Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასული საპრეზიდენტო არჩევნების გამოცდილება


საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ მასში მონაწილეობას მიიღებს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის უმრავლესობა.

რაკიღა პოლიტიკური სპექტრის ერთი ნაწილი თავის მომხრეებს საპრეზიდენტო არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწოდებს, გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭება იმ ფაქტორს, თუ მოსახლეობის რა ნაწილი ჩაერთვება არჩევნების პროცესში.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს მასშტაბით მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 76%-მა. მაგრამ, სინამდვილეში, იმ არჩევნებში მოსახლეობის აქტიურობა ძალიან დაბალი იყო. მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო უბნებში მოქალაქეები ხალვათად ჩნდებოდნენ, რასაც ადასტურებდა ყველა, ვინც კი ხმის მიცემა არ დაიზარა. არჩევნების დღეს გამოვლენილმა საყოველთაო პასიურობამ საგანგებო ინტერესიც კი გამოიწვია მომდევნო დღეებში. მაშინ თბილისში მოდურ ფრაზებად იქცა შეკითხვა: "იყავი არჩევნებზე?" და პასუხი: "არა!"

არადა, 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ნახევარი წლით ადრე, საპარლამენტო არჩევნების დღეს თბილისში საარჩევნო უბნებთან რიგი იდგა. თუ გავითვალისწინებთ, რა ფაქტორებმა გამოიწვია ამ ორ არჩევნებში მოქალაქეთა აქტიურობის სრულიად განსხვავებული ხარისხი, შეიძლება, ისიც ვივარაუდოთ, რას უნდა ველოდეთ 4 იანვარს.

პირველი მიზეზი, რის გამოც 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ მოსახლეობის ინტერესი განელდა და ყურადღებაც მოდუნდა, "მტრის ხატის" გაქრობა იყო. ასლან აბაშიძის გამოცხადება რუსეთის იმპერიული ინტერესების საყრდენად, ხოლო აღორძინების კავშირის გამოცხადება "შავ ჭირად" - დიდი სტიმული აღმოჩნდა ამომრჩეველთა აქტიურობისთვის 1999 წელს. სამაგიეროდ, საპრეზიდენტო არჩევნებში ედუარდ შევარდნაძეს ერთადერთი, ტრადიციული ოპონენტიღა შემორჩა, ჯუმბერ პატიაშვილის სახით. მას კი ხალხი სახელმწიფოსათვის საფრთხედ არ აღიქვამდა. ასე რომ, შეიძლება ვივარაუდოთ: "მტრის ხატი", თუკი ასეთი იარსებებს, საზოგადოების შემაკავშირებელი ფაქტორის როლს ითამაშებს 4 იანვრის არჩევნებშიც. ასეთი ხატის გარეშე კი სიფხიზლის ხარისხი დაიწევს.

მეორე ფაქტორი, რის გამოც მოსახლეობის დიდი ნაწილი არ წავიდა 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, ედუარდ შევარდნაძის უალტერნატივობა იყო. ბევრმა ადამიანმა მიიჩნია, რომ ერთადერთ კანდიდატს როგორმე მის გარეშეც აირჩევდნენ. ეს საფრთხე ახლაც რეალურია. პოლიტიკურმა სპექტრმა გამიზნულად დატოვა მიხეილ სააკაშვილი რეალური ოპონენტის გარეშე. "ერთადერთ კანდიდატს ჩემს გარეშეც აირჩევენ", - ეს პოზიცია, შესაძლოა, საბედისწერო აღმოჩნდეს 4 იანვრის არჩევნების ჩაშლის თვალსაზრისით.

მესამე ფაქტორიც არანაკლებ მნიშვნელოვანია: 2000 წელს ოფიციალურ თბილისსა და ბათუმს შორის ურთიერთობის მოულოდნელმა დათბობამ მოსახლეობის დიდ ნაწილში გამოიწვია განცდა, რომ პოლიტიკა თამაშია; თანაც, უღირსი თამაში, რომელშიც მას არაფერი ესაქმება. ეს არგუმენტი ახლაც არსებობს. ჩვენს ირგვლივ არის ბევრი ადამიანი, რომელსაც გულწრფელად სჯერა, რომ ვარდყვავილოვანი რევოლუციის სპექტაკლი ედუარდ შევარდნაძემ თავად დადგა თავის მოწაფეებთან ერთად, მათთვის ძალაუფლების გადაბარების მიზნით. ადამიანები, რომლებიც ამგვარად ფიქრობენ, არჩევნებზე არ წავლენ ორი მიზეზით: პროტესტის ნიშნად და იმ განზრახვით, რომ ბრმა იარაღად არ გადაიქცნენ პოლიტიკოსების ხელში.

ზემოთ ჩამოთვლილი სამივე ძველი ფაქტორი: "მტრის ხატის" არსებობა-არარსებობა, სააკაშვილის უალტერნატივობა და პოლიტიკური პროცესის მიმართ უნდობლობა - უსათუოდ, თავის კვალს დაამჩნევს 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებსაც. სამაგიეროდ, აშკარად მოიხსნება მეოთხე და ყველაზე არსებითი ფაქტორი, რომელმაც განაპირობა მოსახლეობის პასიურობა 2000 წელს: მაშინ გაჭირვებული ადამიანები - ასეთი კი უამრავია - უშუალოდ ედუარდ შევარდნაძეს ადანაშაულებდნენ თავისი ოჯახის და ქვეყნის პრობლემებში. მათ არ სჯეროდათ სასიკეთო ცვლილებების და თავისი პოზიცია ჩუმი, ინდივიდუალური პროტესტით გამოხატეს. ახლა კი, მთავარი ფაქტორი, რომელიც, ზოგადად, არჩევნების ჩატარების და, კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ ამოქმედდება, სწორედ ცვლილებების მოლოდინი და იმედია. ამაზე საფუძვლიანი არგუმენტი არჩევნებზე წასასვლელად რიგითი მოქალაქისთვის, უბრალოდ, არ არსებობს.
XS
SM
MD
LG