Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რისთვის სჭირდება ნაციონალურ მოძრაობას აგრესიული საარჩევნო კამპანია


ათობით ადამიანი დაზიანდა გასულ კვირას ბოლნისში მომხდარი ინციდენტის შედეგად. ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც პროვოკაციად შეაფასა დაპირისპირება, რომელიც სისხლიან კონფლიქტში გადაიზარდა.

შეეძლო თუ არა მიხეილ სააკაშვილს ამ პროვოკაციის წინასწარ გათვლა და თუ შეეძლო, რატომ არ აიცილა იგი თავიდან? რისთვის სჭირდება ნაციონალურ მოძრაობას ესოდენ აგრესიული საარჩევნო კამპანია?

შევეცდებით პასუხი გავცეთ ამ კითხვებს.

გასული კვირის ბოლოს მიხეილ სააკაშვილმა ქვემო ქართლში, კერძოდ, ბოლნისში ამომრჩეველთან შეხვედრა დაგეგმა. საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილებას და ხალხთან საუბარს, წესით, ვერავინ დაუშლიდა. მაგრამ, დაძაბული პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა საჯაროდ გააფრთხილა პრეზიდენტი, რომ მას ხელისუფლების მხრიდან პროვოკაცია გამოერიცხა. წინასწარ მიღებული ზომების მიუხედავად, ნაციონალური მოძრაობა ბოლნისში წავიდა, როგორც ბრძოლის ველზე: თვითმხილველი ჟურნალისტების დამოწმებით, მიხეილ სააკაშვილს ხალხით სავსე მანქანების სოლიდური კოლონა ახლდა, ხოლო კონფლიქტისას აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი თანმხლები პირი შეიარაღებულიც იყო. სიტყვის სათქმელად მისულ ადამიანს დამხვდურებმა ქვები დაუშინეს, რასაც ნაციონალურმა მოძრაობამ საბრძოლო სულისკვეთება შეაგება: მივიდნენ, ნახეს, გაიმარჯვეს...

შეეძლო თუ არა მიხეილ სააკაშვილს ამ კონფლიქტის თავიდან აცილება? ცხადია, შეეძლო. ოღონდ, იმის ფასად, რომ ქვემო ქართლში, განსაკუთრებით, არაქართული მოსახლეობით კომპაქტურად დასახლებულ პუნქტებში ფეხი არ უნდა შეედგა. ხელისუფლება სწორედ ამ რეგიონის ხმებით აპირებს პარლამენტში დაბრუნებას და აქაურ ამომრჩეველს უბრძოლველად არ დათმობს. მაშ, რისთვის დასჭირდა სააკაშვილს წინასწარ პროგნოზირებად კონფლიქტზე წასვლა?

წლევანდელი არჩევნები თანაბარი ძალის ოპოზიციური პარტიების სიმრავლით გამოირჩევა. ლიდერები, საჯაროდ თუ კულუარებში, ერთმანეთს ხელისუფლებასთან ფარულ ალიანსში სდებენ ბრალს, საკუთარ პარტიას კი მთავარ ოპოზიციურ ძალად წარმოაჩენენ. წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს ჭეშმარიტი და ცრუ ოპოზიციის გამოვლენის ნიშნით. ამ ვითარებაში, ხელისუფლებასთან სისხლიანი დაპირისპირება, შესაძლოა, საზოგადოების ნაწილს მართლაც უდასტურებდეს, რომ ჭეშმარიტი ოპოზიცია ნაციონალური მოძრაობაა. მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც გასულ თვეში ხელისუფლებასთან დაპირისპირების მუხტი მოადუნა, რეიტინგებში მესამე ადგილზე გადაინაცვლა. ახლა კი იგი ერთადერთია, ვისაც პოლიციამ ქვა და ტყვია დაუშინა.

თუ მოვლენებს სხვა თვალით შევხედავთ, უნდა ვაღიაროთ, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მართლაც ერთადერთია, ვინც ხელისუფლების მაღალჩინოსნებს პირისპირ უწოდებს ბანდიტებს და ციხეში გაგზავნით ემუქრება. ამომრჩეველთა ნაწილს მისი რადიკალიზმი აშინებს, ნაწილს კი აღტაცებას გვრის. ნებისმიერ შემთხვევაში, საარჩევნო კამპანიის ბოლოს, სააკაშვილი, ალბათ, ყველაზე გულწრფელი ოპოზიციონერის ნიშას დაიკავებს. იგი სწორედ ამისათვის მუშაკობს.
XS
SM
MD
LG