Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკონომიკის მინისტრის ურთიერთობა ქართულ მასმედიასთან


ქართველ ჩინოვნიკებს არასოდეს ჰქონიათ ისეთი შემტევი ურთიერთობა ქართულ მედიასთან, როგორსაც ეკონომიკის ახალი მინისტრი - კახა ბენდუქიძე - ამკვიდრებს. რა შეიძლება იყოს მისი

გაღიზიანებული პასუხების და უხერხული კონტრშეკითხვების მიზეზი?

საქართველოს მოსახლეობა ინტერესით და ნდობით ეკიდება ჟურნალისტების საქმიანობას. გაზეთების ტირაჟი მაღალი არ არის, მაგრამ საზოგადოების წევრთა უმრავლესობა, როგორც წესი, თვალყურს ადევნებს სატელევიზიო საინფორმაციო გადაცემებს. შესაბამისად, პოლიტიკოსებს, ჩინოვნიკებს თუ ექსპერტებს პატივად მიაჩნიათ ტელეეთერში მიწვევა და დებატებში მონაწილეობა. ისინი ზოგჯერ არაკორექტულები არიან ერთმანეთის მიმართ, მაგრამ ყოველთვის პატივისცემით ეკიდებიან ჟურნალისტებს. ეს არის პატივისცემა, რომელსაც ეთერის სტუმრები უდასტურებენ არა მხოლოდ ცალკეულ ჟურნალისტს, არამედ, მთელ საზოგადოებას.

პირველი ადამიანი, რომელმაც მეტისმეტად თამამად დაარღვია მედიასთან ურთიერთობის დამკვიდრებული წესი, ეკონომიკის ახალი მინისტრი კახა ბენდუქიძეა. იგი უჩვეულოდ აგრესიულია ჟურნალისტების მიმართ: არ ერიდება უხეშ გამოთქმებს, შემტევი ტონით უპასუხებს შეკითხვებზე და სვამს უხერხულ კონტრშეკითხვებს. მინისტრის საუბრიდან არაორაზროვნად გამოსჭვივის პრეტენზია ჟურნალისტების პროფესიონალიზმთან დაკავშირებით. კახა ბენდუქიძის უცნაურად შემტევი ტაქტიკა მასმედიასთან ურთიერთობაში, შეიძლება ითქვას, რომ ტენდენციის სახეს იღებს.

რა შეიძლება იყოს ამ ხელოვნურად დამკვიდრებული ტენდენციის საფუძველი? ეკონომიკის ამჟამინდელ მინისტრს საზოგადოება იმედით შეხვდა. უხსოვარი დროიდან ქართველებს განსაკუთრებული მოწიწება უჩნდებათ იმ თანამემამულეების მიმართ, რომლებიც წარმატებას აღწევენ დიდ ქვეყნებში. სწორედ ასეთია კახა ბენდუქიძე და მისი დაბრუნება საქართველოში შეფასდა, როგორც ერთმნიშვნელოვნად დადებითი მოვლენა. ამ სრულიად არააგრესიულ ფონზე არსაიდან გაჩენილ აგრესიას, სავარაუდოდ, ორი წყარო შეიძლება ჰქონდეს: ან ბენდუქიძე ფიქრობს, რომ მისი საქმიანობის შედეგი მიუღებელი იქნება ქართული საზოგადოების დიდი ნაწილისთვის და თავს წინასწარ იზღვევს, ან იგი გააფრთხილეს, რომ ქართული პრესა, თავისი ბუნებით, დაუნდობელია ჩინოვნიკების მიმართ და მანაც გადაწყვიტა, თავი არავის დააჩაგვრინოს. ნებისმიერ შემთხვევაში, აშკარაა, რომ მინისტრი შეტევით თავის დაცვას ცდილობს. ჩვენ კი ჯერ ვერ გაგვირკვევია, რისგან იცავს იგი თავს ასეთი მონდომებით და, ბუნებრივია, იმედის გვერდით, საფრთხის განცდაც გვიჩნდება.

ამ გაუგებრობის აღმოფხვრა არავის შეუძლია, თავად კახა ბენდუქიძის გარდა. ჟურნალისტი არ არის მხოლოდ ერთი რიგითი ადამიანი, რომელსაც ცუდად ესმის ეკონომიკის კანონები. ჟურნალისტი საზოგადოების თვალია და მის მიმართ უხეშობა მთელი საზოგადოების მიმართ გამოვლენილ აგრესიად და უპატივცემულობად აღიქმება.

ამის ცოდნა "იმედის" მინისტრს ეკონომიკის კანონების ცოდნაზე არანაკლებ დასჭირდება წარმატებული საქმიანობისთვის.
XS
SM
MD
LG