Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არ ჰყავს დღევანდელ ხელისუფლებას ძლიერი პოლიტიკური ოპოზიცია?


ახალი მოწვევის პარლამენტის არჩევას წინ უჩვეულოდ ხანმოკლე და უხმაურო კამპანია უძღოდა, განსაკუთრებით, ოპოზიციის მხრიდან.

ბოლო წლებში სახელისუფლო პარტია ყოველთვის ძლიერი იყო, ოპოზიცია კი - შედარებით სუსტი; მაგრამ პოლიტიკური ძალების ამჟამინდელი პოლარიზაცია მაინც გამორჩეულია.

თუ გვინდა, გავერკვეთ, რატომ არ ჰყავს დღევანდელ ხელისუფლებას ძლიერი პოლიტიკური ოპოზიცია, ამ კითხვის პასუხი მხოლოდ "ვარდების რევოლუციაში" არ უნდა ვეძებოთ.

მოქალაქეთა კავშირის შექმნის შემდეგ, მრავალი წლის განმავლობაში, საქართველოში ძლიერი პარტია არ ჩამოყალიბებულა. ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის ფლაგმანი პოლიტიკური ორგანიზაციები ან უკიდურესად დასუსტდნენ, ან, დროთა განმავლობაში, შიგნიდან დანაწევრდნენ. ცნობილი ლიდერები თანდათან მარგინალურ პოლიტიკოსებად გადაიქცნენ. საარჩევნო ბარიერის გაზრდამ ჯერ 5, შემდეგ კი 7%-მდე ისედაც დასუსტებულ პარტიებს საერთოდ გადაუკეტა გზა პარლამენტისკენ.

სამაგიეროდ, მოქალაქეთა კავშირის პარალელურად, შეიქმნა და სწრაფად გაძლიერდა მეორე სახელისუფლო პარტია - დემოკრატიული აღორძინების კავშირი. ასლან აბაშიძეს გარანტირებული რესურსი ჰქონდა როგორც ფინანსური, ისე ადამიანური თვალსაზრისით; წლების განმავლობაში, პოლიტიკურ ასპარეზს სწორედ ორი ძლიერი სახელისუფლო პარტია შემორჩა. როგორც 1995 წლის, ისე 1999 წლის მოწვევის პარლამენტში ძირითადი ოპონენტებიც და პარტნიორებიც მოქალაქეთა კავშირი და აღორძინების კავშირი იყვნენ.

საბოლოოდ, "თამაშის წესები" იმგვარად ჩამოყალიბდა, რომ განსაკუთრებული ფინანსური საყრდენის გარეშე ახალი პარტიების პოლიტიკაში დამკვიდრება გამოირიცხა. რაკი პარლამენტში მოსახვედრად 100-120 ათასი ამომრჩევლის ხმა იყო საჭირო, მოხდა ის, რაც სრულად შეესაბამებოდა პოლიტიკურ ლოგიკას: ახალი პარტიების ჩამოყალიბება ბიზნესმენებმა დაიწყეს. ეს პროცესი წაახალისა იმ ვითარებამ, რომ არასამართლებრივ სახელმწიფოში საკუთარი ბიზნესის ლობირებისთვის პარლამენტი, როგორც წესი, ყველაზე მოხერხებული ადგილია.

ზემოთ აღწერილი რეალობიდან გამომდინარე, დღეს ოპოზიცია შედგება ან დასუსტებული ძველი პარტიებისგან, ან ახალი პარტიებისგან, რომლებსაც საკუთარი ბიზნესის ტვირთი ამძიმებს. ხელისუფლების მკვეთრი ნაბიჯები: დაპატიმრებების სერია და კონფრონტაციული ურთიერთობა ოპონენტებთან - ორივე მიმართულების პოლიტიკურ ორგანიზაციებს უბიძგებს, პრეზიდენტისა და მისი გუნდის განსაკუთრებულ კრიტიკას მოერიდონ. სწორედ ეს არის მიზეზი უჩვეულოდ ფერმკრთალი და უსახური საარჩევნო კამპანიისა.

ამ ზოგად სქემაში, თითქოს, არ თავსდება აღორძინების კავშირი და ლეიბორისტული პარტია: ორივე ორგანიზაციის ლიდერი მკვეთრად არის დაპირისპირებული მიხეილ სააკაშვილთან. მაგრამ, მეორე მხრივ, ორივე პარტიის დასუსტების პროცესი უკვე დაწყებულია. ლეიბორისტებმა ბოლო თვეების განმავლობაში სერიოზული რღვევა განიცადეს; აღორძინების კავშირიც თავის საარჩევნო რესურსს უფრო კარგავს, ვიდრე ინარჩუნებს.

სწორედ ამ მრავალწლიანი ტენდენციის გამო დარჩა ოპონირების გარეშე ნაციონალური მოძრაობა 28 მარტის არჩევნებში. პოლიტიკური სპექტრის და, მათ შორის, ოპოზიციის სისუსტე ხანგრძლივი პროცესის შედეგია: პროცესის, რომელიც, ერთი მხრივ, აუძლურებდა ძველ პარტიებს, მეორე მხრივ, აბრკოლებდა ახალი, წმინდა პოლიტიკური პარტიების ჩამოყალიბებას. ვინც ეს მოჯადოებული წრე გაარღვია, მან ხელისუფლებაც მოიპოვა. "თამაშის" მახინჯი წესების შეცვლა ახლა სწორედ გამარჯვებული პარტიის პასუხისმგებლობაა.
XS
SM
MD
LG