Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მოუტანა ედუარდ შევარდნაძეს "ხავერდოვანმა რევოლუციამ"


ერთი შეხედვით, ყველაზე მთავარი პოლიტიკური ფიგურა, რომელიც დაზარალდა "ვარდების რევოლუციის" შედეგად - საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძეა. მაგრამ ის, რაც უდავოა ერთი შეხედვით, შესაძლებელია, მსჯელობის თემად ვაქციოთ.



შევეცდები ვუპასუხო შეკითხვას, თუ რა მოუტანა ედუარდ შევარდნაძეს ხავერდოვან რევოლუციად წოდებულმა მოვლენამ.

თუ სამართლიანები ვიქნებით, პირველ რიგში ის უნდა ვაღიაროთ, რომ ედუარდ შევარდნაძე, როგორც პოლიტიკური ფიგურა, მარტივ და ცალსახა აღქმას არ ექვემდებარება. ვერც ერთი დინჯად მოაზროვნე ადამიანი დაზუსტებით ვერ იტყვის, წლების და ათწლეულების შემდეგ როგორ შეაფასებს მის მოღვაწეობას შთამომავლობა: ედუარდ შევარდნაძეს დაერქმევა საქართველოს ახალი სახელმწიფოს ფუძემდებელი, თუ იგი იქნება პრეზიდენტი, რომელმაც დაანაწევრა და კორუფციის ჭაობში ჩაახრჩო ქვეყანა.

მომავალ თაობებს თავი რომ დავანებოთ, გასული წლების მანძილზეც სრულიად სხვადასხვაგვარად ფასდებოდა პრეზიდენტის როლი და ფუნქცია. საზოგადოების ერთი ნაწილი მას მიიჩნევდა ბრძენ მმართველად, რომელიც გაცილებით მეტს ხედავს, ვიდრე მის ირგვლივ მოფუსფუსე, თუნდაც მისი გამოზრდილი პოლიტიკოსები. ფიგურალურად ამბობდნენ, რომ პოლიტიკა ჭადრაკს ჰგავს და შევარდნაძე საუკეთესო მოთამაშეა, რადგან გაცილებით მეტი სვლის გამოთვლა შეუძლია, ვიდრე ნებისმიერ მოწინააღმდეგეს ქართული პოლიტიკური სპექტრიდან. ამ ლოგიკიდან ის დასკვნა გამომდინარეობდა, რომ პრეზიდენტთან დაპირისპირება ლამის თვითმკვლელობის ტოლფასია.

მაგრამ ასე ფიქრობდა საზოგადოების მხოლოდ ერთი ნაწილი. მეორე ნაწილი, პირიქით, დაუღალავად ამტკიცებდა, რომ შევარდნაძე დამოუკიდებელი პოლიტიკური მოთამაშე არასოდეს ყოფილა და მუდამ ვიღაცის დაკვეთას ასრულებდა; რომ მისი ყველა ნაბიჯი გარედან, უცხო ძალების მიერ იყო ნაკარნახევი. მოკარნახის როლში რიგრიგობით სახელდებოდა ხან რუსეთი და ხან დასავლეთი, ხან იმპერიული და ხან მასონური ძალები.

ასეთივე ორსახა შეფასებები გაისმოდა აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით. ერთნი ამბობდნენ, რომ შევარდნაძემ აფხაზეთი გაყიდა, მეორენი კი ფიქრობდნენ, რომ მან თავდადებით იბრძოლა აფხაზეთისთვის და ბრძოლის ველი დატოვა, როგორც ერთ-ერთმა ბოლო მეომარმა. და, ზუსტად ასევე, ერთნი მიიჩნევდნენ, რომ საქართველოს, შევარდნაძის გარდა, ვერავინ გაამთლიანებს, მეორენი კი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მის ხელში ქვეყანას ერთიანობა არ უწერია.

არანაკლებ წინააღმდეგობრივად ფასდებოდა ძალაუფლების საკითხი. ყველა თანხმდებოდა, რომ შევარდნაძე ძალაუფლების მოპოვების და შენარჩუნების დიდოსტატია. მაგრამ საზოგადოების ნაწილი მიიჩნევდა, რომ მას ერთპიროვნული მართვა მხოლოდ საკუთარი პოსტის და გავლენის შესანარჩუნებლად სჭირდებოდა, მეორე ნაწილს კი სჯეროდა, რომ პრეზიდენტი საკუთარ ხელში თავმოყრილ ბერკეტებს დემოკრატიის დასამკვიდრებლად და ქვეყნის ფეხზე დასაყენებლად გამოიყენებდა. ერთნი შევარდნაძეს რუსული სამხედრო ბაზების გამო აკრიტიკებდნენ, მეორენი კი ამერიკული "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამის განხორციელებისთვის აქებდნენ.

უმთავრესი საკითხი, რომელიც საბოლოოდ მოჰფენდა ნათელს ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკური პორტრეტის ბუნდოვან შტრიხებს, იყო მისი კარიერის დასრულების და მომდევნო თაობისთვის ძალაუფლების გადაბარების საკითხი.

როგორი იქნებოდა ედუარდ შევარდნაძის - ამ რთული და წინააღმდეგობრივი პოლიტიკოსის - კარიერის დასასრული "ხავერდოვანი რევოლუციის" გარეშე? ფაქტია, რომ ბოლო წლებში ქვეყანა აღარ ვითარდებოდა და პრეზიდენტის მიმართ მოსახლეობის აგრესია იზრდებოდა. შევარდნაძის გარემოცვა სულ უფრო და უფრო მეტად დეგრადირებულ სახეს იღებდა, რაც ნიშანდობლივია საბჭოთა-ნომენკლატურული სისტემისთვის. წელიწადნახევარი, - დრო, რომელიც რჩებოდა პრეზიდენტის კონსტიტუციური ვადის ამოწურვამდე, - დიდი ალბათობით, საბოლოოდ გაანადგურებდა ედუარდ შევარდნაძის ავტორიტეტის ჯერ კიდევ შემორჩენილ მარცვლებს. ყოველ შემთხვევაში, ზოგადი ტენდენცია სწორედ ამაზე მიანიშნებდა.

ბოლო წლების უმძიმესი კრიზისის ფონზე, შეიძლება ითქვას, რომ "ხავერდოვანმა რევოლუციამ" ერთბაშად გააცოცხლა შევარდნაძის პოლიტიკურად მომაკვდავი ფიგურა. ახლა უეჭველია, რომ მომავალში პრეზიდენტის პორტრეტის ხატვას დაასრულებენ არსებითი შტრიხით: ეს არის ადამიანი, რომელმაც დათმო ძალაუფლება მშვიდობიანად, ხავერდოვნად; ეს არის ადამიანი, რომელმაც თანამემამულეების სისხლი არ დაღვარა და ასპარეზი ახალგაზრდა თაობას დაუთმო. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ედუარდ შევარდნაძე რჩება და, ალბათ, სამუდამოდ დარჩება საინტერესო პოლიტიკურ ფიგურად. ჯერ კიდევ ორ ნოემბერს ამგვარი ხედვისთვის რაიმე საფუძველი არ არსებობდა. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ "ხავერდოვანმა რევოლუციამ" ედუარდ შევარდნაძეს მოუტანა არანაკლები სიკეთე, ვიდრე მასზე გამარჯვებულ ოპოზიციას. "ვარდყვავილოვანმა" ამბოხმა, ფაქტობრივად, გადაარჩინა ედუარდ შევარდნაძის მრავალწახნაგა პოლიტიკური კარიერა.
XS
SM
MD
LG