Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"პოლიტიკისა და ეკონომიკის "სუბორდინაცია


თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში შეუდარებლად მეტი ადამიანია დაინტერესებული ქვეყნის ეკონომიკით, ვიდრე პოლიტიკით. თუ უფრო მეტად დავაკონკრეტებთ, საზოგადოების წევრთა უმრავლესობა თავისი

ოჯახის პრობლემად მიიჩნევს სახელმწიფოს ეკონომიკურ წარუმატებლობას, მაგრამ ვერ ხედავს საკუთარ კავშირს პოლიტიკურ პროცესთან. საყოველთაოდ მიჩნეულია, რომ ეკონომიკა ის საფუძველია, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებას.

ტერმინი "სუბორდინაცია", როგორც წესი, უფროსისა და უმცროსის სამსახურებრივ დაქვემდებარებას აღნიშნავს და არ გამოიყენება ისეთი ცნებების დამაკავშირებლად, როგორებიცაა ეკონომიკა და პოლიტიკა. მაგრამ ეს ტერმინი კარგად ესადაგება პრობლემას, რომლის შესახებაც დღეს ვისაუბრებთ: მაინც, რომელია პირველადი საფუძველი, რაზეც უნდა დაშენდეს ახალი ქართული სახელმწიფო - ეკონომიკა თუ პოლიტიკა? რომლისკენ უნდა მიიმართოს საზოგადოების ძალისხმევა, რომელია პრიორიტეტი - სწორი ეკონომიკური განვითარება თუ სწორი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბება?

რამდენიმე ფაქტორი მიუთითებს, რომ ქვეყნის მოსახლეობა პრიორიტეტულად ეკონომიკის განვითარებას მიიჩნევს. საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის გამოკვლევის თანახმად, უპირველესად მოსაგვარებელი პრობლემების ნუსხაში გამოკითხულთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ პირველი ადგილი "უმუშევრობას" მიაკუთვნა როგორც გასული წლის ნოემბერში, ისე მიმდინარე წელს, ივნისში. წმინდა პოლიტიკური პრობლემა - აფხაზეთი - ნოემბრის გამოკითხვისას მეხუთე პოზიციაზე აღმოჩნდა, ხოლო ივნისის გამოკითხვისას მან მეათე ადგილზე გადაინაცვლა. საერთოდ, კვლევის ორივე ეტაპზე, ეკონომიკურმა პრობლემებმა პირველ ათეულში თითქმის აღარ დაუტოვა ადგილი პოლიტიკურ პრობლემებს.

საინტერესოა, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ პრობლემად აღიქვამს საქართველოს მოსახლეობა კორუფციას. ნოემბერში კორუფცია მოსაგვარებელი საკითხების ნუსხაში მეორე ადგილზე აღმოჩნდა, ივნისში კი - მესამეზე. უნდა ვივარაუდოთ, რომ საზოგადოებისთვის კორუფცია უფრო ეკონომიკური საკითხია, ვიდრე პოლიტიკური, რადგან მის აღმოფხვრას პრიორიტეტი მიანიჭა იმ ფენამ, რომელიც საკუთარ თავს "ღარიბს" უწოდებს. კორუფციის მიმართ შეურიგებელი პოზიციის თვალსაზრისით, მდიდრებსა და ღარიბებს შორის სხვაობამ თითქმის 28% შეადგინა. ბუნებრივიც არის, რომ საქართველოში და მსგავს ქვეყნებში კორუფცია სწორედ ღარიბების პრობლემაა და არა მდიდრების.

შესაძლებელია თუ არა კორუფციის შემცირება წმინდა ეკონომიკური გადაწყვეტილებებით? ეს დამოკიდებულია მეორე ფაქტორზე: შესაძლებელია თუ არა თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკის გატარება მყარი პოლიტიკური საყრდენის გარეშე? გასულ არჩევნებში მოსახლეობამ მხარი დაუჭირა პარტიას "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს", რომელიც ამომრჩეველს დასაქმების პრობლემის გადაჭრას დაჰპირდა. რატომ ვერ შეძლო საკუთარი დაპირების შესრულება მრეწველთა პარტიამ და იყო თუ არა მოსალოდნელი, რომ გოგი თოფაძე, თავის თანამოაზრეებთან ერთად, შეძლებდა გარდატეხის შეტანას ქვეყნის ეკონომიკაში? ცხადია, არა. თავად გოგი თოფაძე, უპირველეს ყოვლისა, მეწარმეა და მხოლოდ ამის შემდეგ არის პოლიტიკოსი. იგი ყოველთვის ნაკლები ინტერესით ეკიდებოდა პოლიტიკას და გასული ოთხი წლის განმავლობაში თითქმის ყველა პოლიტიკურ საკითხში სახელისუფლო ფრაქციებს უჭერდა მხარს. მრეწველთა პარტიამ ვერ შეძლო დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება და, შესაბამისად, ვერ შეძლო რაიმე არსებითი ცვლილების შეტანა ქვეყნის ეკონომიკაში.

სტერეოტიპი, რომ ეკონომიკის განვითარება ყოველგვარი განვითარების საფუძველია, გამართლებულია მხოლოდ ისეთ ქვეყნებში, რომლებსაც მყარი პოლიტიკური სისტემა აქვთ. ამის მიზეზი ადვილად ასახსნელია: ეკონომიკის განვითარებას სჭირდება თანმიმდევრული ნაბიჯები, თანმიმდევრული ნაბიჯების გადასადგმელად კი აუცილებელია პოლიტიკური ნება. მაგალითად, ამჟამინდელი ხელისუფლების პოლიტიკური ნება ისაა, რომ ქვეყანა იმართებოდეს კორუფციული პირამიდების მეშვეობით: ბევრმა მოიპაროს ცოტა, რათა ცოტამ მოიპაროს ბევრი. რომ არა შევარდნაძის პოლიტიკური ხელისუფლების სიმყარე, ეს პირამიდები კარგა ხნის წინ დაინგრეოდა. სწორედ პოლიტიკა განაპირობებს ეკონომიკას და იმ მდგომარეობას, რომელშიც საქართველოს მოსახლეობა აღმოჩნდა ბოლო წლების განმავლობაში.

არის თუ არა შესაძლებელი უმუშევრობის, კორუფციის, დაბალი ხელფასისა და სხვა ეკონომიკური პრობლემების გადაჭრა პოლიტიკური სისტემის შეცვლის გარეშე? ინტუიციურად საზოგადოების დიდი ნაწილი გრძნობს, რომ ეს შეუძლებელია. მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ პოლიტიკა მისი საქმე არ არის. სინამდვილეში, ვიდრე ქვეყანაში არ ჩამოყალიბდება ახალი სახელისუფლო სისტემა, ვიდრე არ გაჩნდება მმართველი ფენა, რომლის პოლიტიკური ნება იქნება კორუფციული პირამიდების ნგრევა და ეკონომიკის განვითარება, უკეთესობისკენ ვერაფერი შეიცვლება. ამიტომაც არის, რომ დღეს პოლიტიკა ბევრად მჭიდრო კავშირშია ჩვენი ოჯახების ბიუჯეტთან, ვიდრე ეკონომიკა.
XS
SM
MD
LG