Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საარჩევნო კამპანიის სამი მთავარი სუბიექტი


საარჩევნო აქტიურობის მიხედვით, ამჟამინდელ კამპანიას სამი მთავარი სუბიექტი ჰყავდა: ნაციონალური მოძრაობა, ბლოკი "ბურჯანაძე-დემოკრატები" და ბლოკი "ახალი საქართველოსთვის".



შესაძლოა, არჩევნებში საუკეთესო შედეგი სულ სხვა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ აჩვენოს, მაგრამ ის ფაქტი, რომ ყველაზე მეტი აქტიურობა სწორედ ზემოთ ჩამოთვლილმა სამმა სუბიექტმა გამოავლინა, ეჭვს არ იწვევს. თითოეული მათგანის საარჩევნო კამპანია მკაფიო თავისებურებებით ხასიათდებოდა.

ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა მოსახლეობასთან შეხვედრა სხვებზე ადრე დაიწყეს. საბოლოოდ, სააკაშვილის ენერგიული ქმედება ორგვარ შედეგში აისახა: ჯერ ერთი, იგი ხუთი თვის განმავლობაში ყველაზე მეტ ამომრჩეველს შეხვდა და მეორეც - ყველაზე მეტი წინასაარჩევნო სკანდალი თუ დაპირისპირება მაინცდამაინც მის პარტიას დაუკავშირდა. შესაბამისად, მთავარი ოპოზიციონერის საპატიო წოდება მიხეილ სააკაშვილმა მოიპოვა. ნაციონალების მიერ წარმოებული კამპანიის განმსაზღვრელ ნიშნებად აგრესიულობა, უკომპრომისობა და შეუპოვრობა უნდა მივიჩნიოთ.

"ბურჯანაძე-დემოკრატების" ბლოკის საარჩევნო კამპანიის მთავარი თავისებურება ის იყო, რომ ამ სუბიექტის ორი ლიდერიდან ერთი - ჟვანია - მცირე გამონაკლისის გარდა, პირობითად თუ ვიტყვით, "კადრს მიღმა" მუშაობდა; მეორე კი - ბურჯანაძე - საჯარო საქმიანობის ჭაპანს ეწეოდა. მთელი კამპანიის მანძილზე პოლიტიკოსებს შორის ყველაზე მეტი ბრალდების გაქარწყლება სწორედ ნინო ბურჯანაძეს მოუხდა. ამის მიუხედავად, "ბურჯანაძე-დემოკრატების" ბლოკის საარჩევნო კამპანია შეიძლება დახასიათდეს, როგორც კორექტული და ოპოზიციის თანამშრომლობისკენ მოწოდებული.

სახელისუფლო ბლოკის წინასაარჩევნო სტრატეგიის მთავარი თავისებურება ის აღმოჩნდა, რომ ამ სუბიექტმა საჯარო სააგიტაციო კამპანიაზე, ფაქტობრივად, უარი თქვა. ბლოკის ლიდერებმა ამომრჩეველთან შეხვედრა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყეს და დაასრულეს კიდეც. კამპანიის ძირითადი არსი შეიძლება ჩამოყალიბდეს, როგორც შიდა სახელისუფლო რესურსის ჩუმი მობილიზაცია და ოპონენტებისთვის ხმაურიანი ბრალდებების წაყენება. სამთავრობო ბლოკისთვის ადგილის მიჩენა წინასაარჩევნო კამპანიის მთავარ სამეულში საინფორმაციო საშუალებებზე ამ ორგანიზაციის ხელმისაწვდომობამ გამოიწვია. სახელისუფლო ბლოკის კამპანია ნეგატიური მუხტით წარიმართა, რაც გამოიხატა ცუდად შენიღბული, მაგრამ კარგად ორგანიზებული ბრალდებებით: მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო დაპირისპირების მოწყობას და დესტაბილიზაციას გეგმავს; ზურაბ ჟვანია დივერსიებს აწყობს ელექტროგადამცემ ხაზებზე; ხოლო ნინო ბურჯანაძე რუსეთის სპეცსამსახურების აგენტია.

თუ მთელ პოლიტიკურ სპექტრს გადავხედავთ, უნდა დავადასტუროთ, რომ არჩევნების პროცესის ყველაზე უკეთესი ცოდნა ყოფილი მოქალაქეთა კავშირის ერთიანმა გუნდმა გამოავლინა. ნაციონალები, "ბურჯანაძე-დემოკრატები" და ბლოკი "ახალი საქართველოსთვის" იყო ის სამი ორგანიზაცია, რომელმაც სხვებზე მეტად იაქტიურა და რომელმაც, კარგად თუ ცუდად, მაგრამ სხვებზე მეტად დაამახსოვრა თავი ამომრჩეველს.
XS
SM
MD
LG