Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზოგადოება დემოკრატიისა და ნდობის შესახებ


საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსახლეობის მზაობა, ჩაერთოს ქვეყნის მართვაში და თავისი არჩევანით განსაზღვროს ქვეყნის მომავალი.

გასულ არჩევნებს ყოველთვის სდევდა საუბრები გაყალბებასა და ამომრჩეველთა პოლიტიკური ნების ხელოვნურ შეცვლაზე. საზოგადოების ნიჰილიზმი საკუთარი როლისა და შესაძლებლობების მიმართ ქართული დემოკრატიის უცვლელი ნიშანია.

მინდა გესაუბროთ საზოგადოების შეხედულებებზე დემოკრატიისა და ნდობის ხარისხის შესახებ საქართველოში.

დღეს ვუბრუნდებით საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ახლახან გამოცემულ პანელური გამოკითხვის ანგარიშს, მომზადებულს ნანა სუმბაძისა და გიორგი თარხან-მოურავის მიერ. გამოკითხვა, რომელშიც 1100 რესპოდენტი მონაწილეობდა, ჩატარდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სადაც კი ქვეყნის იურისდიქცია ვრცელდება.

1996-1997 წლების "ევრობარომეტრის" მიხედვით, დამოუკიდებელი თანამეგობრობის ქვეყნებს შორის საქართველოს მოსახლეობა დემოკრატიული გარდაქმნების მიმართ ყველაზე მეტი ოპტიმიზმით იყო გამსჭვალული. განვლილი წლების განმავლობაში კი საზოგადოების განწყობა, როგორც ჩანს, მკვეთრად შეიცვალა. მიმდინარე წლის გამოკითხვის მიხედვით, რესპონდენტთა 86%-ის აზრით, დემოკრატიამ არ გაამართლა და ქვეყანას ძლიერი ხელი სჭირდება. ამავდროულად, გამოკითხულთა 56%-ს მიაჩნია, რომ საქართველოში დემოკრატია საერთოდ არ არსებობს.

კვლევის მონაწილეთა 90% დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებას საზოგადოების კეთილდღეობა არ აინტერესებს და მხოლოდ პირადი ინტერესების შესაბამისად მოქმედებს. და მაინც, ყველაზე მეტი ნდობა ადგილობრივმა თვითმმართველობამ დაიმსახურა, განსაკუთრებით, სოფლის მოსახლეობის მხრიდან; ნდობის ყველაზე დაბალი და თითქმის თანაბარი მაჩვენებელი კი აღმოაჩნდა მთავრობას, პარლამენტსა და პოლიციას.

გამოიკვეთა ერთი ტენდენცია: პირადი კონტაქტი უშუალოდ უკავშირდება ნდობის ხარისხს. ერთი მხრივ, გამოკითხულთა მხოლოდ 57% მიიჩნევს, რომ ადამიანთა უმრავლესობა ნდობას იმსახურებს. მეორე მხრივ, გამოკითხულთა თითქმის 100% ენდობა ოჯახის წევრებს, 97% - ახლო ნათესავებს და თითქმის ამდენივე - მეგობრებს. ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართ გამოხატული ნდობაც იმ ფაქტორს ემყარება, რომ რესპონდენტთა 45% პირადად იცნობს საკრებულოს თავმჯდომარეს. შესაბამისად, გამოკითხულებმა მხარი დაუჭირეს რეგიონების დამოუკიდებლობის ზრდას. მათგან 91% მომხრეა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მთლიანად ადგილზე იქნეს არჩეული და რომ რაიონის გამგებელს მოსახლეობა პირდაპირი კენჭისყრით ირჩევდეს.

კვლევის ერთი ნაწილი შეეხო რესპონდენტთა მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა 52%-მა ბოლო ორი თვის განმავლობაში მონაწილეობა მიიღო ისეთი სახის სოციალურ თავყრილობებში, როგორიცაა ქორწილი, დაბადების დღე, დაკრძალვა. კერძოდ, საქართველოს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც აღნიშნულ გამოკვლევაში მონაწილეობდა, ყველაზე ხშირად პანაშვიდზე ან გასვენებაში დადის. სოციალური აქტივობის სხვა ფორმები კი თითქმის უგულებელყოფილია. მაგალითად, გასული ერთი წლის განმავლობაში გამოკითხულთა მხოლოდ სამნახევარმა პროცენტმა მიმართა პარლამენტს ან სამინისტროებს, ხოლო შვიდმა პროცენტმა - ადგილობრივ ხელისუფლებას. ამგვარი დაბალი მაჩვენებლების ფონზე რესპონდენტთა 54%-მა დაადასტურა, რომ საქართველოში წარმოქმნილი და განვითარებული პრობლემების მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ მოქალაქეთა აქტიური მონაწილეობით.

გამოდის, ერთი მხრივ, მოსახლეობა ქვეყნის პრობლემების მოგვარებას საზოგადოების გააქტიურებას უკავშირებს; მეორე მხრივ, მიიჩნევს, რომ რეალურად ქვეყანას მხოლოდ "ძლიერი ხელი" უშველის; შესაბამისად, არსებულ ხელისუფლებას არ ენდობა, როგორც სუსტს და ხალხის მიმართ გულგრილს; თანაც, მით ნაკლებად ენდობა, რაც მეტად შორს ეგულება საკუთარი თავისგან და საკუთარი ოჯახისგან.

როგორი განწყობით შეხვდება საპარლამენტო არჩევნებს ასე "დაფანტულად" ორიენტირებული საზოგადოება? საფიქრებელია, რომ ამომრჩეველი ხმას მისცემს რომელიმე ნაცნობს, ახლობელს და, თუ სიებში ასეთი არ ეგულება, უმალ დაბადების დღეზე ან დაკრძალვაზე წავა, ვიდრე არჩევნებზე.
XS
SM
MD
LG