Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინტერესთა კონფლიქტი დემოკრატიასა და ძველ სისტემას შორის


მთავარი შეცდომა, რომელსაც პოსტსაბჭოტა ქვეყნების ლიდერები უშვებენ, ეს არის დემოკრატიის დანერგვისა და, იმავდროულად, ძველი სისტემის შენარჩუნების მცდელობა. საქართველომ ამგვარი

მცდელობის შედეგი საკუთარ თავზე გამოსცადა.

დემოკრატიასა და სისტემას შორის შეჯახება ჩვენი თვალთახედვის არეში პირველად 1990 წელს მოექცა. მაშინ მიხეილ გორბაჩოვის პოლიტიკამ - სანახევროდ დემოკრატიის წახალისებისა და სანახევროდ საბჭოთა სისტემის შენარჩუნების მცდელობამ - ედუარდ შევარდნაძეს ათქმევინა: "დიქტატურა მოდის!".

ბედის ირონიით, ის, რაც საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა გორბაჩოვის შეცდომად შეაფასა, თავად გაიმეორა საქართველოში პრეზიდენტობის ჟამს.

შეცდომის არსი ერთია: დემოკრატიის დანერგვის მცდელობა მმართველს აიძულებს, პრესას მისცეს სიმართლის თქმის უფლება; ხოლო ძველი სისტემის შენარჩუნების სურვილი მასვე აიძულებს, რეალური ცვლილებები არ დაუშვას. დროთა განმავლობაში ვითარდება უმწვავესი კონფლიქტი, საიდანაც სამი გამოსავალი არსებობს: ან მმართველმა უარი უნდა თქვას დემოკრატიაზე და სისტემა ერთპიროვნული ძალაუფლებით შეინარჩუნოს; ან მმართველმა უარი უნდა თქვას ძველ სისტემაზე და დემოკრატიას მიანიჭოს უპირატესობა; ან, თუ არც ერთის განხორციელების ძალა არ შესწევს, მმართველი უნდა გადადგეს.

გორბაჩოვის შემთხვევაში ინტერესთა კონფლიქტი დიქტატურის დამყარების მცდელობით დასრულდა, შევარდნაძის შემთხვევაში კი - გადადგომით. არსებობს თუ არა ამგვარი კონფლიქტის გაღვივების საფრთხე საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან? ახალი თაობის პოლიტიკოსები სისტემის დანგრევას გვპირდებიან, მაგრამ დაზღვეული რომ არაფრისგან ვართ, ერთმა შემთხვევამ დაადასტურა.

საქართველოს რკინიგზის ახალი გენერალური დირექტორი, დემოკრატიის სულისკვეთების შესაბამისად, სამეთვალყურეო საბჭოს უნდა აერჩია ტენდერის საფუძველზე. სახელმწიფო მინისტრი ზურაბ ჟვანია ამბობდა, რომ ეს პროცედურა სამაგალითო იქნება ყველასთვის. პროცედურა, მართლაც, ჩატარდა და მისი დასრულების შემდეგ, კენჭისყრის შედეგად, ხუთი ხმით სამის წინააღმდეგ ერთ-ერთმა კანდიდატმა გაიმარჯვა. ამის შემდეგ ჟვანიამ საკმაოდ გაღიზიანებული ტონით გამოაცხადა, რომ მას გაუჩნდა კითხვები და ვიდრე მათზე პასუხს არ მიიღებს, საკითხს ამოწურულად არ მიიჩნევს.

როგორ შეიძლება შეფასდეს სახელმწიფო მინისტრის ეს განცხადება? რჩება შთაბეჭდილება, რომ დემოკრატიული პროცედურის შემდეგ დადგა შედეგი, რომელიც სახელისუფლო კაბინეტებში წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა. მერე რა? დემოკრატიაც ხომ ეს არის. თუ სახელმწიფო მინისტრი ერთპიროვნულად გააუქმებს საბჭოს გადაწყვეტილებას და ტენდერის შედეგს, გამოდის, კანონი თავად ჟვანია ყოფილა! გამოდის, ისევ ცალი ხელით დემოკრატიას ვაშენებთ, მეორე ხელით კი ძველ სისტემას ვებღაუჭებით, რაც მოულოდნელია და, კიდევ მეტი: ძალიან ცუდია.
XS
SM
MD
LG