Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასული კვირის ყველაზე ხმაურიან თემად დევნილთა ყრილობა და ამ ყრილობაზე


სოზარ სუბელიანი, თბილისი გასული კვირის ყველაზე ხმაურიან თემად დევნილთა ყრილობა და ამ ყრილობაზე გამოთქმული ბრალდებები იქცა,

ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად კი, როგორ ჩანს, ისევ პანკისის ხეობის პრობლემები უნდა მივიჩნიოთ. რუსეთის ხელისუფლებისა და რუსული მედიის მუდმივ ბრალდებებს, რომ საქართველო ტერორისტების თავშესაფრად იქცა, უკვე ოფიციალური ვაშინგტონიც გამოეხმაურა. საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რამლერის მიერ გაზეთ “ახალი ვერსიისთვის” მიცემულ ინტერვიუში გამოთქმული ბრალდებები, ერთი მხრივ, მეტად მტკივნეული აღმოჩნდა საქართველოს ხელისუფლებისთვის, მეორე მხრივ კი, თითქოს, პანკისის პრობლემის მოგვარების იმედი გაჩნდა.

ფილიპ რამლერის თქმით, პანკისის ხეობაში, არც მეტი, არც ნაკლები, “ალ ყაიდას” ტერორისტული ორგანიზაციის წევრები აფარებენ თავს. “დღეს ვაშინგტონი მზადაა, – წერს რამლერი, – დაეხმაროს “ალ ყაიდას” წევრებთან ბრძოლაში იმ სახელმწიფოებს, სადაც ისინი აფარებენ თავს. ჩვენი ინფორმაციით, ავღანეთიდან გამოიქცა და კავკასიაში შემოვიდა რამდენიმე ათეული მოჯაჰედი. ვიცით, რომ რამდენიმემ თავი პანკისის ხეობას შეაფარა და ურთიერთობა აქვთ არაბ ტერორისტ ხატაბთან. მას თავის მხრივ კავშირი აქვს უსამა ბინ ლადენთან. პანკისის ხეობა საქართველოსთვის ძალიან საშიში ადგილია და განსაკუთრებით კრიმინალური კუთხით, თუმცა, პანკისის ხეობაში მყოფ კრიმინალებს საქართველოს პოლიტიკურ ძალებთანაც აქვთ კავშირი. ეს კრიმინალები გასული წლის ოქტომბერში გადავიდნენ კოდორის ხეობაში, სადაც კავშირი ჰქონდათ პოლიტიკურ ძალებთან. ეს პოლიტიკური კავშირია.”

რუსეთის ხელისუფლება და მასმედია წლების განმავლობაში ამტკიცებდა, რომ პანკისის ხეობა ჩეჩენი ბოევიკების თავშესაფრად იქცა. საქართველოს ხელისუფლება ამგვარ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფდა, რასაც ზურგს უმაგრებდა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა. ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ 1999 წელს საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთის მონიტორინგი დაიწყო, რის შემდეგაც ეუთოს შეუიარაღებელ დამკვირვებლებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ საზღვრის ამ მონაკვეთზე შეიარაღებული ბოევიკებისა თუ საბრძოლო მასალების მოძრაობა სიმართლეს არ შეესაბამება.

თუმცა, ამგვარი განცხადებების მიუხედავად, პანკისის ხეობა სულ უფრო ნაკლებად ემორჩილებოდა საქართველოს ხელისუფლების კონტროლს, რასაც სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებიც უწყობდნენ ხელს:

თავად ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები აღიარებენ, რომ ხეობა ნარკობიზნესის ცენტრად იქცა;

ყველამ იცის, რომ ამ ბიზნესს ადგილობრივ კრიმინალებთან ერთად სამართალდამცავი სტრუქტურების მაღალი თანამდებობის პირებიც აკონტროლებენ;

გასული წლის აგვისტო-ოქტომბრის მოვლენებმა, როცა რუსლან გელაევის 450-კაციანი რაზმი პანკისიდან აფხაზეთში შინაგანი ჯარის ავტომანქანებით გადაიყვანეს, ხეობაში “ბოევიკების” ყოფნა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მათი კავშირი დაადასტურა;

საქართველოს უშიშროების მინისტრის, ვალერი ხაბურძანიას განცხადებამ, რომ პანკისის ხეობაში, ტერორისტული საქმიანობის ეჭვით, საუდის არაბეთისა და იორდანიის მოქალაქეები დააკავეს, მყარი საფუძველი შეუქმნა რუსეთის ბრალდებებს, რომ პანკისის ხეობა საერთაშორისო ტერორისტების ერთ-ერთ თავშესაფარსა და ტერორიზმის ბუდეს წარმოადგენს;

ადამიანის გატაცების გახშირებულმა ფაქტებმა და დანაშაულის ამ სახეობასთან უნიათო ბრძოლამ ცხადყო, ხეობას მთლიანად კრიმინალები აკონტროლებენ;

ხოლო იმ დაპირისპირებამ, რაც ხეობაში საქართველოს იურისდიქციის აღდგენის მოთხოვნით დაწყებულ აქციებს მოჰყვა, კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ საქართველოს ხელისუფლებას სულაც არ სურს ხეობაში წესრიგის დამყარება.

როგორც კი “საქართველოს ავღანელთა კავშირის” წევრებმა პირველ შედეგებს მიაღწიეს და ხეობის მოსახლეობასთან საერთო ენა გამონახეს, მათ ლუკა რამაზაშვილის შეიარაღებული ხალხი დაუპირსპირდა. “ავღანელთა კავშირის” თავმჯდომარე, ნუგზარ კახნიაური დარწმუნებულია, რომ აქციამ საფრთხე შეუქმნა ნარკობიზნესს, რამაც ხელისუფალთა შეშფოთება და მათგან მართული შეიარაღებული ბანდების გააქტიურება გამოიწვია: [ნუგზარ კახნიაურის ხმა] “მოსახლეობაში ძალიან ცუდი, არასწორი ინფორმაცია იყო გაშვებული, თითქოს ჩვენ იქ იმიტომ ჩავედით, რომ გვინდოდა სისხლისღვრა, გვინდოდა ომი და ასე შემდეგ. როცა მოსახლეობა გაეცნო ჩვენს მოთხოვნებს, მიხვდა, რომ ჩვენ გვინდოდა პანკისის ხეობაში სიწყნარე და სიმშვიდე ყოფილიყო. ხალხს ეს ძალიან გაუხარდა და მოისურვა მასმედიასთან შეხვედრა, რათა მასმედიას ყველაფერი გადაეღო, ჩაეწერა და მთელი მსოფლიოსთვის ეჩვენებინა, რომ ქისტებსა და პანკისში მყოფ ჩეჩენ ლტოლვილებს მშვიდობა სურთ. ისინი აცხადებენ, რომ თუ ხეობაში სამართალდამცავები შევლენ, მოსახლეობა მათ კრიმინალების დაკავებასა და წესრიგის დამყარებაში დაეხმარება, რომ თუ ხეობაში ძალოვანი სტრუქტურები შევლენ, მოსახლეობა მათ გვერდით დაუდგება. როცა აქციის პირველი შედეგი გამოჩნდა და პანკისის ხეობის პრობლემების მოგვარებისკენ პირველი სერიოზული ნაბიჯი გადაიდგა, მაშინ ხელისუფლებამ უკიდურეს ზომებს მიმართა მშვიდობიანი აქციის დასაშლელად, მოგვიგზავნა თავისი ბანდა და იარაღის მუქარით გვაიძულა დავშლილიყავით. ჩვენ ასეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა: ხელისუფლებაში მოკალათებულმა იმ ძალებმა, ვინც პანკისის ხეობის პრობლემები შექმნეს, გადაწყვიტეს, მოეწყოთ დაპირისპირება, რომელსაც სისხლისღვრაში გადაზრდიდნენ. მათ სურდათ, შექმნილიყო პატარა სამოქალაქო თუ კუთხური ომის შთაბეჭდილება. რა თქმა უნდა, თუ ჩვენს მეგობრებს მოკლავდნენ, რისი რეალური საფრთხეც არსებობდა, ჩვენ ამას არავის ვაპატიებდით და შურს ვიძიებდით, რასაც სერიოზული დაპირისპირება მოჰყვებოდა, პანკისის პრობლემა ისევ დავიწყებას მიეცემოდა და აქცენტი ისევ ჩვენს დაპირისპირებაზე გადავიდოდა”.

ფილიპ რამლერის განცხადების შემდეგ პირველად შეიქმნა შთაბეჭდილება, თითქოს პანკისის პრობლემის მოგვარების საქმეში რუსეთის, შეერთებული შტატებისა და საქართველოს ინტერესი ერთმანეთს ემთხვევა. შეერთებული შტატები აცხადებს, რომ საქართველოს სპეციალური ანტიტერორისტული ჯგუფის შექმნაში დაეხმარება, რუსეთი კი ჩეჩენი ლტოლვილების სამშობლოში დაბრუნების ინიციატივით გამოდის.

ძნელი სათქმელია, რამდენად გულწრფელია რუსეთის ეს სურვილი, სამაგიეროდ, სრულიად ცხადია, რომ მათი სამშობლოში დაბრუნება საქართველოს ბევრად გაუადვილებს პანკისის პრობლემის მოგვარებას. მეორე მხრივ, უაღრესად მძიმე საცხოვრებელი პირობების მიუხედავად, თავად ლტოლვილები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან დაბრუნებას სამშობლოში, სადაც უკვე მესამე წელია, ბრძოლა მიმდინარეობს და კიდევ არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება. პანკისის ხეობის ახალგაზრდული კავშირის თავმჯდომარის, ომარ დაქიშვილის თქმით, ლტოლვილები სრულ უნდობლობას უცხადებენ რუსეთის ხელისუფლებას: [ომარ დაქიშვილის ხმა] “ესევე გადმომცეს თხოვნით: თუ რუსებს უნდათ, გააკეთონ კეთილი და პატიოსანი საქმე, ინგუშეთში არის “პალატკების გარადოკი”, ქალაქი, ისინი დააბრუნონ თავიანთ სახლებში, მათი გადაყვანა უფრო ადვილი იქნება და ამ მაგალითით მისცენ ნიმუში, რომ მათაც შეუძლიათ ჩეჩნეთში მშვიდად დაბრუნება. მათ ყოველგვარი ნდობა დაკარგული აქვთ რუსეთის ხალხისა და მთავრობის მიმართ. ისინი აცხადებენ, რომ თუ ძალით გაყვანას შეეცდებიან, სხვას თუ ვერაფერს მოახერხებენ, მოძალადეებს ნიჩბებით და თოხებით მაინც შეეწინააღმდებეგიან.”

ამ პრობლემის მოსაგვარებლად ჩამოსული რუსეთის საგანგებო ვითარებათა სამინისტროს დელეგაცია თბილისიდან პანკისის ხეობის უნახავად, ყოველგვარი ხმაურის გარეშე გაემგზავრა და, შესაბამისად, ლტოლვილების სამშობლოში დაბრუნების საკითხიც, ჯერჯერობით, ღიად დარჩა. სამაგიეროდ, ხმამაღალი განცხადებებითა და აურზაურით ჩაიარა დევნილთა ყრილობამ, რომელიც 15 თებერვალს გაიმართა სპორტის სასახლეში.

ყრილობა, რომელსაც ათი ათასამდე დევნილი ესწრებოდა, აჭარის ლიდერმა ასლან აბაშიძემ დააფინანსა და შესაბამისი სულისკვეთებით წარიმართა. დელეგატებმა საკმარისად არ მიიჩნიეს ის უფლებები, რაც აბაშიძეს პრეზიდენტმა მიანიჭა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხში და მისთვის “საზოგადოების ნდობის” მანდადატის გადაცემას დაუჭირეს მხარი. ამავე ყრილობაზე აჭარის ლიდერის წარმომადგენლებმა საქართველოს ხელისუფლებაში მოკალათებული კიდევ ერთი “ტერორისტი” აღმოაჩინეს. ამჯერად ეს საპატიო წოდება დაზვერვის დეპარტამენტის უფროსს, ავთანდილ იოსელიანს ერგო, თუმცა, ფრაქცია “აღორძინების” თავმჯდომარის, ჯემალ გოგიტიძის თქმით, მთავარი ტერორისტი მაინც პრეზიდენტი შევარდნაძეა, იოსელიანი კი – უბრალო შემსრულებელი. თუ გოგიტიძეს დავუჯერებთ, იმ დღიდან, რაც აბაშიძეს აფხაზეთის პრობლემის მოგვარება დაევალა, მის წინააღმდეგ აგენტურული ქსელი ამოქმედდა. გოგიტიძეს, თითქოს, თავად მოუსმენია იოსელიანის მუქარა, რომ აბაშიძეს “საკუთარ მოედანზე” გაანადგურებდა.

ავთანდილ იოსელიანი აცხადებს, რომ ამ ცილისწამებას უპასუხოდ არ დატოვებს, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კი დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი იმ აბსურდზე საუბრობდა, რაც ყრილობაზე დატრიალდა: [ავთანდილ იოსელიანის ხმა] “რა აგენტი, ბიჭო, რის აგენტი, რა პრეზიდენტი… ნუ, ეს, ეს, ეს აბსურდია, მე ამ თემაზე ლაპარაკი მიმაჩნია რაღაც საშინელებად. მე რა მემართება, იცით? აი, რომ ვუსმენდი იმას, გოგიტიძეს, დარბაზში, მეთქი, აქა ვარ, იქა ვარ, სადა ვარ, რა ხდება, ვერ გავერკვიე. რაში მჭირდება ასლან აბაშიძის მოკვლა, გამაგებინეთ, კაცო. კატეგორიულად მოვითხოვ, ხვალვე აღიძრას საქმე. მორჩა, დამთავრდა, მეშვიდე კაცი ვარ, ვინ ასლან აბაშიძეს კლავს. ვის რად უნდა ასლან აბაშიძე, ნუ გამაგიჟდებთ, კაცო. ამიხსენით, ნუ, ხომ უნდა იყოს მოტივი, რომ უნდა მოვკლა მე ასლან აბაშიძე. რა, რა მოტივი მაქვს: გეუბნებით, ჩემი ოჯახის ახლობელი იყო წლების განმავლობაში. რამ დამარტყა ახლა, ამ თავში, ამ ასლან აბაშიძეზე, რატომ უნდა მოკვლა. და, უნდა მოვკლა თურმე, ან სოხუმში უნდა მოვკლა, ან ბათუმში. მალადეც, ავთო იოსელიანი, რა მაგარი ვყოფილვარ, იქაც მყოლია მკვლელები, აქაც მყოლია მკვლელები და რა, რა ხდება, ვერ გავიგე”.

ძნელი სათქმელია, რატომ გააგრესიულდა მოსკოვიდან დაბრუნებული ასლან აბაშიძე, სამაგიეროდ, ასევე ძნელია არ დაეთანხმო პარლამენტარ კობა დავითაშვილს, რომელიც აცხადებს, რომ რუსეთი აფხაზეთს აბაშიძის “ლამაზი თვალებისთვის” არ დააბრუნებს. ხოლო თუ აფხაზეთის პრობლემის მოგვარების საფასური საქართველოს რუსეთში დაბრუნება იქნება, მაშინ ქართველი ხალხი ამ საფასურს არ გადაიხდის.
XS
SM
MD
LG