Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წინასაარჩევნო პოლიტიკური პროცესი


2004 წლის 28 მარტის არჩევნები განსაკუთრებულია საქართველოს უახლეს ისტორიაში. ეს არის რიგგარეშე არჩევნები, რომელსაც უკავშირდება სახელისუფლო პარტიის დიდი იმედი და

არასახელისუფლო პარტიების დიდი შიში.

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ მისთვის ტრაგედია იქნება, თუკი არჩევნების შედეგების მიხედვით პარლამენტი ერთპარტიული აღმოჩნდება. თუმცა ამ განცხადების გულწრფელობაში ეჭვის შეტანა უფრო ადვილია, ვიდრე მისი უკრიტიკოდ მიღება.

სწორედ ერთპარტიულობის საფრთხის მოსახსნელად ევროსაბჭოს ექსპერტები დაჟინებით ურჩევდნენ ხელისუფლებას, რომ საარჩევნო ბარიერი 5%-მდე ჩამოეწია. ამ შემთხვევაში ოპოზიციურ პარტიებს პარლამენტში მოხვედრის მეტ-ნაკლებად რეალური შანსი გაუჩნდებოდათ. მაგრამ ხელისუფლებამ, საერთაშორისო აზრის იგნორირებით, არაბუნებრივად მაღალი ბარიერი შეინარჩუნა და ამ ნაბიჯით ოპოზიციურ პარტიებს პარლამენტის კარი თავად გადაუკეტა.

ოპოზიციამ ვერ შეძლო ან არ ისურვა, რომ, ხელისუფლების ნების საპირწონედ, "ერთიანი ფრონტის" პრინციპით გაერთიანებულიყო. შესაბამისად, რამდენიმე საარჩევნო სუბიექტს თან აქვს ბარიერის გადალახვის რესურსი, თან - არც აქვს. იმის გამო, რომ ოპოზიციური პარტიები ამჟამინდელი ხელისუფლებით უკმაყოფილო ამომრჩეველთა ხმებს აუცილებლად გაუყოფენ ან, უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, წაართმევენ ერთმანეთს, შესაძლოა, ყველანი პარლამენტს მიღმა აღმოჩნდნენ.

გადალახავს თუ ვერა 7% ბარიერს აღორძინების კავშირი? ეს დამოკიდებული იქნება არჩევნებამდე დარჩენილი დღეების შინაარსზეც, არჩევნების დღეს აჭარაში განვითარებულ მოვლენებზეც, დიდწილად, ადგილობრივი მოსახლეობის ნებაზეც და, გარკვეულწილად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის პოზიციაზეც.

გადალახავს თუ ვერა საარჩევნო ბარიერს მემარჯვენე ოპოზიციური ბლოკი? ან ლეიბორისტული პარტია? ან "ედპ-ტრადიციონალისტების" გაერთიანება? ან ახლად შექმნილი პარტია "თავისუფლება"? ან, ვთქვათ, სოციალისტური პარტია? თითოეულს ამ საარჩევნო სუბიექტთაგან თავისი ამომრჩეველი ჰყავს. მათ დაემატებათ ის ოჯახები, რომლებიც ახალმა ხელისუფლებამ სერიოზულად გაანაწყენა და ისინიც, ვისაც პოსტრევოლუციურმა პერიოდმა რევოლუციური იმედები გაუქარწყლა. ამიტომ ოპოზიციური პარტიებისთვის ის კი არ არის საშიში, რომ, თითქოს, ხელისუფლებას ოპონენტები აღარ ჰყავდეს; ცხადია, ჰყავს, მაგრამ როდესაც მათი ხმები ექვს საარჩევნო ყულაბაში გადანაწილდება, ძნელი სათქმელია, რომელიმე მათგანში აღმოჩნდება თუ არა ის 100 000 ხმა, რომელიც ბარიერის გადალახვას სჭირდება.

ამ ვითარებაში ბუნებრივად ჩნდება შეკითხვა: რატომ არ გაერთიანდა ოპოზიცია? რატომ დაუშვეს არასახელისუფლო პარტიებმა ის საფრთხე, რომ პროტესტული ელექტორატის ხმები თავად გაუყონ ერთმანეთს და ამის გამო ყველანი დაზარალდნენ? რაკი ამ კითხვაზე ოფიციალური პასუხი არ არსებობს, ერთი ვარაუდის გამოთქმა შეიძლება.

იქნებ ახალ პოლიტიკურ რეალობაშიც გაგრძელდა ძველი, ნაცადი ტრადიცია, როდესაც ხელისუფლება კულუარულად, ცალ-ცალკე უთანხმდებოდა ერთ ან რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას საარჩევნო "წახმარების" შესახებ? ასეთი მოლაპარაკება ყოველთვის მიზნად ისახავდა ოპოზიციის დანაწევრებას და ხელისუფლების მიერ ვითარების სრულ კონტროლს.

შესაძლოა, სწორედ ამგვარმა საიდუმლო პირობამ შეუშალა ხელი მემარჯვენე ბლოკის და ედპ-ტრადიციონალისტების გაერთიანებას. გამორიცხული არც ისაა, რომ ნაციონალურ მოძრაობას, სინამდვილეში, სასურველ ოპონენტად პარტია "თავისუფლება" ეგულებოდეს, თუნდაც ლიდერების ლოიალობის და გამოუცდელობის, ან საერთო ელექტორატის გამო.

ბევრი რამ არჩევნების შემდეგ გაირკვევა, თუმცა ერთ მნიშვნელოვან კითხვას პასუხი უკვე გაეცა. ორშაბათს პრეზიდენტმა სააკაშვილმა გამოაცხადა, რომ მას არ სჭირდება კონტრრევოლუციის ბუდე პარლამენტში. ეს სიტყვები გამარტივებულ თარგმანში ნიშნავს, რომ პრეზიდენტს პარლამენტში არ სჭირდება უკონტროლო ოპოზიცია; ან კიდევ მეტი - პრეზიდენტს საერთოდ არ სჭირდება ოპოზიცია უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში.

ეს გულწრფელი განცხადება განმარტავს იმ გაჯიუტების მიზეზსაც, რაც ხელისუფლებამ გამოიჩინა ბარიერის შენარჩუნების თვალსაზრისით და, შესაძლოა, იმასაც ხსნიდეს, თუ რატომ დაიქსაქსება პროტესტული ელექტორატის ხმები. სულ სხვა საკითხია, რამდენად სჭირდება ქვეყანას და მის მოსახლეობას მართული ოპოზიცია პარლამენტში; ან იქნებ უმჯობესია, ყველანი ერთად ახალი ოპოზიციის დაბადებას დაველოდოთ.
XS
SM
MD
LG