Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინისტრთა კაბინეტი ორმაგი საფრთხის წნეხში


გასული წლის 2 ნოემბრიდან 23 ნოემბრამდე განვითარებულ მოვლენებს "ვარდების რევოლუცია" ეწოდა. იყო კი რევოლუცია ის, რაც საქართველოში მოხდა? ივლიანე ხაინდარავას შეფასებით,

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლებელია, ვიდრე საბოლოოდ არ გაირკვევა, შეიცვლება თუ არა არსებითად ქვეყნის ცხოვრება. ცვლილებებს კი საზოგადოება, პირველ რიგში, მინისტრთა კაბინეტს მოჰკითხავს.

ახალი კაბინეტის საქმიანობა ორმაგი საფრთხის წნეხში იწყება. პირველი საფრთხის შესახებ იცის ყველამ, ვისაც კი თვალი მიუდევნებია ედუარდ შევარდნაძისა და მისი მთავრობების ურთიერთობისთვის. კონსტიტუციის მიხედვით, მინისტრი დამოუკიდებლად იღებდა გადაწყვეტილებებს "მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე". სინამდვილეში, მინისტრები დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებას ვერ ბედავდნენ, რადგან პირადი ინიციატივა, უბრალოდ, ისჯებოდა. სხვათა შორის, თავისი საპენსიო და სახელფასო წარმატებებით გათამამებულმა ზურაბ ნოღაიდელმა ერთ წელიწადს გადაწყვიტა, ფინანსთა სამინისტროს დამოუკიდებლად შეექმნა პროგრამული ბიუჯეტის ჩონჩხი; უფრო მეტიც, პროგრამული ბიუჯეტის ფარგლებში, ნოღაიდელმა მთავრობის სხდომაზე მოითხოვა, გაეუქმებინათ საგზაო ფონდი, რომელიც კორუფციის აშკარა ბუდე იყო. პრეზიდენტი ფინანსთა მინისტრის ამ ინიციატივებმა ისე გააბრაზა, რომ ნოღაიდელი, თავისი ჯიუტი ხასიათის მიუხედავად, იძულებული შეიქნა, სიტყვის შეუბრუნებლად უკან დაეხია.

ახლა, იმის მიუხედავად, რომ კონსტიტუცია შეიცვალა, ქვეყანა ისევ საპრეზიდენტო რესპუბლიკად რჩება. ესე იგი, სურს თუ არ სურს, აღმასრულებელი ხელისუფლების ფაქტობრივი ხელმძღვანელი მაინც პრეზიდენტია. მინისტრების უმრავლესობაც სწორედ მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული პირია. იმის გათვალისწინებით, რომ ახალ პრეზიდენტს ძველზე არანაკლებ უყვარს ძალაუფლება, საკითხავია, მისცემს თუ არა იგი საშუალებას კაბინეტის წევრებს, ახლა მაინც მიიღონ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები.

ეს კითხვა არსებითია და, აი, რატომ: ნებისმიერ სფეროში ბევრი რამ არის შესაცვლელი და, ცხადია, ცვლილებები უმტკივნეულოდ არ ჩაივლის. განაწყენებული ადამიანები კი უსათუოდ პრეზიდენტს მიაშურებენ. ზოგჯერ ეს იქნება საჯარო პროცესი, როგორც, მაგალითად, "ბოროტი ნიღბოსნებისგან" დარბეულმა გარე მოვაჭრეებმა მიაკითხეს "კეთილ მეფეს" სამართლის აღსადგენად. ზოგჯერ კი მიხეილ სააკაშვილს საზოგადოების თვალს მიღმა მოუხდება არჩევანის გაკეთება რომელიმე რეტროგრადსა და რეფორმატორს შორის. და ეს არჩევანი, შესაძლოა, იოლი არ აღმოჩნდეს. გავიხსენოთ, რომ როდესაც მოძრაობა "კმარამ" თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს გადადგომა მოსთხოვა, მიხეილ სააკაშვილი თავისი ფეხით მივიდა უნივერსიტეტში და როინ მეტრეველს საჯაროდ დაჰპირდა: "კმარას" აქედან ჩემი ხელით "დავცოცხავო". მოგვიანებით ამ ფრაზას პოლიტიკური მიზანშეწონილობით ხსნიდნენ. ასე შეიძლება აღმოჩნდეს მიხეილ სააკაშვილი პირობითი "როინ მეტრეველების" პირადი ადვოკატი, რაც მის ქვემდგომ პირებს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას მოუსპობს და სურვილსაც ნელ-ნელა დაუკარგავს.

არსებობს პირუკუ საფრთხეც. შესაძლოა, ისე მოხდეს, რომ პრეზიდენტმა ბოლომდე მხარი დაუჭიროს სისტემის გარდაქმნას, კაბინეტმა, სწორედ რომ, დამოუკიდებლად იმოქმედოს, მაგრამ კონკრეტული მინისტრების პიროვნული უნარები არ აღმოჩნდეს საკმარისი ქვეყნის ჭაობიდან ამოსაყვანად. ეს საფრთხე რეალურია, რადგან, ბევრი დადებითი მხარის მიუხედავად, ამჟამინდელი კაბინეტი მართვის გამოცდილებით ნამდვილად არ გამოირჩევა.

ესე იგი, პირობითად თუ შევაფასებთ, არსებობს საფრთხე, მომდინარე როგორც "ზემოდან", ასევე "ქვემოდან". ოღონდ, თამაშის წესების კანონმდებელი მაინც პრეზიდენტია და სწორედ მას შეუძლია ორივე საფრთხის მოხსნა. პრეზიდენტს შეუძლია, ერთი მხრივ, თავის კაბინეტთან ერთად დაუპირისპირდეს ძველ სისტემას და გაუმკლავდეს ამ სისტემის მხრიდან წამოსულ ყველა წინააღმდეგობას; მეორე მხრივ, პრეზიდენტს შეუძლია, დაითხოვოს კაბინეტი, თუკი იგი სათანადოდ უნარიანი ვერ აღმოჩნდება. საზოგადოდ, ცნობილია, რომ რეფორმატორული მთავრობა არაპოპულარულია, გარდამავალია და დიდხანს ვერ ძლებს. ამიტომ, ამჟამინდელ კაბინეტთან დაკავშირებული ყველაზე დიდი მოულოდნელობა ის იქნება, თუკი ზურაბ ჟვანია, თავის გუნდთან ერთად, წინასწარ დაგეგმილ ხუთ წელიწადს ბოლომდე და მშვიდობიანად ამოწურავს.
XS
SM
MD
LG