Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცოდნისა და უმეცრების სოციალური ფუნქცია


საქართველოს უმთავრესი პოლიტიკური და სოციალური ამოცანა დღეს ერთმანეთის თანხვედრია: უნდა შეიცვალოს ზოგადი ვითარება და ქვეყანა უძრაობის ფაზიდან მოძრაობის ფაზაში გადავიდეს.

სწორედ ასეთი ამოცანების გადასაჭრელად არსებობს არჩევნები. ერთადერი, რაც საზოგადოებას ხელს შეუშლის მეტ-ნაკლებად სწორი არჩევანის გაკეთებაში, პოლიტიკური მომენტის ვერშეფასება იქნება. ჯერჯერობით სრულიად არაპროგნოზირებადია, რითი დასრულდება ეს მძიმე გამოცდა.
გესაუბრებით ცოდნისა და უმეცრების სოციალურ ფუნქციაზე.

რაც უფრო მეტად ახლოვდება საპარლამენტო არჩევნების დღე, მით მეტი ადამიანი გამოხატავს გულგრილობას ამ მოვლენის მიმართ. ადამიანები, რომლებსაც უჭირთ პარტიებს შორის საუკეთესოს შერჩევა, ამბობენ, რომ ყველა ერთია. და ასეთ ფრაზას სულ უფრო ხშირად მოისმენთ, რაც იმას ნიშნავს, რომ პოტენციურ ამომრჩეველთა რაოდენობა მცირდება და მცირდება. ალბათ, ლოგიკურია დასკვნა, რომ არჩევნების მნიშვნელობას და მის შედეგებს ეჭვქვეშ საზოგადოების ის ნაწილი აყენებს, რომელიც ვერ ხედავს საკუთარი ცხოვრების შეცვლის რეალურ გზას. დღეს არავინ იცის, რა მოცულობით არის გავრცელებული საზოგადოებაში ნიჰილიზმი არჩევნების მიმართ, ანუ უნდობლობა ყველა პარტიის მიმართ, ანუ პოლიტიკური ცოდნის დეფიციტი. თუ ეს დეფიციტი სოციალურად მნიშვნელოვან ნიშნულს მიაღწევს, შესაძლოა, არჩევნების შედეგად მართლაც არაფერი შეიცვალოს.

გამორიცხული არ არის, ორ ნოემბერს ოპოზიციურ პარტიებს სანანებლად გაუხდეთ საკუთარი სიჯიუტე. 1999 წელს, როდესაც მოსახლეობას შესთავაზეს მარტივი არჩევანი "მოქალაქეთა კავშირსა" და "აღორძინების კავშირს" შორის, ორივე მხარის მომხრეთა ხმები მკაფიოდ გადანაწილდა. დღეს კი საზოგადოებას ისე გაურთულეს არჩევანი, რომ რთული ამოცანის გადასაწყვეტად საჭირო ცოდნა არ მიუშველებიათ. სატელევიზიო დებატები, რომლებიც პოლიტიკური ცოდნის მიღების ერთადერთი წყაროა, სინამდვილეში, უფრო მეტად აბნევს მაყურებელს, ვიდრე სძენს მას რაიმეს. არადა, ზოგადი წესი ასეთია: უმეცრებაც ისევე იფართოებს საზღვრებს, როგორც ცოდნა. დროთა განმავლობაში, უმეცრება იძენს მასშტაბს და, ცოდნის მსგავსად, სოციალურ შედეგებს განაპირობებს, მოქმედებს საზოგადოებაზე და ცვლის მას.

საიდუმლო არ არის, რომ ქართული საზოგადოება განიცდის როგორც ზოგადი განათლების, ისე პოლიტიკური ცოდნის დეფიციტს. ტრადიციული დემოკრატიის ქვეყნებში თითოეულ საზოგადო პრობლემაზე ინტელექტუალური ცენტრები მუშაობენ და გამზადებულ დასკვნებს სთავაზობენ პოლიტიკოსებს. ასეთი ცენტრები ან უნივერსიტეტებთან არსებობენ, ან საუნივერსიტეტო წრეებიდან მარაგდებიან. საუნივერსიტეტო წრეების კვალიფიკაციას კი ძლიერი სასკოლო ქსელი განაპირობებს. ამიტომ, ცივილიზებულ ქვეყნებში ცოდნის გავრცელების გზები გამჭვირვალეა და საგანმანათლებლო სისტემა ყოველგვარი პროგრესის საფუძვლად არის მიჩნეული.

ჩვენს ქვეყანაში მოშლილია სასწავლო პროცესი როგორც საშუალო, ისე უმაღლეს სკოლებში. ეს კანონზომიერი შედეგია თანხისა, რასაც სახელმწიფო განათლების სისტემაში აბანდებს. შესაბამისად, არც ცოდნის კულტურა არსებობს, არც ინტელექტუალური ცენტრები და არც პროგრესი. პოლიტიკოსები და ჩინოვნიკები, როგორც წესი, მხოლოდ საკუთარ გამოცდილებას და ინტუიციას ენდობიან. ასეთ პირობებში, საზოგადოებრივად მნიშვნელოვან ინფორმაციას - განსაკუთრებით, თუკი მას პოლიტიკური ხასიათი აქვს - ფლობს განდობილთა მცირერიცხოვანი ჯგუფი, მათ შორის, როგორც ხელისუფლებიდან, ასევე ოპოზიციიდან. საზოგადოებას კი არჩევანის გასაკეთებლად საჭირო ცოდნა არ გააჩნია. მიზეზი ის არის, რომ პოლიტიკა აღქმულია ომის ნაირსახეობად; ხოლო ომში ინფორმაციის დამალვა ან ცრუ ინფორმაციის გავრცელება მოწინააღმდეგის დამარცხების პირობაა. ომში ყოველთვის განზრახ იქმნება ცოდნის ვაკუუმი და ვრცელდება მხოლოდ ის მასალა, რასაც სამხედრო მმართველობა მიიჩნევს საჭიროდ. სწორედ ამგვარ ომშია ჩართული საქართველოს ხელისუფლება და პოლიტიკური სპექტრი საკუთარ მოსახლეობასთან. "ხალხს ყველაფერი არ უნდა უთხრა; უნდა უთხრა მხოლოდ ის, რაც საჭიროა!" - ასეთია ზოგადი პოლიტიკა, რომელიც უმეცრებას ამკვიდრებს. ცოდნის დეფიციტის ლოგიკური შედეგია საზოგადოების უსუსურობა: ადამიანმა იცის, რომ ძალიან ცუდად ცხოვრობს, მაგრამ არ იცის, როგორ უნდა შეცვალოს თავისი ცხოვრება უკეთესობისკენ. დღეს სრულიად აშკარაა, რომ უმეცრება ძალაა და უმეცრების გავრცელება - პოლიტიკური სისტემის ნაწილი. ხელისუფლება და ოპოზიცია ერთ ნაპირზე არიან, ხალხი მეორე ნაპირზეა. ოპოზიციაც იქითა ნაპირიდან სთავაზობს საზოგადოებას სწორი არჩევანის გაკეთებას და თავად კი ვერაფრით ეხმარება. როდესაც პარლამენტში ძალთა პირველი გადანაწილება დასრულდება, ჩვენც მაშინ დავუბრუნდებით ცოდნისა და უმეცრების სოციალურ ფუნქციას და შედეგებს მსმენელთან ერთად შევაჯამებთ.
XS
SM
MD
LG