Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთიანი პოლიტიკური სივრცის პრობლემა


იმ პრობლემებს შორის, რომელთა გადაჭრაც ახალ ხელისუფლებას მოუხდება, ერთ-ერთი ყველაზე რთული პოლიტიკური სივრცის მოწესრიგება იქნება.

გასული წლების განმავლობაში ქართული პოლიტიკური სივრცე დაყოფილი იყო სამი ისეთი პარამეტრის მიხედვით, რომლებმაც, საბოლოოდ, ჩიხში შეიყვანა ძველი ხელისუფლება და ქვეყანა.

საქართველოში პოლიტიკური სივრცის ტრადიციული დაყოფა ხელისუფლებად და ოპოზიციად ყოველთვის ფორმალურ ხასიათს ატარებდა. წლების განმავლობაში ქვეყანა სამი დამანგრეველი პარამეტრის თანახმად იხლიჩებოდა. პირველი, რაც მთელ მოსახლეობას მოიცავდა, იყო დაყოფა კორუფციაში მონაწილე და კორუფციით უკმაყოფილო ორ ფენად. როგორც კორუფციაში ჩართულ, ისე კორუფციით უკმაყოფილოთა ფენას შეადგენდნენ, ნაწილობრივ, ხელისუფლება და, ნაწილობრივ, მოსახლეობა. ცნობილი ფორმულით, ბევრი იპარავდა ცოტას იმისათვის, რომ ცოტას მოეპარა ბევრი. ამ ორ ფენად ქვეყნის დაყოფა დამღუპველი აღმოჩნდა როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ხალხისთვის. კორუფციაში მონაწილეთა და კორუფციით უკმაყოფილოთა შორის დამყარებულმა მრავალწლიანმა ბალანსმა განაპირობა ქვეყნის ხანგრძლივად მართვა ორი ურთიერთგამომრიცხავი პრინციპით. საბოლოოდ, მივიღეთ ხელისუფლების საკუთარ თავთან დაპირისპირება და ლოგიკური შედეგი: სრული უუნარობა.

მეორე დამღუპველი პარამეტრი, რომელიც ვრცელდებოდა უშუალოდ ხელისუფლებაზე, იყო პოლიტიკური სივრცის ხელოვნურად გახლეჩა ორ ცენტრად. ორი პოლიტიკური ცენტრის არსებობა არ ნიშნავდა ძალების კონცენტრირებას და იზოლაციას თბილისსა და ბათუმში. პარლამენტშიც და მთავრობაშიც ორივე ცენტრს თავისი მხარდამჭერები და თანამებრძოლები ჰყავდა, რაც იწვევდა ინტერესთა შეჯახებას სახელისუფლო სივრცეში. არაერთხელ მომხდარა პოლიტიკური უცნაურობა, როდესაც უმრავლესობის წარმომადგენლებს შეუტევიათ, ხოლო ოპოზიციის წარმომადგენლებს თავგამოდებით დაუცავთ მთავრობის ესა თუ ის წევრი. საკადრო საკითხებზე დავის ძირითადი საფუძველი როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ისე უმცირესობის მხრიდან ყოველთვის იყო მთავრობაში არსებული ბალანსის მათ სასარგებლოდ შეცვლა (და არა საქმის კეთება).

იმის მიუხედავად, რომ შევარდნაძე და აბაშიძე, განსაკუთრებულ შემთხვევებში, ყოველთვის პოულობდნენ საერთო ენას, წლების განმავლობაში ხელისუფლება მაინც იხლიჩებოდა მათი გავლენის სფეროებად. საპარლამენტო უმრავლესობის მიზანი იყო ერთიანი საკანონმდებლო სისტემის გავრცელება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ხოლო უმცირესობის ძირითადი ფუნქცია შევარდნაძისგან აბაშიძის დაცვით განისაზღვრებოდა. ამიტომ უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის ტრადიციული საპარლამენტო მსოფლმხედველობრივი დაპირისპირება კი არ მიმდინარეობდა, არამედ - ბრძოლა საკუთარი პოლიტიკური ცენტრის ხელშეუხებლობისა და გაფართოებისთვის. ეს ბრძოლა იწვევდა ხელისუფლების ენერგიის ხარჯვას მოსახლეობისთვის უმნიშვნელო საკითხებზე და, საბოლოო ჯამში, ისევ უუნარობას, არცთუ იშვიათად - საბოტაჟსაც.

მესამე პარამეტრი, რომელიც ანგრევდა ხელისუფლებას, იყო დაპირისპირება თავად პრეზიდენტის გუნდში. ეს გუნდი წლების განმავლობაში საკუთარ წიაღში ითავსებდა ძველი და ახალი თაობის პოლიტიკოსებს. ოღონდ თაობებს შორის სხვაობა ასაკით კი არ განისაზღვრებოდა, არამედ - მსოფლხედვით. გუნდის ის ნაწილი, რომელიც ორიენტირებული რჩებოდა საბჭოთა სისტემის შენარჩუნებაზე, პრეზიდენტს მთავრობაში ჰყავდა თავმოყრილი; ხოლო გუნდის ის ნაწილი, რომელიც საკუთარ ფუნქციას ძველი სისტემის ნგრევაში ხედავდა, პარლამენტში ბინადრობდა. ასე რომ, თბილისის პოლიტიკურ ცენტრში ერთმანეთს ებრძოდა ორი ბანაკი, რომელთა პირობითი დასახელება იყო "კანცელარია" და "პარლამენტი". ამ ბრძოლამ ბევრი ზიანი მოუტანა ქვეყანას, რადგან ინიციატივები, რომლებიც "კანცელარიიდან" მოდიოდა, შეძლებისდაგვარად, "პარლამენტში" იბლოკებოდა და პირიქით. როდესაც "პარლამენტის" გუნდის წევრები მთავრობაში გადავიდნენ, "დამხვდურებსა" და "მომხვდურებს" შორის გაჩაღდა ბრძოლა წესების გარეშე. ეს ბრძოლა საკმაოდ მალე დასრულდა ახალი თაობის პოლიტიკოსების პირწმინდად გაძევებით სახელისუფლო სივრციდან.

საქართველოს უმწიფარ სახელმწიფოს მრავალი წლის განმავლობაში ანგრევდა პოლიტიკური სივრცის დანაწევრება ზემოთ ჩამოთვლილი სამი პარამეტრის მიხედვით. კორუფციაში ჩართულ და კორუფციით უკმაყოფილო ფენებად დაყოფაში მთელი მოსახლეობა მონაწილეობდა; ორ პოლიტიკურ ცენტრად დაყოფაში მონაწილეობდა მხოლოდ ხელისუფლება; ხოლო ძველი და ახალი თაობის პოლიტიკოსებად დაყოფა უშუალოდ პრეზიდენტის გუნდზე ვრცელდებოდა. ვერც თავად პრეზიდენტმა, ვერც ხელისუფლებამ და ვერც პარტიულმა ელიტამ ერთიანი პოლიტიკური სივრცის ჩამოყალიბება ვერ უზრუნველყო. ამ რეალობამ გამოიწვია სახელმწიფოს მომწყვდევა შიდა წინააღმდეგობების ტყვეობაში, ერთგვარ მოჯადოებულ წრეში; შესაბამისად, გამოიწვია მისი უფუნქციობა და უნაყოფობა. ახალი ხელისუფლებაც, ამ წრის გარღვევის გარეშე, დახლეჩილი პოლიტიკური სივრცის გაერთიანების გარეშე, ფაქტობრივად, მარცხისთვის არის განწირული.
XS
SM
MD
LG