Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"აჭარული" დილემის არსი


საქართველოს ახალი ხელისუფლება საკმაოდ ფრთხილ საჯარო განცხადებებს აკეთებს ასლან აბაშიძესთან დაკავშირებით. ოღონდ ეჭვს არ იწვევს, რომ ცენტრალური ხელისუფლება დაინტერესებულია საქართველოს პოლიტიკური და სამართლებრივი სივრცის გაერთიანებით.

სამაგიეროდ, აჭარის ლიდერი ახალ რეალობას არ ცნობს და ძველი სისტემის შენარჩუნებისთვის იბრძვის.

პოლიტიკური ლოგიკის თანახმად, აჭარაში ხელისუფლების შეცვლა გარდუვალია, რადგან შეუძლებელია, ან ასლან აბაშიძე გადემოკრატდეს, ან მიხეილ სააკაშვილი შეეგუოს ასლანდიურ წესრიგს.

საკითხავი მხოლოდ ისაა, როგორ გზას აირჩევს ქვეყნის მთავარი პოლიტიკური ცენტრი ალტერნატიული ცენტრის გასაუქმებლად. ჯერჯერობით არც არჩეული და არც მოქმედი პრეზიდენტი, მით უმეტეს, არც სახელმწიფო მინისტრი, აჭარის ლიდერს ვერბალურად არ ებრძვის. უფრო მეტიც, ისინი ბევრისთვის გაუგებარი და მიუღებელი ორსახა განცხადებებით უპასუხებენ ბათუმში "კმარას" აქტივისტების დაპატიმრებას. მათი განცხადებები არც ასლან აბაშიძეს მოეწონება და არც დაპატიმრებულთა მშობლებს. მაგრამ პოლიტიკა მხოლოდ საჯარო პროცესი არ არის. რა ხდება, სინამდვილეში, აჭარაში?

ფაქტია, რომ ასლან აბაშიძე გადადგომაზე არ ფიქრობს და არც მართვის სტილის შეცვლას გეგმავს. შინაგან საქმეთა მინისტრად ჯემალ გოგიტიძის დანიშვნამ მკაფიო პასუხი გასცა შეკითხვას, თუ რას აპირებს ასლან აბაშიძე: აპირებს ძალაუფლების შენარჩუნებას და ბრძოლას ბოლომდე. როდის დადგება ეს "ბოლო" და როგორი იქნება იგი აჭარის მოსახლეობისა ან თავად ავტონომიის მეთაურისთვის, ჯერ არავინ იცის; თუმცა ის უკვე ცნობილია, რა სცენარით განვითარდება მოვლენები.

როგორც ჩანს, არა მხოლოდ ბათუმში, არამედ აჭარის მთელ ტერიტორიაზე გააქტიურდება მცირერიცხოვანი ჯგუფები. უკმაყოფილო ადამიანები ხან საჯაროდ შეიკრიბებიან, ხან ტელეკამერის წინ იტყვიან, რომ აბაშიძე მეორე სადამ ჰუსეინია, ხან "კმარას" პროკლამაციებს გაავრცელებენ, ხან ხუთჯვრიან დროშას აღმართავენ, ხან კი თანადგომას გამოუცხადებენ უკვე რეპრესირებულებს. ასეთი პატარა ჯგუფების გააქტიურება ასლან აბაშიძეს საშუალებას მისცემს, მათ ადვილად გაუსწორდეს: დაიჭიროს, დაარბიოს, დააშინოს, "თავისიანები" დაუპირისპიროს - ესე იგი, დაუშვას შეცდომები. ამ თვალსაზრისით, იმ პროცესს, რომელიც ახლა აჭარაში მიმდინარეობს, პროვოკაციული ხასიათი აქვს: აბაშიძე იძულებულია, ყოველდღე რეპრესიული ღონისძიებები გაატაროს, რაც მის მიმართ მეტ და მეტ გაღიზიანებას იწვევს.

აჭარის ლიდერი ვერ დაუშვებს დემოკრატიის აფეთქებას ჩოლოქსგაღმა საქართველოში: არც სურს და არც შეუძლია. აბაშიძე მზად არის, ჩაახშოს ყველა, ვინც კი მას და მის ხელისუფლებას დაუპირისპირდება. მაგრამ ავტონომიის მეთაური დგას სისტემური პრობლემის წინაშე: მას სჭირდება მშვიდობა აჭარაში და ამ მშვიდობის მოსაპოვებლად იძულებულია, თავად შექმნას კონფლიქტები. არადა, რაც მეტია აბაშიძის მხრიდან ძალადობა, მით ნაკლებია მისი გადარჩენის შანსი. ასლან აბაშიძეს დემოკრატიული ვალდებულებები არ ბოჭავს და ამიტომ იგი გაცილებით იოლად უსწორდება "სხვაგვარად მოაზროვნეებს", ვიდრე ეს შესაძლებელი იყო თბილისში. მართალია, მოსახლეობის დიდი ნაწილი კიდევ მეტად ითრგუნება, მაგრამ მცირე ნაწილი აქტიურდება. ეს აქტიური ნაწილი კი ისევ შეცდომებს აშვებინებს ძალაუფლების უზომოდ მოყვარულ ლიდერს. კონფლიქტი უკვე საკმაოდ სწრაფად ღრმავდება, რასაც, თავისი განსაკუთრებული ინტერესით, ხელს უწყობს მასმედიაც. შესაბამისად, საფიქრებელია, რომ, ადრე თუ გვიან, ასლან აბაშიძე საკუთარი აგრესიის მსხვერპლი შეიქნება. ეს არის აჭარული დილემის არსი.

ედუარდ შევარდნაძისგან განსხვავებით, ასლან აბაშიძე ყოველგვარი შენიღბვის გარეშე ცდილობს ძველი სისტემის შენარჩუნებას. სწორედ იმის გამო, რომ აჭარის ლიდერს დემოკრატიული ნიღაბი არ სჭირდება, მისი ქმედებები რადიკალურია და, ესე იგი, რადიკალურად აჩქარებს მისსავე განდევნას ხელისუფლებიდან. ასლან აბაშიძემ, დიდი ხანია, პოლიტიკური რეჟიმის ყულფი ნებაყოფლობით შემოიჭდო კისერზე. ახლა კი ყულფი სულ უფრო სწრაფად ვიწროვდება. რა როლს ასრულებს ამ საქმეში ცენტრალური ხელისუფლება, ჯერ არ ჩანს და, შესაძლოა, არც არასოდეს გამოჩნდეს.
XS
SM
MD
LG