Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნული იდენტურობის საკითხი


ახალი ხელისუფლების მიმართ აკადემიური წრეებისა და ინტელიგენციის ყველაზე მძიმე ბრალდება “ეროვნული იდენტურობის მოშლის” მცდელობაა.

თუმცა ამ თემაზე საჯარო საუბარს ჯერჯერობით ყველა ერიდება. სამაგიეროდ, უბრალო ადამიანები ასევე უბრალოდ ამბობენ, რომ მთელი ხელისუფლება “სოროსის ბიჭებითა” და “იეღოველებით” არის დაკომპლექტებული. რა ქმნის ეროვნულ იდენტურობას და მისი მოშლის საფრთხეს?

როგორც ჩანს, პრობლემებში ჩაძირულ ხელისუფლებას ნაკლებად აწუხებს ის გარემოება, რომ საქართველოს მოსახლეობის ნაწილი ეჭვქვეშ აყენებს ხელისუფლების ცალკეული წევრების კუთვნილებას ტრადიციული ქართული კულტურისადმი. მაგალითად, განათლების მინისტრი ამბობს, რომ ნებისმიერი ადამიანის რელიგიური მრწამსი მისი პირადი საქმეა; ამიტომაც არ გასცემს პასუხს კითხვაზე - არის თუ არა თავად მართლმადიდებელი ქრისტიანი. ასეთი პოზიცია ყოველმხრივ კორექტულია, მაგრამ წამგებიანია პოლიტიკური თვალსაზრისით. რადგან სწორედ ასეთ ადამიანებს პირველივე საგაზეთო ინტერვიუს შემდეგ იოლად ჩაწერენ ხოლმე “იეღოველების” შავ სიაში. ამ სიაში, დიდი ხანია, მყარად აქვთ ადგილი დამკვიდრებული თავისუფლების ინსტიტუტის ყოფილ და აწ უკვე ხელისუფლების წევრებს. შესაბამისად, მოსახლეობის ის ფენა, რომელიც მიდრეკილია მოვლენების პრიმიტიული აღქმისკენ, ადვილად იჯერებს, რომ ხელისუფლება სხვაა, ხალხი კი სხვა, რადგან “ისინი” იეღოველები არიან, “ესენი” - მამაპაპურ ტრადიციებზე აღზრდილი მართლმადიდებელი ქრისტიანები.

რაც შეეხება ჯორჯ სოროსს, ხელისუფლების ოპონენტები მას “ვარდების რევოლუციის” მთავარ პერსონაჟად განიხილავენ და დღევანდელ მინისტრებსაც მის მარიონეტებად მიიჩნევენ. ერთი მხრივ, რამდენიმე მინისტრი ხელისუფლებაში სოროსის ფონდიდან მოხვდა; მეორე მხრივ, თანამდებობის პირებს, საქართველოს ბიუჯეტთან ერთად, სოროსის ფონდიც აფინანსებს. შესაბამისად, ადამიანები, რომლებიც არ არიან მიდრეკილნი მოვლენების კომპლექსური აღქმისა და იმის გააზრებისკენ, თუ რატომ და საიდან უნდა ჰქონდეს ქართველ მინისტრს მაღალი ხელფასი, უპრობლემოდ იჯერებენ, რომ “მთავრობა სოროსისაა”.

ასეა თუ ისე, საქართველოს მოსახლეობის ერთი ნაწილისთვის - და არავინ იცის, რამდენი ადამიანისგან შედგება ეს “ნაწილი” - დღევანდელ ხელისუფლებას ეროვნული ფესვები მოკვეთილი აქვს.

თუკი სადმე ჩასაფრებულები არიან რევანშისტები, ცხადია, მათთვის მისწრებაა, მოსახლეობას დღითი დღე უღრმავდებოდეს ეჭვი, რომ მთავრობაში სხვანაირი ქართველები არიან, ვიდრე დანარჩენ საქართველოში. თავად ხელისუფლების წევრები კმაყოფილები არიან იმით, რომ მათ მიმართ ნაკლებად ისმის კორუფციული ბრალდებები. ამ ფონზე, ბევრი მაღალჩინოსანი მნიშვნელობასაც აღარ ანიჭებს, მაგალითად, მთელ საქართველოში მოარულ ხმებს, რომ მალე პარლამენტში შეიტანენ კანონს, რომელიც ქართველებს ნებას დართავს, იქორწინონ საკუთარ ნათესავებზე: ბიძაშვილზე, დეიდაშვილზე, მამიდაშვილზე.

ეს ხმები, რომლებიც, სინამდვილეში, სრულიად უსაფუძვლოა, რიგით ადამიანებს კიდევ მეტად უღვივებს ეჭვს, რომ “იეღოველებითა და სოროსელებით დაკომპლექტებული ხელისუფლება” ყველაზე წმინდა ტრადიციების მოშლას გეგმავს.

აშკარაა, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერ გრძნობს, აქვს თუ არა დღევანდელ ხელისუფლებას ეროვნული იდენტურობის განცდა; აქვს თუ არა ეროვნული მეხსიერება - საკუთარი თავის ხედვა ქართველების მრავალსაუკუნოვან ისტორიასა და ლიტერატურაში. ამგვარ ეჭვს, ალბათ, ობიექტურად აძლიერებს ის ფაქტიც, რომ ხელისუფლებაში დიდად ფასობენ ადამიანები, რომლებსაც თავიანთი ახალგაზრდული ცხოვრების გარკვეული ნაწილი უცხოეთში გაუტარებიათ და, შესაძლოა, იქაური კულტურა უკეთ შეუთვისებიათ, ვიდრე საკუთარი.

ამ ზოგად ფონზე, ალბათ, ძალიან ფრთხილად არის გადასადგმელი ყველა ნაბიჯი, რომელიც ეთნოკულტურულ ღირებულებებს, ეროვნულ იდენტურობას და ეროვნულ მეხსიერებას უკავშირდება. ეს განსაკუთრებით ეხება განათლების სამინისტროს, რომელიც მომავლის სტრატეგიას ქმნის. როგორც მეტად, ისე ნაკლებად სწავლულ ფენებში - ფაქტობრივად, ყველაგან - არსებობს გაუცხოების მუხტი, რომელსაც ხელისუფლება საერთოდ არ ანიჭებს მნიშვნელობას; არადა, ეს მუხტი, შესაძლოა, განათლების რეფორმის მუხრუჭად გადაიქცეს. სკოლებში საათების გაზრდა თუ შემცირება, საგნების მოხსნა თუ დამატება, მასწავლებლების თუ მოსწავლეების უფლებები, პროგრამები, სახელმძღვანელოები, მეცნიერების პრობლემები - ამ საკითხთაგან თითოეულის განხილვას მუდმივად თან სდევს ეჭვი გლობალიზაციის ამოცანებისა და ხელისუფლების ჭეშმარიტი მიზნების შესახებ. თავად ხელისუფლება საზოგადოების ეჭვებს სრული გულგრილობით და ხისტი გადაწყვეტილებებით უპასუხებს, რაც კიდევ მეტ გაღიზიანებას იწვევს. არ არის გამორიცხული, რომ ეროვნული იდენტურობის საკითხი აღმოჩნდეს საჯილდაო ქვა, დადებული მომავლისკენ სავალ გზაზე.
XS
SM
MD
LG