის მკვლელობის მცდელობა, - წერდა გერმანიაში გამომავალი „ოპოზიციის ბიულეტენი“, - როგორც იქნა, მოლოტოვსაც ერგო დიდი პატივი: მიიღო საკუთარი მკვლელობის მცდელობა. როგორც ცნობილია, ზინოვიევის სასამართლო პროცესის დროს, მას გვერდი აუარეს. მოლოტოვი ვერ მოხვდა იმ ლიდერთა სიაში, რომელთა მკვლელობასაც "ტერორისტები" ამზადებდნენ. ახლა კი მოლოტოვი რეაბილიტირებულია: თურმე ტროცკისტები მასაც უპირებდნენ მოკვლას“.
როგორც საარქივო მასალებიდან ირკვევა, „მოლოტოვზე თავდასხმის" ისტორია ასეთია: მოსკოვში მცხოვრებმა პიატაკოვმა მოლოტოვის მკვლელობა დაავალა მოსკოვშივე მყოფ, მაგრამ ციმბირელ შესტოვს, აქაოდა, თუ მოლოტოვი შემთხვევით ჩამოვა ციმბირში, თავს დაესხიო. თუმცა შესტოვი თავის მხრივ მკვლელობის ორგანიზებას ანდობს ვიღაც ჩერეპუხინს (პეტრ ჩერეპუხინი - კუზბასნახშირის ტრასტის პროკოპიევსკის სამთო განყოფილების ხელმძღვანელი), რომლის სახელიც არაერთხელ არის ნახსენები სასამართლო პროცესზე და, რომელმაც როგორღაც თავი დააღწია მართლმსაჯულებას (ყოველ შემთხვევაში, არ მოხვდა განსასჯელთა სკამზე).
უშუალოდ მკვლელობა მძღოლს, ბრალდებულ არნოლდს უნდა შეესრულებინა, რისთვისაც ის შეიარაღდა არა რევოლვერით, როგორც ამას ჩვეულებრივ მკვლელები აკეთებენ ხოლმე, არამედ... ავტომობილით: „მძღოლმა არნოლდმა მანქანა მოლოტოვთან ერთად უფსკრულში უნდა გადაჩეხოს და თავის მსხვერპლთან ერთად დაიღუპოს“. მკვლელობის ეს მეთოდი არ არის მოკლებული რომანტიკას, მაგრამ არავინ დავობს იმაზე, რომ რევოლვერის დახმარებით მოქმედება უფრო ადვილი იქნებოდა. საქმის მასალების მიხედვით, „ავტომობილი ამოტრიალდა, მაგრამ არასაკმარისი სიჩქარის გამო მკვლელობის მცდელობა წარმატებით ვერ დასრულდა“, თუმცა ამგვარმა გარემოებამ ხელი არ შეუშალა პროკურორს, ეთქვა, რომ „მხოლოდ ჩეკისტების მაღალმა სიფხიზლემ აღკვეთა მკვლელობის მცდელობაო“. ამასთან, მოლოტოვის საგზაო ინციდენტი 1934 წელს მოხდა, მაგრამ 1936 წლის აგვისტოში, როცა ტროცკისტების პირველი სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, უსაფრთხოების სამსახურმა რატომღაც არ იცოდა, რომ სახკომსაბჭოს თავმჯდომარეს მოკვლა დაუპირეს. მკვლელობის მცდელობას რომ მართლა ჰქონოდა ადგილი, ჩეკისტების ფხიზელი თვალისთვის ეს ამბავი შეუმჩნეველი არ დარჩებოდა. ამიტომ, ეჭვგარეშეა, რომ მოლოტოვის „მკვლელობის მცდელობა“ ზინოვიევის სასამართლო პროცესის შემდგომი პერიოდის გამოგონებაა.
მოლოტოვზე მკვლელობის მცდელობისთვის არნოლდის გვარი შეიტანეს მოსკოვის მეორე სასამართლო პროცესის ბრალდებულთა სიაში. მათთან ერთად სიაში მოხვდნენ: სსრკ მძიმე მრეწველობის სახალხო კომისრის პირველი მოადგილე გეორგი პიატაკოვი; გაზეთ „პრავდის“ ჟურნალისტი და პოლიტიკური მოღვაწე კარლ რადეკი; სსრკ სახალხო კომისართა საბჭოსთან არსებული საავტომობილო გზების და საავტომობილო ტრანსპორტის ცენტრალური ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე ლეონიდ სერებრიაკოვი; სსრკ სატყეო მრეწველობის სახალხო კომისრის პირველი მოადგილე გრიგორი სოკოლნიკოვი; სსრკ მძიმე მრეწველობის სახალხო კომისარიატის ქიმიური მრეწველობის მთავარი განყოფილების უფროსი სტანისლავ რატაიჩაკი და სხვ.
ჯამში, 17 განსასჯელი, რომლებსაც ბრალი დასდეს რკინიგზაზე, ქიმიურ და ქვანახშირის მრეწველობაში მავნებლური და დივერსიული საქმიანობის წარმოებაში, რაც გამოიხატებოდა მავნე და სიცოცხლისათვის საშიში სამუშაო პირობების შექმნაში, ლიანდაგებისა და მოძრავი შემადგენლობების დაზიანებაში, ასევე აფეთქებების, ავარიებისა და სხვა სახის დივერსიების მოწყობაში. გარდა ამისა, განსასჯელთა ნაწილი თითქოსდა ჯაშუშობდა გერმანიისა და იაპონიის სასარგებლოდ.
„ეს იყო პოლიტიკური სპექტაკლი, მაგრამ მსახიობები პერიოდულად იცვლებოდნენ და ეს ყველაფერი თავად სტალინთან თანხმდებოდა. ბუნებრივია, არანაირ მტკიცებულებაზე საუბარი არ ყოფილა. უცხოელმა ჟურნალისტებმა, რომლებიც აშუქებდნენ მოსკოვის მეორე სასამართლო პროცესს, შეამჩნიეს, რომ ბრალდებულები აღიარებდნენ ყველაფერს, საუბრობდნენ საბჭოთა პრესის კლიშეებით. ამასთან, მათი ჩვენებები ხშირად ეწინააღმდეგებოდა ერთმანეთს, თუმცა ამას ყურადღებას არავინ აქცევდა. უკვე 1960-იან წლებში, პროკურორებმა, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობდნენ, აღიარეს, რომ სასამართლო პროცესზე დაკითხვა ფორმალურად ხდებოდა“, - ამბობს დმიტრი ნესტერენკო.
"იმედგაცრუებული ვარ და აქ, ციმბირში ცხოვრებას ვეღარ გავაგრძელებ"
გამომძიებელმა არნოლდს ასეთი არჩევანი შესთავაზა: „ჩვენ გვაქვს საკმარისი მასალა იმისთვის, რომ ჯაშუშობაში დაგადანაშაულოთ, მაგრამ ახლა ბრალი გედებათ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში და სხვა ჩვენება ჩვენ არ გვჭირდება. აირჩიე ვინ გინდა იყო, ჯაშუში თუ ტერორისტი“.
არნოლდმა მეორე ვარიანტი აირჩია და სასამართლო პროცესის მონაწილეებს მოუყვა თავისი ცხოვრების ფანტასტიკური ისტორია: 1894 წელს პეტერბურგში, ეფიმოვ-ივანოვების ოჯახში დაბადებული, ატარებდა ნათლიის, ვასილიევის გვარს, ხოლო 25 წლის ასაკში უკვე მოვლილი ჰქონდა როგორც ევროპის ქვეყნები, ასევე არგენტინა, იაპონია და აშშ. ვალენტინ ვასილიევის გარდა, სხვადასხვა დროს ის ასევე იყო: კარლ რასკი, აიმო კულპენენი და ვალენტინ არნოლდი. სხვადასხვა დროს მუშაობდა ავეჯის ქარხანაში, მერე გემზე, მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში, მსახურობდა შეერთებული შტატების არმიაში...
ისტორიიდან ცნობილია, რომ 1921 წელს კუზბასში ამოქმედდა ავტონომიური ინდუსტრიული კოლონია („კუზბასი“) - საერთო იდეების გარშემო გაერთიანებული უცხოელი მუშებისა და ინჟინრების ტექნიკური დახმარების საზოგადოება, რომელსაც საბჭოთა მთავრობამ მართვაში გადასცა კემეროვოს მაღარო, ქიმიური ქარხანა და 10 ათასი ჰექტარი მიწა. როგორც განსასჯელმა სსრკ გენპროკურორ ანდრეი ვიშინსკის უთხრა სასამართლო პროცესზე, სწორედ ამ კოლონიაში დასახლდა ამერიკიდან 1923 წელს დაბრუნებული ვალენტინ არნოლდი.
სასამართლო პროცესის სტენოგრამა. სსრკ გენერალური პროკურორი ანდრეი ვიშინსკი დაჰკითხავს განსასჯელ არნოლდს.
ვიშინსკი: ე.ი. გადაწყვიტეთ, ტექნიკური დახმარება გაგეწიათ საბჭოთა რუსეთისთვის?
არნოლდი: დიახ.
ვიშინსკი: როგორ გაუწიეთ?
არნოლდი: ჩავედი კემეროვოში.
ვიშინსკი: თქვენ არ იყავით მასონური ლოჟის წევრი?
არნოლდი: ვიყავი.
ვიშინსკი: როგორ მოხვდით მასონურ ლოჟაში?
არნოლდი: ამერიკაში ყოფნისას, განცხადებით მივმართე.
ვიშინსკი: რატომ მასონური ლოჟა და არა სხვა?
არნოლდი: საზოგადოების ზედა ეშელონებში მოხვედრას ვცდილობდი. (სიცილი დარბაზში.)
ვიშინსკი: საბჭოთა რუსეთის ტექნიკური დახმარების საზოგადოებაში შესვლისას უკვე მასონი იყავით? მასონური ლოჟა დაგეხმარათ?
არნოლდი: არა.
ვიშინსკი: და როცა ამ საზოგადოებაში შეხვედით, თქვით, რომ მასონი ხართ?
არნოლდი: არა, საიდუმლოდ ვინახავდი.
ვიშინსკი: პარტიაში როდის შეხვედით, როცა ამერიკიდან დაბრუნდით?
არნოლდი: პარტიაში შევედი 1923 წელს.
ვიშინსკი: და მასონადაც დარჩით?
არნოლდი: დიახ, მაგრამ ამის შესახებ არავისთვის მითქვამს.
როგორც კი საწარმოებმა სტაბილურად დაიწყეს მუშაობა, საბჭოთა ხელისუფლებამ გაწყვიტა ხელშეკრულება ტექნიკური დახმარების საზოგადოებასთან და შექმნა ყველა პირობა იმისთვის, რომ უცხოელები სსრკ-დან გაქცეულიყვნენ. ვალენტინ არნოლდიც ჩამოაშორეს ავტომობილებსა და ავტოფარეხებს. ამის გამო მან წერილი მისწერა როგორც სტალინს, ასევე აშშ-ის კონსულს და მოითხოვა ამერიკაში (სადაც ცოლი და ორი წლის შვილი ჰყავდა) წასვლის ნებართვა.
„მე ამერიკის ქვეშევრდომი ვარ და სსრკ-ში მხოლოდ იმიტომ ჩამოვედი, რომ მუშა ვარ - 11 წლიდან საკუთარი შრომით ვირჩენ თავს - და თანავუგრძნობ მუშათა კლასს. ამერიკაში კვირაში 60-65 დოლარს გამოვიმუშავებდი, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც ჩამოვედი პირველ პროლეტარულ ქვეყანაში, თუმცა არა იმისთვის, რომ მეტი ფული ვიშოვო, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ მიყვარს და თანავუგრძნობ პროლეტარულ ქვეყანას, მაგრამ ამჟამად, როცა ვხედავ, რომ ყველა პირობა დაირღვა უცხოელი თანამშრომლების მიმართ, იმედგაცრუებული ვარ და არ მსურს ცხოვრების აქ, ციმბირში გაგრძელება. ამიტომ გთხოვთ დახმარებას: ნუ მაიძულებთ ჩემი ნების საწინააღმდეგოდ მუშაობას“.
წერილმა შედეგი გამოიღო. ვალენტინ არნოლდს საშუალება მიეცა კვლავ ემუშავა თავისი სპეციალობით ავტოფარეხის ხელმძღვანელად.
სასამართლო პროცესის სტენოგრამა:
ვიშინსკი: როდის დაუკავშირდით ტროცკისტებს?
არნოლდი: 1932 წელს.
ვიშინსკი: კერძოდ ვის?
არნოლდი: შესტოვს. ...პირველი ტერაქტი მოვაწყვეთ 1934 წლის გაზაფხულზე, ორჯონიკიძის წინააღმდეგ, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ ჩერეპუხინმა კონკრეტულად მითხრა: „ხვალ მოდის ორჯონიკიძე, შენ მოგიწევს ტერორისტული აქტის განხორციელება, ყველაფრის მიუხედავად“. მე, როგორც ავტოფარეხის უფროსი, როგორც პარტიის წევრი, ხელმძღვანელების ნდობით ვსარგებლობდი. ავტომობილი მატარებელთან მივაყენე. ჩასხდნენ ორჯონიკიძე, ეიხე და რუხიმოვიჩი. ჩერეპუხინმა გამაფრთხილა, რომ გზაზე ყველაფერი მზად იყო ტერაქტისთვის: „გზაზე შეგხვდება დაბრკოლება, სწორედ ამ დაბრკოლებით უნდა მოაწყო ავტოავარია“. გზად განვავითარე საკმაოდ დიდი სიჩქარე, 70-80 კილომეტრი საათში. დაახლოებით 1,5 კმ-ის მანძილზე დავინახე დაბრკოლება. გავიფიქრე, რომ ეს იყო ზუსტად ის ადგილი, სადაც ავარია უნდა გამეკეთებინა. არ ვიცოდი რა ადგილი იყო, არ ვიცოდი რა დამემართებოდა... ამიტომ შევანელე, სწრაფად გავჩერდი და შემდეგ ხიდზე მარცხნივ გადავუხვიე, მაშინ როცა პირდაპირ უნდა წავსულიყავი. ვერ შევძელი.
ვიშინსკი: ვერ შეძელით, ვერ გაბედეთ? კიდევ კარგი. და მეორე შემთხვევა?
არნოლდი: დილით ჩემს კაბინეტში შემოვიდა ჩერეპუხინი და მითხრა: „დღეს მოლოტოვი იქნება, ყურადღებით იყავი, ამჯერად მაინც ივარგე“... კარგად ვიცნობდი ადგილს, სადაც ავარია უნდა გამეკეთებინა. იქ არის მოსახვევი, ამ მოსახვევთან არის არა თხრილი, როგორც ამას შესტოვი ამბობს, არამედ ის, რასაც ჩვენ ვეძახით გზისპირა ფერდობს, რომლის სიღრმე 8-10 მეტრია და, რომელიც 90°-იანი კუთხით ეშვება. მანქანაში ჩავისვი მოლოტოვი, რაიონული პარტიული კომიტეტის მდივანი კურგანოვი და სამხარეო აღმასკომის თავმჯდომარე გრიადინსკი... მითხრეს, კომსომოლსკაიას ქუჩით მუშათა სოფელში წავსულიყავი. წავედი. როცა შერჩეულ ადგილს მივუახლოვდი, დავინახე, რომ შემხვედრი მიმართულებიდან მანქანა მოფრინავდა. ფიქრის დრო არ მქონდა, ტერორისტული აქტი უნდა მომეხდინა, მაგრამ მალევე დავინახე, რომ ჩემკენ მეორე მანქანაც მიფრინავდა. მაშინ მივხვდი, რომ ჩერეპუხინი არ მენდო და მეორე მანქანა გამოაგზავნა. შემეშინდა. რაღაცნაირად მოვახერხე გვერდის აქცევა და თხრილში გადასვლა (ანტისაბჭოთა ტროცკისტური ცენტრის სასამართლო პროცესის სტენოგრამიდან, 1937 წლის 26 იანვრის საღამოს სხდომა).
„ძნელი სათქმელია, ამ მონათხრობიდან რა არის სიმართლე და რა გამონაგონი. ცხადია, რომ მოლოტოვზე მკვლელობის მცდელობა სხვა არაფერია, თუ არა გამოგონილი დანაშაულის საკუთარ თავზე აღება. საკითხავი მხოლოდ ის არის, ეს ჩვენებები წამებით იქნა მოპოვებული თუ მორიგი დავალების შესრულება იყო. კგბ-ს 1956 წლის დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ არნოლდი კავშირში იყო შინსახკომის პროკოპიევსკის განყოფილების ხელმძღვანელთან, ივან ოვჩინიკოვთან. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ 1926 წლის მაისიდან 1927 წლის დეკემბრამდე ავტონომიური ინდუსტრიული კოლონიის „კუზბასის“ საქმეთა მმართველი იყო არალეგალური ემიგრანტი იაკოვ გოლოსი - საბჭოთა საგარეო დაზვერვის ლეგენდა, რომელიც სტალინის უშუალო მითითებით იმყოფებოდა კუზბასში. კიდევ ერთი დეტალი: ერთი ხანი გოლოსიც და არნოლდიც ცხოვრობდნენ კალიფორნიაში და იყვნენ აშშ-ის კომუნისტური პარტიის წევრები. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: „მოსკოვის მეორე სასამართლო პროცესზე“ ბრალდებულთა უმეტესობას არ ჰყავდა ადვოკატები, არნოლდს კი, მათგან განსხვავებით, ჰყავდა“, - ამბობს დმიტრი ნესტერენკო.
„სასამართლო პროცესი სტალინის პირადი მითითებებითა და კონტროლით“
საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პარტიული კონტროლის კომისიის ცნობის მიხედვით, მოსკოვის მეორე სასამართლო პროცესის ბრალდებულთა სია განისაზღვრა უშალოდ სასამართლო პროცესის დაწყების წინ. არსებობდა საბრალდებო დასკვნის სამი ვერსია. პირველ სასამართლო პროცესზე 16 ადამიანი გაასამართლეს, მათ შორის: სემიონ ჩლენოვი, სსრკ საგარეო ვაჭრობის სახალხო კომისრის მთავარი იურიდიული მრჩეველი, მაგრამ დარბაზში არ იყვნენ სსრკ-ს რკინიგზის სახალხო კომისრის მოადგილე, იაკოვ ლივშიცი და სვერდლოვსკის რკინიგზის უფროსის მოადგილე, იოსიფ ტუროკი, რომლებიც ბოლოს მაინც აღმოჩნდნენ განსასჯელთა სკამზე. ლივშიცი მეორე საბრალდებო დასკვნაში გამოჩნდა, ტუროკი - მხოლოდ მესამეში (ბოლოში), სადაც რატომღაც ჩლენოვის ადგილი არ მოიძებნა.
საბჭოთა კავშირის გენერალური პროკურორის ანდრეი ვიშინსკის პირად არქივში იპოვეს ჩანაწერი, რომელიც მან გააკეთა სტალინთან საუბრის დროს მოსკოვის მეორე სასამართლო პროცესის მომზადებისას. ჩანაწერიდან ჩანს, რომ სტალინი ვიშინსკის აძლევს მითითებას: „არავის მისცეთ უფლება, ავარიებზე ბევრი ილაპარაკოს. დაუცაცხანეთ“. ასევე შემონახულია ვიშინსკის საბრალდებო სიტყვის გეგმა სტალინის შესწორებებითა და დამატებებით. მაგალითად, ბრალდებაში სტალინის დამატებულია ფრაზები: „შპიონურ-დივერსიული და ტერორისტული საქმიანობა“, „სსრკ-ს სამხედრო ძლევამოსილებისათვის ძირის გამოთხრა“ და სხვ.
„პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის სტალინისთვის არ იყო საკმარისი ჩვენებების უბრალო გაყალბება. მისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ საბჭოთა ხალხსა და მსოფლიო საზოგადოებას დაეჯერებინათ, რომ ბრალდებულები მართლა ჯაშუშები, ტერორისტები და მკვლელები იყვნენ. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ღია სასამართლო პროცესი, რომელშიც ბრალდებულებს უნდა ეღიარებინათ ყველაზე ამაზრზენი დანაშაული პარტიისა და ქვეყნის წინააღმდეგ“, - წერს ისტორიკოსი პიოტრ კოშელი თავის წიგნში „რუსეთის გამოძიების ისტორია“.
სასამართლო პროცესის შედეგად დახვრიტეს 13 ადამიანი. რადეკს, სოკოლნიკოვსა და არნოლდს მიესაჯათ 10 წლით, ხოლო სტროილოვს - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. უკვე ციხეში ყოფნისას არნოლდი ამტკიცებდა, რომ სასამართლო პროცესი იყო პოლიტიკური კომედია და, რომ მოლოტოვის მკვლელობის არანაირ მცდელობაში მას მონაწილეობა არ მიუღია და ზოგადად მთელი ეს საქმე „საპნის ბუშტი“ იყო.
ვინც სიკვდილით დასჯას გადაურჩა, მალევე მიჰყვნენ დახვრეტილებს. 1939 წლის მაისში რადეკი და სოკოლნიკოვი სსრკ შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის, ლავრენტი ბერიას და მისი მოადგილის, ბოგდან ქობულოვის ბრძანებით დახვრიტეს ჩელიაბინსკის ოლქის ვერხნეურალსკის პოლიტიკურ იზოლატორში.
სტროილოვი და არნოლდი 1941 წლის სექტემბერს დახვრიტეს ორიოლის ციხეში. გერმანელების მიერ ორიოლის აღებამდე ერთი თვით ადრე ციხის ხელმძღვანელობამ მიიღო ბრძანება 170 პატიმრის ლიკვიდაციის შესახებ.
ისტორიკოსების თქმით, დახვრეტის წინ ჩეკისტების სპეციალურმა ჯგუფმა მედვედევსკის ტყეში ფესვებიანად ამოთხარა ხეები. განაჩენის აღსრულებისა და გვამების დაფვლის შემდეგ ხეები თავის ადგილზე დააბრუნეს. ერთი თვის განმავლობაში ციხის თანამშრომლები ხშირად გადიოდნენ სიკვდილით დასჯის ადგილზე (თითქოს სოკოს მოსაძებნად), რათა შეემოწმებინათ „სამარხის მდგომარეობა“.
„სტალინის გეგმა მდგომარეობდა იმაში, რომ კიროვის მკვლელობის გარემოებათა გამოძიება მიემართა ზინოვიელთა „მასშტაბური იატაკქვეშა ტერორისტული ორგანიზაციის“ არსებობის დამტკიცებისკენ, რომ თითქოსდა მისი წევრები ამზადებდნენ ქვეყნის ლიდერებზე თავდასხმებს. ერთიმეორის მიყოლებით ტროცკისტული ჯგუფების განადგურებით, სტალინი უახლოვდებოდა თავის მთავარ პოლიტიკურ მიზანს - ოპოზიციის ლიდერების განადგურებას სამარცხვინო და დამამცირებელი აღიარებებისა და მონანიების პროცედურებით“, - წერს სერგეი პაპკოვი თავის წიგნში „სტალინის ტერორი ციმბირში. 1928–1941 წლები“.
1961 წლის ოქტომბერში კომუნისტური პარტიის XXII ყრილობაზე ნიკოლაი შვერნიკმა ავტომობილთან დაკავშირებული ინციდენტი გაიხსენა, როგორც „მოლოტოვის უკიდურესი ცინიზმის“ მაგალითი:
„ეს ეპიზოდი საფუძვლად დაედო მოლოტოვის მკვლელობის მცდელობის ვერსიას, რომლის გამოც უდანაშაულო ადამიანები გაასამართლეს. ვინ, თუ არა მოლოტოვმა, იცოდა, რომ სინამდვილეში არანაირი მკვლელობის მცდელობა არ ყოფილა, მაგრამ მას სიტყვაც კი არ დაუძრავს უდანაშაულო ადამიანების დასაცავად“.
რადიო თავისუფლება არ ამხელს ამ პუბლიკაციის ავტორის ვინაობას რუსეთში არასასურველი ორგანიზაციების შესახებ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დევნის საფრთხის გამო.
ფორუმი