Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტი ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამშვიდობო მისიის საერთაშორისო ძალებით ჩანაცვლებას ითხოვს


ცხინვალის რეგიონში ვითარება დღითი დღე მწვავდება, ორმხრივი სროლის შედეგად დაღუპულებისა და დაჭრილების რიცხვი ყოველდღიურად მატულობს,

კონფლიქტის ზონას ტოვებენ ბავშვები და ქალები და მაინც იმას, რაც ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ხდება, ომს არ არქმევენ. საქართველოს ხელისუფლება ყოველნაირად ცდილობს დიდი შეიარაღებული დაპირისპირება თავიდან აიცილოს, გამოთქვამს მზადყოფნას ოსურ მხარეს ცეცხლის შეწყვეტასა და ძალთა დაშორიშორებაზე მოელაპარაკოს და, პარალელურად, კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო ძალების საერთაშორისო ძალებით ჩანაცვლებისთვის აქტიურად მოქმედებს.

13 აგვისტოს კიდევ ერთი მიზეზი გაჩნდა საიმისოდ, რომ საქართველოს ხელისუფლება ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო მისიის როლზე კიდევ უფრო სერიოზულად დაფიქრდეს. ამ დღეს კონფლიქტის ზონაში ცეცხლი გაუხსნეს ავტომანქანას, რომლითაც პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია გადაადგილდებოდა. ამ სროლის შედეგად, 3 ქართველი დაიჭრა. ცხინვალის რეგიონში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩასვლის შესახებ ინფორმირებული იყო სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელობა, მაგრამ საქართველოს პრემიერის უსაფრთხოებისთვის მას არაფერი გაუკეთებია. 13 აგვისტოს კონფლიქტის ზონაში ესროლეს იმ ავტობუსსაც, რომლითაც საშიშროების ზონიდან ქალები და ბავშვები გამოდიოდნენ. სამშვიდობო ძალებს არც მათი უსაფრთხო გადაადგილებისთვის უზრუნიათ.
პრემიერ-მინისტრის ავტომანქანის მიმართულებით ცეცხლის გახსნის შემდეგ კონფლიქტის ზონაში პარლამენტის თავმჯდომარე უსაფრთხოების ყოველგვარი გარანტიების გარეშე ჩავიდა. მანამდე კი საქართველოს პარლამენტმა ერთხმად მიიღო განცხადება, რომლითაც რუსეთი კონფლიქტში მონაწილე მხარედ აღიარა და ქართულ ოსური კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო მისიის საერთაშორისო სამშვიდობო კონტინგენტით ჩანაცვლება მოითხოვა. დეპუტატებმა კონფლიქტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობო ჯარის გაყვანა კატეგორიულად მოითხოვეს.


[ალექსანდრე შალამბერიძის ხმა] “ რუსეთი არის დათვი. რუსეთი არის კონფლიქტის მონაწილე და არ შეიძლება ის იყოს გადაცმული სამშვიდობო ფარაჯაში. ამიტომ უნდა შეწყდეს სამშვიდობოების მანდატი.”

შეგახსენებთ: წინა პარლამენტმაც მოსთხოვა ყოფილ პრეზიდენტს მიეღწია კონფლიქტის ზონიდან - ოღონდ აფხაზეთიდან - რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანისათვის, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა. პარლამენტის ახალ განცხადებას, რომლითაც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო მისიის ფორმატის შეცვლას და ამ მისიის საერთაშორისო სამშვიდობო ძალებით ჩანაცვლებას ითხოვს, პრეზიდენტი იმით გამოეხმაურა, რომ თქვა, რუსეთის ეგრეთ წოდებულ სამშვიდობო მანევრებს საქართველოში კარგად ვიცნობ და არ ვაპირებ ამ მანევრებით თავი მოვიტყუოო. ამაზე მეტი ჯერჯერობით არ თქმულა. ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა ცხინვალის რეგიონში შექმილ ვითარებას უაღრესად რთული უწოდა და აღნიშნა, რომ ამ რთულ ვითარებაში აუცილებელია ცივი გონებით მოქმედება. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება საომარ გამოწვევებს არ აჰყვება, სამშვიდობო კურსს გააგრძელებს, მაგრამ, იმავდროულად, გაბედულად იმოქმედებს:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] “ჩვენ მზად ვართ ვილაპარაკოთ ცეცხლის შეწყვეტაზე, მზად ვართ ხელი მოვაწეროთ დაშორიშორების რეალისტურ პირობებს, მაგრამ თუ ვინმეს ჰგონია, რომ წვრილმანი შეტევებით მიაღწევს მიზანს და ქართლში აღარ დარჩება ქართული მოსახლეობა, მან უნდა იცოდეს, რომ ამას არც ერთი ქართველი და, პირველ რიგში, პრეზიდენტი არ დაუშვებს. “

საქართველო მეგობარ და პარტნიორ სახელმწიფოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს ადეკვატური შეფასება მისცენ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პოცესებს და მხარი დაუჭირონ საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეულ მშვიდობიან გზას . ამ მოწოდებით საქართველოს მეგობარ სახელმწიფოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმართა.
XS
SM
MD
LG