Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ გააქრეს ლგბტქ+ თემი ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიიდან


"თბილისი პრაიდი" პარლამენტთან აქციაზე
"თბილისი პრაიდი" პარლამენტთან აქციაზე

31 ოქტომბერს ცნობილი გახდა ადამიანის უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმა. ამ დოკუმენტში მთავრობამ ლგბტქ+ ჯგუფი გამოტოვა. შემთხვევით თუ მიზანმიმართულად? რა საფრთხეს უქმნის ეს ცვლილება სექსუალურ უმცირესობებს საქართველოში?

„ჩვენც ხომ ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ, რა დავაშავეთ ისეთი, რომ ვერ მოვხვდით ვერც ერთ დოკუმენტში?!“, - მიმართავს „პრაიდის” დირექტორი მარიამ კვარაცხელია პრემიერ-მინისტრის მრჩეველს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, ნიკო თათულაშვილს.

ეს შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში 1 ნოემბერს გაიმართა, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსია გააცნეს. აქ გაირკვა, რომ ლგბტქ+ საკითხები ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმიდან ამოშალეს.

დოკუმენტზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ თემის წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციაში ვერ მიიღეს გარანტია, რომ სექსუალური უმცირესობებისა და გენდერული იდენტობის საკითხები („სოგი”) მთავრობის სამოქმედო გეგმაში აისახება.

მარიამ კვარაცხელია, "თბილისი პრაიდის" დირექტორი
მარიამ კვარაცხელია, "თბილისი პრაიდის" დირექტორი

„ეს არის დამამცირებელი მოპყრობა სახელმწიფოს მხრიდან, ჩვენი შეურაცხყოფა, გარიყვა, დისკრიმინაცია. პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რათა ყველა სტრატეგიული მნიშვნელობის დოკუმენტიდან გავქრეთ”, - ამბობს „თბილისი პრაიდის” დირექტორი.

სამოქმედო გეგმამდე ქვიართემის უფლებების შესახებ ჩანაწერი ჯერ ადამიანის უფლებათა დაცვის ახალი ეროვნული სტრატეგიიდან ამოშალეს. დოკუმენტი, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის სტრატეგიას განსაზღვრავს, სულ მცირე, კიდევ 7 წლით, წელს მარტში დაამტკიცეს.

რა მნიშვნელობის პოლიტიკურ დოკუმენტებზე ვსაუბრობთ?

ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიის მიზანია, ერთი მხრივ, ასახოს გამოწვევები და, მეორე მხრივ, უპასუხოს მათ და განამტკიცოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის გარანტიები.

თუკი სტრატეგიის დოკუმენტი პრიორიტეტულ მიმართულებებს განსაზღვრავს, სამოქმედო გეგმა მათი განხორციელების გზებს ეძებს, ანუ დეტალურად აღწერს იმ ნაბიჯებს, რომელიც სახელმწიფომ და კონკრეტულმა უწყებებმა უნდა გადადგან მოწყვლადი ჯგუფების დასაცავად.

ახალი სტრატეგიით, სახელმწიფომ 4 პრიორიტეტული მიმართულება განსაზღვრა:

  1. მართლმსაჯულების უზენაესობის პრინციპების გამყარება;
  2. ეკონომიკური და სოციალური უფლებების დაცვის გაძლიერება;
  3. თანასწორობის კონსტიტუციური გარანტიების ასახვა სახელმწიფო პოლიტიკაში;
  4. რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის - იძულებით გადაადგილებულთა და ლტოლვილთა, საოკუპაციო ხაზთან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა.

სტრატეგია 2023 წლის 23 მარტს დამტკიცდა და დოკუმენტში სექსუალური უმცირესობებისა და გენდერული იდენტობის საკითხები ნახსენები არ იყო.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა მაშინვე განაცხადეს, რომ ამ საკითხის სტრატეგიიდან ამოშლა მძიმე უფლებრივ მდგომარეობაში მყოფ ლგბტქ+ თემს კიდევ უფრო დაუცველს გახდიდა და ულტრამემარჯვენე, ჰომოფობიურ და ძალადობრივ ჯგუფებს წაახალისებდა.

სტრატეგიის დამტკიცებიდან სამ თვეში, 8 ივლისს, მოძალადე ჯგუფებმა „პრაიდის ფესტივალი“ ჩაშალეს, კერძო საკუთრებაში შეიჭრნენ, დაარბიეს და გაძარცვეს.

თამარ ონიანი, საიას ადამიანის უფლებათა დაცვის პროგრამის დირექტორი
თამარ ონიანი, საიას ადამიანის უფლებათა დაცვის პროგრამის დირექტორი

„სტრატეგიის შემდეგ, სამოქმედო გეგმიდანაც ამ საკითხების განდევნა, სახელმწიფოს ნებაზე მიუთითებს, არ დაიცვას და არ გააუმჯობესოს ქვიართემის უფლებრივი გარანტიები“, - ამბობს თამარ ონიანი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადამიანის უფლებათა დაცვის პროგრამის დირექტორი.

სწორედ საია უწყობს ხელს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ჯერ ადამიანის უფლებების დაცვის სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობდნენ, ახლა კი სამოქმედო გეგმის დახვეწაში არიან ჩართულები.

რატომ ვიყენებთ სიტყვებს “გააქრეს” და “ამოშალეს”?

იმიტომ, რომ წინა წლების სტრატეგიებსა და სამოქმედო გეგმებში ლგბტქ+ თემის შესახებ ჩანაწერები არსებობდა.

2014 წლის 30 აპრილს დამტკიცდა ადამიანის უფლებათა დაცვის პირველი ეროვნული სტრატეგია, რომელიც 2014-2020 წლების განმავლობაში მოქმედებდა. მაშინაც, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იყო. ჩანაწერი სექსუალური უმცირესობებისა და გენდერული თანასწორობის შესახებ პირველად მაშინ გაჩნდა, თანასწორობის უფლების უზრუნველყოფისა და უმცირესობათა უფლებების დაცვის ქვეთავში.

„სტრატეგიის ამოცანაა სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა”, - ეწერა დოკუმენტში.

ამ ამოცანის შესასრულებლად სამოქმედო გეგმაშიც ახალი ჩანაწერები გაჩნდა.

დაიგეგმა:

  • დისკრიმინაციული მოპყრობისგან დაცვის საკანონმდებლო გარანტიების შექმნა;
  • სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ კანონმდებლობის დახვეწა;
  • თანასწორობის უზრუნველყოფა და ანტიდისკრიმინაციული კანონის შემუშავება;
  • სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის დროული და ეფექტიანი გამოძიება;
  • ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების გადამზადება;
  • სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკის წარმოება;
  • სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის მიზეზით ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის თავშესაფრის შექმნა;
  • თავშესაფრის თანამშრომელთა ინფორმირებულობის ამაღლება.

ამ გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებლობა დაეკისრათ მთავრობას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურასა და ჯანდაცვის სამინისტროს.

კანონს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ სტრატეგიის შემუშავებიდან ერთ თვეში ამტკიცებენ. ახალი კანონის საფუძველზე მომდევნო წლების სამოქმედო გეგმებს რამდენიმე მიმართულება ემატება, მათ შორისაა:

  • საჯარო უწყებებში ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის შემუშავება და საჯარო მოხელეების გადამზადება;
  • სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ოჯახში ძალადობის შესახებ სპეციალური სტატისტიკის წარმოება.

2020 წელს ადამიანის უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმა შეიცვალა და ცალკე თავი გაჩნდა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საკითხებზე.

„თანასწორობის პოლიტიკის დამკვიდრება და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა”, - ასე დასათაურდა ახალი, მე-15 თავი 2020 წლის სამოქმედო გეგმაში. შემუშავდა 15 ახალი ამოცანა და განისაზღვრა ამ ამოცანების უზრუნველსაყოფად გადასადგმელი ნაბიჯები, მათ შორისაა:

  • სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციასა და სიძულვილთან ბრძოლა;
  • ტოლერანტობის ამაღლებისკენ მიმართული სოციალური და ინფორმაციული კამპანიების დაგეგმვა;
  • პოლიციელების, საჯარო უწყებების თანამშრომლების გადამზადება;
  • დასაქმების ადგილებზე დისკრიმინაციასთან ბრძოლა;
  • სოციალური და ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესება.

ამ ცვლილებებიდან რამდენიმე თვეში, 2014-2020 წლის სტრატეგიას ვადა გასდის და 2023 წლამდე ქვეყანას ადამიანის უფლებების დაცვის მთავარი პოლიტიკური დოკუმენტი არ გააჩნია.

ვინ და რატომ ამოშალეს სექსუალური ორიენტაციისა და იდენტობის საკითხები ახალი სამოქმედო გეგმიდან?

ნიკო თათულაშვილი, ადამიანის უფლებათა საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი
ნიკო თათულაშვილი, ადამიანის უფლებათა საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი

ამ კითხვით მთავრობის ადმინისტრაციას მივმართეთ. პრესსამსახურში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის ნიკო თათულაშვილის სახელზე საჯარო ინფორმაციის დაწერა მოითხოვეს. წერილობით კითხვებზე პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

„როცა ლგბტქ+ თემის გარიყვა და გამოტოვება მიზანმიმართული ქმედებაა, ამხელა უსამართლობის წინაშე პირში წყალს ვერ დავიგუბებთ. ეს არის დიდი უსამართლობა, ამორალობა, არადემოკრატიულობა. მომავალში თავდასხმისა და ძალადობის მომეტებულ საფრთხეებს ველით”, - ამბობს მარიამ კვარაცხელია.

საიას იურისტ თამარ ონიანისთვის ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი თემის უფლებების უგულებელყოფა ბოლო პერიოდში ხელისუფლების მიერ დაწყებული ულტრაკონსერვატიული პოლიტიკის დოკუმენტური დაგვირგვინებაა.

„8 ივლისს პრაიდფესტივალის ჩაშლა და ამ ძალადობაზე სამართალდამცავების არაჯეროვანი რეაგირება, ლოკალური შემთხვევა არ ყოფილა. ეს სახელმწიფოს პოლიტიკაა. სამოქმედო გეგმიდან ქვიართემის საკითხების ამოღება ამ ჯაჭვის გაგრძელებად შეიძლება ჩაითვალოს”, - ამბობს თამარ ონიანი.

სექსუალური უმცირესობების პრობლემების უგულებელყოფას წინასაარჩევნოდ ხელისუფლების პოლიტიკურ გეგმებს უკავშირებს ლონდა თოლორაია, ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი და 2018-2019 წლებში ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორი. და არც იმას გამორიცხავს, რომ ამ საკითხს „ქართული ოცნება” ჰომოფობიური პროპაგანდის გასაძლიერებლადაც გამოიყენებს.

ლონდა თოლორაია, ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი
ლონდა თოლორაია, ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი

„ყველა ადამიანი, რომელიც ლგბტქ+ თემის უფლებების დაცვაშია ჩართული, ხელისუფლების ტროლ-ბოტების სამიზნე ხდება. ამ თემაზე საუბარი თითქოს არაპოპულარული გახადეს. მიუხედავად იმისა, რომ კვლევებით, საზოგადოების ნაწილი წლიდან წლამდე უფრო ტოლერანტული ხდება, ჰომოფობია დიდი გამოწვევაა. არ არის გამორიცხული, დაიწყოს დისკრიმინაციული კამპანია იმ ორგანიზაციებისა და საერთაშორისო პარტნიორების წინააღმდეგ, რომლებიც მთავრობას სამოქმედო გეგმაში სექსუალური უმცირესობების შესახებ ჩანაწერის გაკეთების რეკომენდაციას აძლევენ”, - ამბობს ლონდა თოლორაია.

საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის გაერო და ევროკავშირი, მხარს უჭერენ ადამიანის უფლებების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება-დახვეწის პროცესს. საქართველოში, გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელი, ლელა აქიაშვილი რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული გეგმა ყველა მოწყვლად ჯგუფზე უნდა ვრცელდებოდეს და არა ზოგიერთზე.

2019-2020 წლებში, აქიაშვილი პრემიერ-მინისტრის თანაშემწის სტატუსით, თავად ხელმძღვანელობდა 2020 წლის სამოქმედო გეგმაში სექსუალურ უმცირესობებზე ცალკე თავის შემუშავების პროცესს.

ლელა აქიაშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელი
ლელა აქიაშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელი

„ლგბტქ+ თემის უფლებების დაცვის დოკუმენტურად აღნიშვნა თავისთავად მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტია და უკვე წინგადადგმული ნაბიჯია. თემი მოწყვლადია სოციალური და ეკონომიკური რისკებისადმი. ამ პრობლემების მოსაგვარებლად კონკრეტული ღონისძიებებია გასატარებელი. გაეროს ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაცია არ ტოვებს უფლებებიდან რომელიმეს, რადგან უფლებების დაცვა არ არის პრივილეგია, ეს არის უფლება“, - ამბობს ლელა აქიაშვილი.

ადამიანის უფლებების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება ევროკომისიის 12 რეკომენდაციის ერთ-ერთი მიმართულებაა. ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ნიკო თათულაშვილმა არასამთავრობო სექტორთან დახურულ შეხვედრაზე თქვა, რომ გეგმის დამტკიცებამდე დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრებს გამართავს. სამოქმედო გეგმა ჯერ სამუშაო ვერსიაა. „თბილისი პრაიდში“ მინიმალური, მაგრამ მაინც იმედი აქვთ, რომ ცვლილების შანსი ჯერ კიდევ არსებობს.

XS
SM
MD
LG