Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ახალ რეალობაში


როგორი იქნება 2004 წლის მოწვევის პარლამენტი და რა განისაზღვრება მის მთავარ ფუნქციად ახალ პოლიტიკურ რეალობაში? მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მას პარლამენტისგან სჭირდება

რეფორმების მხარდაჭერა და არ სჭირდება წინააღმდეგობები პრეზიდენტის კურსის გატარებაში. დაახლოებით ამგვარ არგუმენტს იშველიებდა ედუარდ შევარდნაძეც 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში, როდესაც მოსახლეობას მოქალაქეთა კავშირის მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა. ძველ არგუმენტებთან ერთად, ხომ არ გამეორდება ძველი საფრთხეებიც?

შევარდნაძის მმართველობის პერიოდისგან განსხვავებით, დღევანდელი ხელისუფლება გულწრფელად ცდილობს, ძალაუფლებას თავი საკუთარ ხელში მოუყაროს. შევარდნაძის მმართველობის პერიოდის მსგავსად, მიხეილ სააკაშვილია აღმასრულებელი ხელისუფლების რეალური ხელმძღვანელიც და სახელისუფლო პარტიის თავმჯდომარეც. ძველი პრეზიდენტი როგორც მთავრობას, ისე პარლამენტს პირადად აკონტროლებდა. ახალიც ამასვე აპირებს, ოღონდ, შესაბამისი უფლება და საშუალება მას უკვე კონსტიტუციით აქვს მინიჭებული.

ვიდრე შევარდნაძის ავტორიტეტი რამედ ფასობდა, ყველა საკითხი, მათ შორის, პარლამენტისა და მთავრობის ურთიერთობა, პრეზიდენტის ნებას ემორჩილებოდა. პრეზიდენტის ნებითვე, დროთა განმავლობაში პოლიტიკური გადაწყვეტილებების ცენტრმა პარლამენტიდან სახელმწიფო კანცელარიაში გადაინაცვლა.

საკანონმდებლო ხელისუფლება არჩევითია, ესე იგი, ჰორიზონტალურ კავშირებს ეფუძნება. აღმასრულებელი ხელისუფლება კი დანიშვნითია და ვერტიკალზეა განლაგებული. ამიტომ, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ინტერესები ყოველთვის თანხვედრი არ არის. პარლამენტმა სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის საჯარო მსჯელობის, კამათის, დარწმუნება-გადარწმუნების პროცესში უნდა განსაზღვროს, რა არის საჭირო ქვეყნისთვის, მთავრობამ კი მისი გადაწყვეტილებები უნდა აღასრულოს. როცა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებენ აღმასრულებელ ორგანოში, ესე იგი, ჩაკეტილ კაბინეტში, მეტია ალბათობა, რომ საქმე კერძო პირების ინტერესებს ეხება და არა ქვეყნის ინტერესს.

ახალ პარლამენტს, ახალ პოლიტიკურ ვითარებაში, მოსაგვარებელი ექნება პრეზიდენტთან და მინისტრთა კაბინეტთან ურთიერთობის საკითხი. თუ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო აღმოჩნდება სუსტი, წინააღმდეგობის უნარის არმქონე და ყველაფერზე კვერის დამკვრელი, ცხადია, პოლიტიკური გადაწყვეტილებების ცენტრი კიდევ ერთხელ გადაინაცვლებს კანცელარიაში. ეს ნიშნავს, რომ რეფორმები, რომელთა გასატარებლადაც პრეზიდენტს ერთპარტიული პარლამენტი სჭირდება, შესაძლოა, სწორედ პარლამენტის სისუსტემ შეაფერხოს.

არ არის მნიშვნელოვანი, უყვარს თუ არა სააკაშვილს თავისი ქვეყანა სხვა პრეზიდენტებზე მეტად. მნიშვნელოვანია, რომ რეფორმები იქნება, იმუნიტეტის მოხსნა თუ სხვა საკითხი, პარლამენტი ჩამოყალიბდეს გადაწყვეტილებების მიღების ადგილად, კანცელარია და მინისტრთა კაბინეტი - მათი აღსრულების იარაღად. თუ კანცელარია გადაიქცა გადაწყვეტილებების მიღების ცენტრად, პარლამენტი კი - მათი აღსრულების ფორმალურ სივრცედ, კიდევ ერთხელ მივიღებთ ყირამალა სახელმწიფოს. ეს იქნება და ეს.
XS
SM
MD
LG