Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელისუფლო სამეულის მართვის ტექნოლოგია


სახელისუფლო სამეულში ყოველთვის თანხმობა რომ არ არის, ეს ნათლად გამოჩნდა აჭარის ავტონომიის მეთაურთან, ასლან აბაშიძესთან, დაკავშირებით. რასთან გვაქვს საქმე

- სერიოზულ გაუგებრობასთან თუ მართვის ახალ ტექნოლოგიასთან?

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იურისდიქციის გავრცელების თვალსაზრისით, აჭარა მხოლოდ ერთ-ერთი პრობლემაა, თუმცა - მეტად მნიშვნელოვანი. აჭარისგან განსხვავებით, სრულიად ნათელია, რომ საქართველოს პრეზიდენტს არც აფხაზები აირჩევენ და არც ოსები. მაგრამ ქვეყნის მოსახლეობა ახალი ხელისუფლებისგან ელოდება ურთიერთობის მოწესრიგებას არა მხოლოდ ოფიციალურ ბათუმთან, არამედ, სამომავლოდ, სოხუმთან და ცხინვალთანაც. ამიტომ ცენტრსა და პრობლემურ რეგიონს შორის ურთიერთობის ის მოდელი, რასაც ჩვენ თვალყურს ვადევნებთ აჭარის მაგალითზე, შესაძლოა, გარკვეული პერიოდის შემდეგ აფხაზეთსა და ოსეთზეც გავრცელდეს.

რა გვაქვს მხედველობაში: ნინო ბურჯანაძე და ზურაბ ჟვანია გონივრული კომპრომისის მომხრე პოლიტიკოსები არიან. მათი დიალოგი ასლან აბაშიძესთან ყოველთვის გააჩენს შეკითხვას: რას შესთავაზებენ ისინი ავტონომიის ლიდერს? რას დაუთმობენ? სად გაივლის კომპრომისის ზღვარი?

სწორედ იმ დროს, როდესაც ნინო ბურჯანაძე ბათუმში მოლაპარაკებას მართავდა, მიხეილ სააკაშვილმა თბილისში საჯაროდ წარმოთქვა სიტყვები: "თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ აჭარა მოამწყვდიოს ციხეში, შემოავლოს ბარიერები და გამოაცხადოს პირად საკუთრებად, იმისთვის ოთხი კედელი უკვე გამზადებული მაქვს!" ეს ფრაზა ველურ მუქარად გაისმა კულტურული დიალოგის ფონზე.

ამ კონკრეტულ შემთხვევას ორგვარი ახსნა აქვს: ბურჯანაძე და სააკაშვილი ან ერთმანეთთან შეუთანხმებლად მოქმედებდნენ, ან, პირიქით - შეთანხმებულად. პირველ შემთხვევაში ქვეყანას კარგი დღე არ ელოდება; მეორე შემთხვევაში კი, ალბათ, მართვის ახალ ტექნოლოგიაზე შეიძლება ვისაუბროთ: ვიდრე ხელისუფლების დინჯი ლიდერები "რთულ" ოპონენტებთან მოლაპარაკებას აწარმოებენ, რადიკალური ლიდერი ძალისმიერ, მკვეთრ პოზიციას აფიქსირებს ამ ოპონენტის მიმართ. თუ მუქარა არის სამართლიანი, კანონიერი და რეალურად საშიში, საფიქრებელია, რომ ის ხელს კი არ შეუშლის, არამედ დაეხმარება დიალოგს. ესე იგი, თუკი ასლან აბაშიძე იფიქრებს, რომ 4 იანვრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის მუქარა მას, შესაძლოა, მართლა აუხდეს, ეს ყველაზე მოკლე გზა აღმოჩნდება "კეთილი ნების" გამოსავლენად და მოლაპარაკების წარმატებით დასასრულებლად.

თუ ამგვარი "კომპლექსური" მეთოდი საჭირო შედეგს გამოიღებს, შესაძლოა, იგი ხელისუფლებამ მომავალშიც გამოიყენოს. ჩვენ, დათმობითი პოლიტიკის გარდა, სხვა არაფერი გვინახავს. არადა, შესაძლოა, დადგეს დრო, როდესაც სააკაშვილის შემტევმა რადიკალიზმმა ნინო ბურჯანაძესა და ზურაბ ჟვანიას კიდევ უფრო სერიოზული მოლაპარაკებისას გაუმაგროს პოზიციები, ვიდრე ამჟამინდელი ბათუმური დიალოგია.
XS
SM
MD
LG