Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ აძლიერებს ოპოზიცია ხელისუფლებას


წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში უფრო ხშირად იმის შესახებ საუბრობენ, თუ როგორ აძლიერებს ხელისუფლება ოპოზიციას თავისი უსუსურობით: უპენსიობით, უხელფასობით, უშუქობით,

უგაზობით და კიდევ ბევრი რამ ისეთის დეფიციტით, რაც აუცილებელია სასიცოცხლოდ.

მთავარი ფაქტორი, რითიც ოპოზიციამ ხელისუფლების წისქვილზე დაასხა წყალი, გაერთიანების იდეის ვერგანხორციელება იყო. და არა მხოლოდ იმის გამო, რომ ერთ ბანაკად შეკრული ოპოზიცია უფრო მეტ ხმას მიიზიდავდა. სახელისუფლო ბლოკში ბევრმა სუბიექტმა მოიყარა თავი და ეჭვი არავის ეპარება, რომ მათ შეთანხმებულ ქმედებას პრეზიდენტის ავტორიტეტი უდევს საფუძვლად. ოპოზიციურ ლიდერებს შორის კი არავის აღმოაჩნდა იმდენი პოლიტიკური წონა, გნებავთ, გამოცდილება, რომ ბოლომდე მიეყვანა გაერთიანების პროცესი. ერთი მხრივ, რამდენიმე თანაბარი ძალის პარტიის ჩამოყალიბება ქართული პოლიტიკის ბოლო წლების მონაპოვარია; მეორე მხრივ, წელს პირველად დადასტურდა, რომ ახალგაზრდა ლიდერები კონსენსუსის რეჟიმში ვერ მუშაობენ. ამ ფაქტმა პრეზიდენტის ფიგურას მეტი სიმყარე და დამაჯერებლობა შესძინა უბრალო მოქალაქის თვალში.

მეორე ფაქტორი, რითიც ოპოზიციამ სახელისუფლო ბანაკი გააძლიერა, ისევ ედუარდ შევარდნაძეს უკავშირდება. ოპოზიციურმა პარტიებმა საარჩევნოდ ქვეყნის მოსახლეობას იმის მტკიცება დაუწყეს, რომელი მათგანი უფრო მეტად და გულწრფელად არის დაპირისპირებული პრეზიდენტთან. საკუთარი პოზიციის გასამყარებლად პარტიულმა ლიდერებმა ოპონენტები არაერთხელ ამხილეს შევარდნაძესთან და მის ხელისუფლებასთან ფარულ კავშირში. ამგვარი ბრალდება თითქმის ყოველდღე გაისმის შალვა ნათელაშვილის, გოგი თოფაძის, დავით გამყრელიძის, აგრეთვე, ჟვანიას, სააკაშვილისა და ბურჯანაძის მისამართით. ოპოზიციის მაჟორიტარ დეპუტატებსაც ხშირად წამოაძახებენ ხოლმე - კანცელარიაში დაგინახესო. ეს ბრალდებები, რაგინდ დაუჯერებლადაც უნდა ეჩვენებოდეს ამომრჩეველს, მეტად საზიანოა ოპოზიციისთვის და სასარგებლოა ხელისუფლებისთვის. არც სააკშვილის, არც ნათელაშვილის და არც სხვების მხარდამჭერები არასოდეს დაიჯერებენ მათი რჩეულის ფარულ კავშირს პრეზიდენტთან ან კანცელარიასთან. მაგრამ, ამის მიუხედავად, საზოგადოებას უჩნდება და ნელ-ნელა უმყარდება აზრი, რომ ოპოზიცია პრეზიდენტის ჩრდილიდან ვერ გამოდის; რომ პრეზიდენტი და კანცელარია ყოვლისშემძლეა და ამ ორი ძალის პოლიტიკური ნების მიღმა ქვეყანაში არაფერი ხდება.

იმის ნაცვლად, რომ ოპოზიციურ ლიდერებს საკუთარი პარტიის სამომავლო გეგმებზე ესაუბრათ, ათვლას ისევ პრეზიდენტიდან და კანცელარიიდან იწყებენ. და სწორედ მაშინ აბნევენ ამომრჩეველს, როდესაც საკუთარ თავს ყველაზე მტკიცე ოპოზიციონერად წარმოაჩენენ, დანარჩენებს კი - შევარდნაძის გავლენის სივრცეში ჩარჩენილებად. ეს ნელი მოქმედების ფსიქოლოგიური ნაღმია, რომელიც, თუკი ნამდვილად არსებობს, სწორედ არჩევნების დღეს აფეთქდება.
XS
SM
MD
LG