Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაციონალური მოძრაობისა და ლეიბორისტული პარტიის ურთიერთობა - მოლოდინი და წინასწარი შედეგები


ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ლეიბორისტულმა პარტიამ ოდნავ უკეთესი შედეგი აჩვენა, ვიდრე ნაციონალურმა მოძრაობამ. პრესის ვერსიით, სახელისუფლო რესურსი ფარულად ორივე ოპოზიციურმა ორგანიზაციამ გამოიყენა:

სააკაშვილს დედაქალაქის მერი ვანო ზოდელავა დაეხმარა, ნათელაშვილს კი - სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე.

თბილისის საკრებულოში თითქმის ყველა საკითხის განხილვა ერთი და იმავე სცენარით მიმდინარეობს: ის, რაც მისაღებია ნაციონალებისთვის, მიუღებელია ლეიბორისტებისთვის და - პირიქით. მართალია, მიხეილ სააკაშვილის არჩევა საკრებულოს თავმჯდომარედ სწორედ ლეიბორისტების კეთილი ნების საფუძველზე განხორციელდა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ლეიბორისტები და ნაციონალები იმ დღიდან ვეღარაფერზე თანხმდებიან. უფრო მეტიც: ორივე პარტიის ლიდერი მუდმივად ერთმანეთს ამუნათებს და ხელისუფლებასთან ფარულ კავშირში ამხელს. დღეისათვის პრესის თავდაპირველი ვერსია არცთუ უსაფუძვლოდ გამოიყურება. ლეიბორისტების ნებისმიერი ინიციატივა, მათ შორის, დენის ტარიფის დაწევა და საკონსტიტუციო ცვლილებები - დანარჩენი ოპოზიციის მიერ ერთხმად ფასდება, როგორც სახელმწიფო კანცელარიის დაკვეთა. ხოლო ნაციონალური მოძრაობის ინიციატივები -ლიფტების და სახურავების შეკეთება, ასფალტის საფარისთვის საბიუჯეტო თანხის გაზრდა - ლეიბორისტების მიერ ცალსახად ცხადდება ვანო ზოდელავას კორუფციული ინტერესების ხელშეწყობად.

ამავდროულად, პრესაში არ წყდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დედაქალაქის მერი და სახელმწიფო მინისტრი პირად ურთიერთობას ვერა და ვერ აგვარებენ. ამბობენ, თითქოს, მათ შორის უშუალოდ პრეზიდენტი დგას იმისათვის, რომ კონფლიქტი განხეთქილებაში არ გადაიზარდოს. სინამდვილეში, არც მერს და არც სახელმწიფო მინისტრს გასაქცევი არსად აქვთ და კიდევ დიდხანს იქნებიან ერთად - სხვის გუნდში. ეს აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციფიკაა: მოიპოვებ გავლენას, მაგრამ კარგავ თავისუფლებას. თუმცა ეს ვითარება სულაც არ გამორიცხავს, რომ ჯორბენაძეც და ზოდელავაც უშუალო, საკუთარ დასაყრდენს პრეზიდენტის მიღმა ეძებდნენ.

რაც შეეხება თავად ოპოზიციურ ლიდერებს, მათი დაპირისპირება იმდენად ბუნებრივია, რომ დაძაბულობა შეიძლება იყოს ან არც იყოს დაკავშირებული სახელისუფლო გუნდის შიდა პრობლემებთან. სააკაშვილის და ნათელაშვილის ძირითადი ამომრჩეველი ერთსა და იმავე სოციალურ ფენას მიეკუთვნება. ამავდროულად, გასული წლის ოქტომბრის პანელურ გამოკითხვაში, რომელშიც 1100 მოქალაქე მონაწილეობდა, შალვა ნათელაშვილს მესამე რეიტინგი აღმოაჩნდა, მიხეილ სააკაშვილს კი - მეექვსე. არადა, საყოველთაოდ ცნობილია, რომ სააკაშვილის ამბიცია და წარმოდგენები საკუთარ ფუნქციაზე გაცილებით აღემატება ნათელაშვილის სამომავლო გეგმებს.

არჩევნების შემდეგ ორივე კვანძი, ალბათ, ერთდროულად გაიხსნება: ნათელაშვილი-სააკაშვილისა და ჯორბენაძე-ზოდელავას დაპირისპირება თავს მოიყრის და უშუალოდ აისახება საბოლოო შედეგში - პარლამენტის ახალ შემადგენლობაში.
XS
SM
MD
LG