Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთი პოლიტიკური ესეის შესახებ


ედუარდო გელეანო ურუგვაის დედაქალაქში, მონტევიდეოში, დაიბადა 1940 წელს. იგი ლათინური ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მწერალი და ჟურნალისტია.



დღეს შემოგთავაზებთ ნაწყვეტებს 1996 წელს ედუარდო გელეანოს მიერ დაწერილი პოლიტიკური ესეიდან, რომელსაც "პატიმრები" ეწოდება. ამ ესეის გაცნობა მსმენელს დაარწმუნებს, რამდენად მსგავსი შეიძლება იყოს ვითარება ორ ქვეყანაში, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე მდებარეობს.

"ჩვენ ყველანი პატიმრები ვართ", წერს ურუგვაელი მწერალი ედუარდო გელეანო სტატიაში, რომელიც მის სამშობლოს ეხება და რომელიც, ამავდროულად, შემაძრწუნებელი სიზუსტით აღწერს დღევანდელი საქართველოს ცხოვრებას. გთავაზობთ ციტატებს ესეიდან "პატიმრები":

"ჩვენ ყველანი პატიმრები ვართ. თავისუფლებას განსაკუთრებით არიან მოკლებული ჩვენი შვილები. საზოგადოება, რომელიც სტაბილურობას მეტ მნიშვნელობას ანიჭებს, ვიდრე სამრთლიანობას, სინამდვილეში, მდიდარ ბავშვებს უცქერის როგორც ფულს, ღარიბ ბავშვებს აღიქვამს როგორც ნაგავს, საშუალო კლასის შვილები კი ტელევიზორებზე ჰყავს მიჯაჭვული. უსამართლობის პოდიუმზე ელიტა მოძრაობს. ის, რაც დასჯადია ქვედა ფენებისთვის, მისასალმებელია ზედა ფენისთვის. წვრილმანი ქურდობა - კერძო საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია, მსხვილმანი ყაჩაღობა კი მესაკუთრის უფლება და პირადი ინიციატივაა. და ვიდრე ელიტა თავისი ცხოვრების წესით უკანონობას ქადაგებს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, განსაკუთრებით ტელევიზია, ძალადობას ამკვიდრებს. ბუენოს-აირესის ბავშვები ტელევიზიით ყოველდღე პირდაპირი ძალადობის 40 სცენას უყურებენ. ახლა ის დავთვალოთ, რამდენი არაპირდაპირი მოწოდება გაისმის ტელეეკრანიდან: "იყიდე!" და რამდენი ისეთი ადამიანი უსმენს ამ მოწოდებას, რომელსაც ყიდვა არაფრის შეუძლია! რამდენად ხშირად მიანიშნებენ ადამიანებს, რომ ვინც არ ყიდულობს, ის არ ცხოვრობს; რომ ვისაც არაფერი გააჩნია, იგი უღირსია! რეკლამით ტელემაყურებლის ცნობიერების წალეკვა განა ნაკლები ძალადობაა?

ძალადობის კულტის კვალდაკვალ, მყიფე დემოკრატიის ქვეყნებში ციხეები პირთამდე სავსეა პატიმრებით. ისინი, როგორც წესი, ღარიბი ფენებიდან არიან, რადგან მხოლოდ ღარიბებს აპატიმრებენ ქვეყნებში, სადაც არავის სჯიან, როცა ახლად აშენებული ხიდი ჩამოიქცევა, ან მეპატრონეების მიერ გაძარცული ბანკი კოტრდება, ან საძირკვლის გარეშე აგებული სახლი ინგრევა. ციხეები ჭუჭყში იხრჩობა და პატიმრები თევზებივით არიან ჩალაგებული. მაგრამ ისიც საკითხავია, ვინ უფრო მეტად არის მოკლებული თავისუფლებას: ციხეში გამოკეტილი პატიმარი თუ დანარჩენი საზოგადოება. არიან კი თავისუფალი ადამიანები, რომლებიც მხოლოდ იმისათვის ცხოვრობენ, რომ იმუშაონ, რადგან არა აქვთ ფუფუნება, რომ ისეთი სამუშაო იშოვონ, რომელიც მათ ცხოვრების საშუალებას მისცემს? არიან თავისუფალი ის ადამიანები, რომლებიც საერთოდ ვერ პოულობენ სამუშაოს და სიღატაკეში იძირებიან? არის თავისუფალი შიშით შებოჭილი საზოგადოება? დააკვირდით გისოსებს: ყველგან გისოსებია. გისოსებში ცხოვრობს ისიც, ვისაც აქვს რაიმე დასაკარგი და ისიც, ვისაც საამისო არაფერი გააჩნია. საზოგადოება, სადაც ადამიანები მუდმივად თავის გასატანად იბრძვიან, შეშინებული საზოგადოებაა. აქ მდიდართა შვილები განსაკუთრებულ პირობებში - შიშის აკვარიუმში ცხოვრობენ. მათ სახლებს ხშირად დიდი გალავნები აქვს შემოვლებული. ბავშვები სრულებით არ იცნობენ ქალაქს, რომელშიც ცხოვრობენ. მათი ფანჯრებიდან, შესაძლოა, მხოლოდ ცის პაწია ნაჭერი მოჩანდეს. ჰოდა, ყველაფერი ეკრძალებათ, ფანჯრიდან ცქერის გარდა. რადგან კარს მიღმა იწყება შიშის სამყარო; სამყარო, რომელიც სავსეა საზიზღარი, ჭუჭყიანი და ბოროტი ადამიანებით. ეს ბავშვები გლობალიზაციის ნედლი მასალაა, რადგან ისინი საკუთარ სამშობლოს არ ეკუთვნიან. მათ არც ფესვები აქვთ, არც ეროვნული ხასიათი, არც თავიანთი ქვეყნის სიყვარული. მათში გამჯდარია რწმენა, რომ კომპიუტერი უფრო მეტად სანდოა, ვიდრე ადამიანი.

ღარიბთა შვილებზე სათქმელიც არაფერია. სისტემის მძევალთა შორის ყველაზე მეტად დაჩაგრულები ისინი არიან. საზოგადოება წარმოშობს მათ, დევნის მათ, სჯის მათ, ხოცავს მათ, მაგრამ არასოდეს ღებულობს მათ საკუთარ წიაღში.

ხელისუფლება ფიქრობს: ინფრასტრუქტურასა და მომსახურების სფეროს ბაზარი მოაწესრიგებს, ღატაკებზე კი ღმერთი იზრუნებს. მაგრამ საზოგადოებაში, რომელიც მოჩვენებით სტაბილურობას სამართლიანობაზე მეტ მნიშვნელობას ანიჭებს, სულ უფრო მეტი ადამიანი ჩნდება, რომელიც სიამოვნებით დაანგრევს ამგვარ სტაბილურობას სამართლიანობის სახელით. ამიტომაც გაისმის სულ უფრო ხშირად მოწოდებები ახალი წესრიგის გარდაუვალობის შესახებ."

აი, ასეთია ესეი, სახელწოდებით "პატიმრები". მისი თითოეული წინადადება ურუგვაის მოსახლეობისთვის არის განკუთვნილი, მაგრამ საქართველოს მუდმივი გულშემატკივრის პოზიციას გამოხატავს.
XS
SM
MD
LG