Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოდან 1990-92 წლებში გახიზნული ოსების უკან დაბრუნება ამ კვირაში დაიწყება


საქართველოდან 1990-92 წლებში გახიზნული ოსების უკან დაბრუნების პროცესი ამ კვირაში დაიწყება. წლების წინ საქართველოდან ჩრდილოეთ ოსეთში გადასული 5 ოჯახის

უკან დასაბრუნებლად საცხოვრებელი პირობები უკვე გამზადებულია. საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის გივი თარგამაძის განცხადებით, ამ 5 ოჯახს მოჰყვება 25 ოჯახი და ასე გაგრძელდება. საქართველოს ხელისუფლება გამოთქვამს მზადყოფნას ვლადიკავკასსა და მის შემოგარენში მცხოვრები საქართველოდან ლტოლვილი ოსები ადრინდელ საცხოვრებელ ადგილებში დააბრუნოს. ეს მზადყოფნა არის მიმართული ქართველებისა და ოსების მშვიდობიანი თანაცხოვრებისაკენ, თუმცა ომის საშიშროება ისევ არსებობს.


საქართველოს მხარე სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებას ადანაშაულებს ცხინვალის რეგიონში ახალი პროვოკაციის, კერძოდ, ოს სეპარატისტთა ლიდერ ედუარდ კოკოითზე თავდასხმის იმიტაციის, დაგეგმვაში, რასაც ქართულ სოფლებზე მასირებული შეტევა უნდა მოჰყვეს. ამის თაობაზე ორშაბათს განცხადება გააკეთა გივი თარგამაძემ, პარლამენტის თავდაცისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ; მანვე გააფრთხილა ოსური მხარე, რომ ქართულ სოფლებზე შეტევას, რა მოტივითაც უნდა მოხდეს ის, ძალიან მკაცრი პასუხი მოჰყვება. ცხინვალში გივი თარგამაძის ბრალდება უარყვეს, რის გამოც თარგამაძემ ჩვენთან საუბრისას თქვა, რომ, როგორც ჩანს, პროვოკაცია აღკვეთილია. საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ მის მიერ გაკეთებული განცხადება რეალურ გეგმას და რეალურ საფრთხეს ეხებოდა:

[გივი თარგამაძის ხმა] “ჩვენი ინფორმაციით, ეს უნდა მომხდარიყო ამ კვირის განმავლობაში. ზუსტი თარიღი, შესაძლოა, თვითონ ჰქონდათ გადაწყვეტილი. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის არ არის ცნობილი. “

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ: საუბარია ედუარდ კოკოითზე თავდასხმის იმიტაციის გეგმაზე, რასაც ქართულ სოფლებზე შეტევა უნდა მოჰყოლოდა. “მსგავსი ღონისძიების განხორციელება გამორიცხულიაო,”- თქვა სააგენტო “პრაიმ-ნიუსთან” საუბრისას ეგერთ წოდებული სამხრეთ ოსეთის მეთაურის პირადმა წარმომადგენელმა კონფლიქტის მოწესრიგების საკითხებში ვაჟა ხაჭაპურიძემ და იქვე დასძინა: “კონფლიქტის ზონაში ნებისმიერი შეტაკება იქნება წამგებიანი ქართველებისთვისაც და ოსებისთვისაც; ასეთ შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ მესამე მხარე გაიმარჯვებსო”. ასეა თუ ისე, მესამე მხარე კოკოითს და მის გარემოცვას ერთგულ მხარდამჭერად ეგულება. რჩება შთაბეჭდილება, რომ მას უღირს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი იმად, რომ საქართველო ჰყავდეს მოწინააღმდეგის პოზიციაში, თუმცა საქართველოს ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ ეს ასე არ არის:

[გიორგი ბარამიძის ხმა] “ ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ნამდვილად არ უღირს რუსეთს აფხაზეთი და სამაჩაბლო იმად, რომ საქართველო მუდმივად ჰყავდეს მოწინააღმდეგის პოზიციაში. “

ეს განცხადება მოსკოვში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გიორგი ბარამიძემ გააკეთა. საქართველოს ტერიტორიულ პრობლემათა მოგვარების მექანიზმებს უწინდებურად მოსკოვში ეძებენ. ამასობაში კი ქართველებსა და ოსებს შორის ომით ჩატეხილი ხიდის გამთელება შუამავლების გარეშე, ორმხრივი კონტაქტებით იწყება. გივი თარგამაძის თქმით, 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოდან ვლადიკავკაზში გახიზნული ოსები უკან, საქართველოში, დაბრუნების შესახებ მოწოდებას ენთუზიაზმით ეხმაურებიან. მიმდინარე კვირის მანძილზე ადრინდელ საცხოვრებელ ადგილებს 5 ოჯახი დაუბრუნდება. საქართველოს ხელისუფლება მზად არის ხელი შეუწყოს ამ პროცესის გაგრძელებას. 5 ოსური ოჯახის საქართველოში დასაბრუნებლად საცხოვრებელი პირობები შექმნილია. პროცესის გასაგრძელებლად ფინანსებია საჭირო და საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო დახმარების იმედი აქვს.
XS
SM
MD
LG