მაგრამ პოლიტიკური სპექტრი ერთი პარტიით არ ამოიწურება. როგორ შეიძლება განისაზღვროს დანარჩენი პარტიების როლი და სად არის მათი ადგილი ახალ რეალობაში?
მრავალი წლის განმავლობაში ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ერთი თავისებურება ახასიათებდა: არც პარტიებს და არც პოლიტიკურ ლიდერებს არ ჰქონდათ მყარი, განსაზღვრული ადგილი რაიმე მკაფიო ორიენტირთან მიმართებაში. ქართულ პოლიტიკაში ყველაფერი უსისტემოდ მოძრაობდა. მემარჯვენე და მემარცხენე იდეოლოგიის პარტიები ხან ერთდებოდნენ, ხან ისევ სცილდებოდნენ ერთმანეთს. ეროვნული მოძრაობის ლიდერები და "ცეკას" ყოფილი მდივნები ჯერ ერთიან ბლოკს ქმნიდნენ, შემდეგ კი ცალ-ცალკე ეძებდნენ საკუთარი კარიერის გადარჩენის გზებს. ვინც ხელისუფლების ოპოზიცია იყო, შემდეგ სახელისუფლო ბლოკის სპიკერი ხდებოდა; ვინც წლების განმავლობაში ხელისუფლების სპიკერი იყო, ის ხსნას ოპოზიციაში ეძებდა.
ხელისუფლებისა და ოპოზიციის ადგილმონაცვლეობა დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია. მაგრამ მონაცვლეობის ქართულ ვერსიას დემოკრატიასთან საერთო არაფერი ჰქონდა. საქართველოში, როგორც ჩანს, არ იყო პირობები პოლიტიკური პროცესის ნორმალური განვითარებისთვის. ლიდერებმა ან არ იცოდნენ, რა ნაბიჯები უნდა გადაედგათ პოლიტიკურ სივრცეში საკუთარი ადგილის მოსაძებნად, ან მათ ამის საშუალებას არ აძლევდნენ ის ადამიანები, რომლებიც "თამაშის წესებს" ამკვიდრებდნენ.
მაღალი საპარლამენტო ბარიერის გამო, დაბალი პოლიტიკური კულტურის გამო, განუვითარებელი ეკონომიკის გამო, ხინჯიანი კანონმდებლობის გამო, დაუსჯელობისა და განუკითხაობის გამო, კორუფციის გამო... და ბევრი სხვა მიზეზით, უპრინციპობა მრავალი წლის განმავლობაში ქართული პოლიტიკის ერთადერთ პრინციპად ჩამოყალიბდა. ასეთი "მოყანყალე" პარტიები და ლიდერები მყარ პოლიტიკურ სისტემას, ცხადია, ვერ შექმნიდნენ. როგორ უნდა შეენარჩუნებინა თავისი ამომრჩეველი ვახტანგ რჩეულიშვილს, რომელიც ერთ არჩევნებში ასლან აბაშიძის მეგობარი იყო, მეორე არჩევნებში კი - ედუარდ შევარდნაძის მთავარი თანამებრძოლი? როგორ შეინარჩუნებდა ამომრჩევლის ნდობას ირინა სარიშვილი-ჭანტურია, რომელიც ხან შევარდნაძეს იცავდა, ხან აბაშიძეს, ხან იგორ გიორგაძეს, ხან რეფორმატორებთან ერთად აწერდა ხელს მემორანდუმს და ხან ქვეყნის დაქცევას ამავე რეფორმატორებს აბრალებდა? არ იყო მყარი არც აკაკი ასათიანი, არც დავით გამყრელიძე, არც გოგი თოფაძე და არც ბევრი სხვა...
თავად ედუარდ შევარდნაძისა და ასლან აბაშიძის ტკბილ-მწარე ურთიერთობაც ხომ დაპირისპირებულთა ერთიანობის, წესების ჩამოყალიბებისა და მათი მუდმივი რღვევის თვალსაჩინო ნიმუში იყო?
"ვარდების რევოლუციამდე" პრინციპების ერთგულება ქართულ პოლიტიკას არ ახასიათებდა. პარლამენტში მოხვედრის საფასურად პარტიები ადვილად ამბობდნენ უარს პრინციპებზე, რადგან ამით სიცოცხლეს იხანგრძლივებდნენ. სამაგიეროდ, რესპუბლიკური პარტია, რომელიც საკუთარ სახეს რთულ პირობებში ინარჩუნებდა, პოლიტიკური პროცესის მიღმა იყო დარჩენილი.
ნოემბრის მოვლენებმა უპრინციპო პოლიტიკის ტრადიცია ერთიანად დაანგრია. ხელისუფლებაში მოვიდა პარტია, რომელიც ყველაზე თანმიმდევრული და უკომპრომისო აღმოჩნდა ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებასთან ბრძოლაში. ნოემბრის არჩევნებიდან მარტის არჩევნებამდე მიხეილ სააკაშვილის მიერ გადადგმულ ზოგიერთ ნაბიჯს საზოგადოება დადებითად აფასებს, ზოგიერთს უარყოფითად; მაგრამ ერთი საკითხი, რაზეც არავინ დავობს, პრეზიდენტის და მისი გუნდის პრინციპულობაა.
თუ წინა წლებში მოქალაქეთა კავშირის და მისი ლიდერის უპრინციპო, გლუვი პოლიტიკა ოპოზიციის უმისამართო რყევებს იწვევდა, სამომავლოდაც იგივეა მოსალოდნელი, ოღონდ - პირუკუ. რამდენადაც შეძლებენ ხელისუფლებასთან დაპირისპირებული პარტიები, იყვნენ თანმიმდევრული და მყარი, იმდენად დაიმკვიდრებენ ადგილს ახალ რეალობაში. ძველი, მრავალჭირნახული პარტია იქნება თუ სრულიად ახალი, თუკი შეძლებს პრინციპების დაცვას და ერთგულებას, უსათუოდ იპოვის დასაყრდენს საზოგადოებაში.
ეს არის ის მთავარი ცვლილება, რაც ქართულ პოლიტიკაში ბოლო თვეების განმავლობაში მოხდა და რაც, ალბათ, საფუძვლად დაედება პოლიტიკური სპექტრის გადარჩევას წარსულისა და მომავლის პარტიებად.