Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა პროცესების განვითარებას ელიან დეპუტატები პარლამენტში


საქართველოს პარლამენტში მალე საშემოდგომო სესია გაიხსნება. ამ სესიის განმავლობაში უმრავლესობა გეგმავს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელებას,

ოპოზიციურად განწყობილი დეპუტაცია კი -ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე სერიოზული დებატების გაშლას. ამას გარდა, არ არის გამორიცხული, საქართველოს პარლამენტში რამდენიმე ოპოზიციური ფრაქცია გაფორმდეს. ასეთი მიზანი აქვთ რესპუბლიკელებს, ცალკე კიდევ - კობა დავითაშვილისა და ზვიად ძიძიგურის დაჯგუფებას. რა პროცესები შეიძლება განვითარდეს პარლამენტში საშემოდგომო სესიის გახსნის შემდეგ?

რა პროცესები შეიძლება განვითარდეს პარლამენტში, რამდენად არის იქ მოსალოდნელი სუსტი ოპოზიციური ფლანგის გაძლიერება საკონსტიტუციო უმრავლესობის დაშლის ხარჯზე? ამაზე უმრავლესობის ლიდერებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ. უმრავლესობის ლიდერები არ ელიან იმას, რომ რესპუბლიკელებსა და ეროვნულ ძალთა გაერთიანების წარმომადგენლებს მიმდევრები გამოუჩნდებიან და რომ უმრავლესობის შიგნით ახლო მომავალში სერიოზული რყევები დაიწყება. რესპუბლიკელების და ზვიად ძიძიგურის ფრთის დემარშს უმრავლესობიდან ისინი ელოდნენ, გამომდინარე იქიდან, რომ უმრავლესობაში ეს ძალები სხვა პარტიებს წარმოადგენდნენ. რადგან სახელისუფლებო პარტიის დასაყრდენ დიდ უმრავლესობაში სხვა პარტია აღარ დარჩა, მიიჩნევა, რომ უმრავლესობის რიგებიდან დეპუტატთა ჯგუფების დემარში აღარ უნდა განმეორდეს.
თავისთავად განსხვავებული მოლოდინი აქვთ ოპოზიციაში. იქ ფიქრობენ, რომ რევოლუციის შემდგომმა ეიფორიამ, ისევე როგორც საზოგადოებაში, პარლამენტშიც გაიარა და რომ უმრავლესობის ის წევრები, რომლებიც ლიდერებს ბევრ რამეში არ ეთანხმებიან, ოღონდ ჩუმად, ადრე თუ გვიან, საკუთარ პოზიციას სააშკარაოზე გამოიტანენ. დეპუტატები, რომლებმაც ეს უკვე გააკეთეს, პარლამენტში თანამოაზრეების დეფიციტს არ უჩივიან, თუმცა მათ ფრაქციის ჩამოყალიბება უძნელდებათ. დეპუტატი კახა კუკავა ამბობს, რომ კობა დავითაშვილისა და ზვიად ძიძიგურის მხრიდან ფრაქციის შექმნის ინიციატივას დეპუტატთა საკმაო რაოდენობა იზიარებს, თუმცა მათზე სერიოზული ზეწოლა ხორციელდება:

[კახა კუკავას ხმა] “რამდენადაც მე ვიცი, პრეზიდენტი პირადად ხვდება ფრაქციის წევრობის კანდიდატებს, ზოგს კაბინეტებს ჰპირდებიან, ზოგს საზღვარგარეთის დელეგაციებში შეყვანას სთავაზობენ და ვისთანაც ეს არ გამოვა, მათ წინააღმდეგ იწყება მუქარა და შანტაჟი. “

აღნიშნულის მიუხედავად, კახა კუკავა არ კარგავს იმედს, რომ ის და მისი თანამოზრეები შეძლებენ ფრაქციის გაფორმებას, თუმცა - ვნახოთ. ზვიად ძიძიგურისა და კობა დავითაშვილის დაჯგუფება, ფრაქციის ფორმირებისთვის მუშაობის პარალელურად, რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივით გამოვა, მათ შორის, პრივატიზაციის პროცესზე დროებითი მორატორიუმის გამოცხადების ინიციატივით. ფრაქციის შექმნის მიზანი რესპუბლიკელებსაც აქვთ და დავით ბერძენიშვილი იმედოვნებს, რომ რესპუბლიკელები ამ მიზნის განხორციელებას საშემოდგომო სესიის განმავლობაში შეძლებენ. რესპუბლიკელთა ლიდერი საშემოდგომო სესიის პირველი რიგის ამოცანად საკონსტიტუციო უმრავლესობის დაშლას მიიჩნევს, თუმცა მას და მის თანამებრძოლებს სხვა ამოცანებიც აქვთ:

[დავით ბერძენიშვილის ხმა] “ამ საშემოდგომო სესიაზე პირველი რიგის ამოცანად მიმაჩნია საკონსტიტუციო უმრავლესობის დაშლა, რადგან ეს უმრავლესობა არ არის სანდო კონსტიტუციის ჭრა-კერვის დროს. კონსტიტუციის ჭრა-კერვა უნდა დასრულდეს. ცხინვალის ოპერაციაზე უნდა გაგვცეს ხელისუფლებამ პასუხი, რადგან ჩვენ ვფიქრობთ, რომ წარუმატებელი იყო ეს ოპერაცია და არც ახალ საგადასახადო კოდექსს მივიჩნევთ ლიბერალურად. “

თავისი პრეტენზიები აქვს “მემარჯვენე ოპოზიციას”. იქ არ ესმით როგორ შეიძლება შეთავსდეს ერთმანეთთან ქვეყნის საომარ რელსებზე გადაყვანა და საგადასახადო კანონმდებლობის ლიბერალიზაცია. მემარჯვენეები აპირებენ საშემოდგომო სესიის გახსნის შემდეგ აღმასრულებელი ხელისუფლებისგან მოითხოვონ პასუხი იმ კითხვებზე, რომლებიც ცხინვალის რეგიონში განხორციელებულ ოპერაციასთან დაკავშირებით გაუჩნდათ. “ჩვენ რევოლუციის შემდგომ თვეებში თავს ვიკავებდით მწვავე გამოსვლებისგან. ვაცლიდით ხელისუფლებას და გვსურდა გაგვეგო, რა სტრატეგიას აირჩევდა. ახლა ყველაფერი ნათელიაო,”- თქვა ჩვენთან საუბრისას ფიქრია ჩიხრაძემ და დასძინა :

[ფიქია ჩიხრაძის ხმა] “ჩვენი ნიშნული ისედაც იყო საშემოდგომო სესიის დასაწყისი, რადგან შემოდგომისთვის გვეცოდინებოდა ხელისუფლება რა გზას ადგას. დღეს ყველაფერი ნათელია - ნათელია, რა გზით მიდის ხელისუფლება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ბევრად უფრო აქტიური ვიქნებით. “

უმრავლესობაში ოპოზიციის ბევრად უფრო გააქტიურების არ სჯერათ და, არის თუ არა ეს მოლოდინი უსაფუძვლო, ფაქტია, რომ უმრავლესობა პარლამენტს აკონტროლებს და გადაწყვეტილებების მიღებაში მას ჯერჯერობით ვერავინ შეუშლის ხელს.
XS
SM
MD
LG