Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გააძლიერებს თუ არა პატრიარქ ნეოფიტეს გარდაცვალება რუსეთის გავლენიდან ბულგარეთის ეკლესიის გამოსვლას?


ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ნეოფიტე, მისი ანდერძის თანახმად, წმინდა აღდგომის სახელობის ტაძარში დაკრძალეს
ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ნეოფიტე, მისი ანდერძის თანახმად, წმინდა აღდგომის სახელობის ტაძარში დაკრძალეს

ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, ნეოფიტეს დაკრძალვას ესწრებოდა რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენელი, მიტროპოლიტი ნესტორი. მაგრამ არა თავად რუსეთის პატრიარქი კირილე, რომელიც ბულგარეთში არ მიუპატიჟებიათ. არის თუ არა დაკრძალვაზე მიწვევის არ გაგზავნა ერთგვარი გზავნილი?

ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ნეოფიტე, რომელიც ბოლო ხანს არაერთხელ აკრიტიკებდა უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ სამხედრო აგრესიას, 13 მარტს 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სოფიის წმინდა აღდგომის ტაძარში გამართულ პატრიარქ ნეოფიტეს დაკრძალვას დაესწრო უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი, მიტროპოლიტი ეპიფანე.

ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ბულგარეთის სასულიერო წრეებში არსებული მოსაზრება, რომ ბულგარეთის საპატრიარქოს წმინდა სინოდი სულ უფრო მეტად თავისუფლდება რუსეთის გავლენისგან.

„ეს არის დამანგრეველი ომი მოძმე უკრაინის წინააღმდეგ“

ბულგარეთის პატრიარქ ნეოფიტეს გარდაცვალება ეროვნული მნიშვნელობის მოვლენად იქცა. 11-წლიანი პატრიარქობის შემდეგ ნეოფიტეს გარდაცვალების გამო ქვეყნის ხელისუფლებამ ორდღიანი გლოვა გამოაცხადა, ხოლო პანაშვიდს სოფიის საკათედრო ტაძარში ქვეყნის პრეზიდენტი, რუმენ რადევი, ბულგარეთის მთავრობისა და პარლამენტის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

როგორც რადიო თავისუფლების ბულგარული სამსახური წერს, პატრიარქ ნეოფიტეს საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენელი სცემდა პატივს, მაგრამ მის მიმართ ეს გრძნობა კიდევ უფრო გაძლიერდა მას შემდეგ, რაც ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის თავკაცმა თავის ბოლოდროინდელ ქადაგებებში დაგმო უკრაინის მიწაზე მიმდინარე ომი და ხმამაღლა დაუჭირა მხარი უკრაინელთა ბრძოლას ქვეყნის თავისუფლებისთვის.

„ესაა დამანგრეველი ომი მოძმე უკრაინის წინააღმდეგ“, - განაცხადა ნათლისღების ქადაგებაში პატრიარქმა ნეოფიტემ, რომელსაც პირდაპირ არ უხსენებია რუსეთი, როგორც აგრესორი. მაგრამ ეჭვი არავის შეჰპარვია, რომ ბულგარელი პატრიარქის კრიტიკის ადრესატი სწორედ კრემლი იყო.

„უფალი ღმერთი და წმიდა ეკლესია ლოცავენ მხოლოდ იმ არმიას, რომელიც არ ავლენს აგრესიას და რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს - თავისი ხალხისა და ქვეყნის დაცვა საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის ფარგლებში“, - ნათქვამია ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

პატრიარქ ნეოფიტეს პანაშვიდს სოფიის საკათედრო ტაძარში ქვეყნის პრეზიდენტი, რუმენ რადევი, ბულგარეთის მთავრობისა და პარლამენტის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ
პატრიარქ ნეოფიტეს პანაშვიდს სოფიის საკათედრო ტაძარში ქვეყნის პრეზიდენტი, რუმენ რადევი, ბულგარეთის მთავრობისა და პარლამენტის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ

როგორც მოსკოვის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებულს, პატრიარქ ნეოფიტეს, თავის დროზე, მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდთან. თავისი მოღვაწეობა ნეოფიტემ ისე დაამთავრა, რომ ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდს არ უღიარებია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობა.

კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ 2019 წლის 5 იანვარს ხელი მოაწერა ტომოსს - დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს უკრაინის ახალი მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ სტატუსს.

მაგრამ ფაქტია ისიც, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული ფართომასშტაბიანი ომიდან რამდენიმე თვის თავზე ბულგარეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ყველანაირი კავშირი გაწყვიტა მოსკოვის საპატრიარქოსთან.

ხოლო 2023 წლის სექტემბერში ბულგარეთის ხელისუფლებამ ქვეყნიდან გააძევა სოფიაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის (РПЦ) სამი წარმომადგენელი, მათ შორის ამ ეკლესიის წინამძღოლი, არქიმანდრიტი ვასიანი (ერისკაცობაში ნიკოლაი ზმეევი).

სასულიერო პირების საქმიანობა, ბულგარეთის ხელისუფლების თანახმად, უკავშირდებოდა „რუსეთის ფედერაციის ჰიბრიდული სტრატეგიის სხვადასხვა ელემენტის რეალიზებას და რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ბულგარეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებზე მიზანმიმართულ ზეგავლენას“.

კონკრეტულ დეტალებზე სოფიის ოფიციალურ განცხადებაში საუბარი არ ყოფილა.

მოსკოვი გააბრაზა ბულგარეთის გადაწყვეტილებამ, რომელსაც „მკრეხელური“ და „არამეგობრული“ ნაბიჯი უწოდა და განაცხადა, რომ პასუხად ხურავს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ბულგარეთის დედაქალაქში.

"მიტროპოლიტების უმრავლესობა რუსოფილია"

მართალია, ბულგარეთის მედიაში საეკლესიო წრეებში ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის (ბმე) მოსკოვის საპატრიარქოზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლების კიდევ ერთ ფაქტად მიიჩნიეს ბულგარეთის პატრიარქის, ნეოფიტეს დაკრძალვაზე, უკრაინის ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის, მიტროპოლიტ ეპიფანეს ყოფნა, მაგრამ ამ მოვლენას თავშეკავებული ოპტიმიზმით ეკიდება ბულგარელი ღვთისმეტყველების პროფესორი კალინ იანკიევი. მისთვის ეს უფრო „იმედის შორეული მომასწავებელია“. საქმე ისაა, რომ უკრაინელი მიტროპოლიტი პატრიარქ ნეოფიტეს დაკრძალვაზე არ მიუწვევია ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს. მიტროპოლიტი ეპიფანე ბულგარეთში ჩაიყვანა მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ, რასაც მსოფლიო პატრიარქის მხრიდან ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაცია უწოდა ბულგარეთში რუსეთის ელჩმა ელეონორა მიტროფანოვამ.

ბულგარეთის პატრიარქ ნეოფიტეს გარდაცვალებას საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორეც გამოეხმაურა.

„მისი უწმინდესობის, ბულგარეთის პატრიარქ ნეოფიტეს, გარდაცვალება დიდი დანაკლისია როგორც თქვენი ეკლესიისა და სახელმწიფოსთვის, ისე მსოფლიო მართლმადიდებელი სამყაროსათვის. მან პირველიერარქის რანგში 11 წელი იმოღვაწევა, თუმცა თავისი ცხოვრება ახალგაზრდობიდანვე ეკლესიას დაუკავშირა და თავდაუზოგავი შრომით წარუშლელი კვალი დატოვა ქვეყნის ცხოვრებაშიც და საერთაშორისო ასპარეზზეც“, - ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სამძიმრის წერილში, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს საიტზეა გამოქვეყნებული.

ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შიგნით კვლავ არსებობენ გავლენიანი ეპისკოპოსები, რომლებიც რუსეთის საპატრიარქოსთან ტრადიციული, მჭიდრო კავშირების შენარჩუნებას უჭერენ მხარს. და როგორც კალინ იანკიევი ვარაუდობს, ბმე-ს სინოდის ეს პრორუსული ფრთა შეეცდება, საკუთარი გავლენები ახალი პატრიარქის არჩევნებშიც გამოიყენოს.

„შემაშფოთებელი ისაა, რომ ბმე-ს პატრიარქის მომავალ არჩევნებში ისინი (რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენლები) კვლავ შეეცდებიან გავლენის მოხდენას. ცნობილია, რომ [ბულგარელი] მიტროპოლიტების უმრავლესობა რუსოფილია, ხოლო ზოგიერთები მაგალითად, ვიდინსკი (მიტროპოლიტი დანიელ ვიდინსკი) და ლოვჩანსკი (მიტროპოლიტი გაბრიელ ლოვჩანსკი) ამას არც კი მალავენ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას პროფესორმა კალინ იანაკიევმა. ამავე აზრს იზიარებს ჟურნალისტი გორან ბლაგოევი, რომელიც ბულგარეთის ეროვნულ ტელეარხზე რელიგიური ხასიათის გადაცემას, „რწმენას და საზოგადოებას“ უძღვება.

ისინი ხაზს უსვამენ, რომ თითოეული მიტროპოლიტის ხმა მნიშვნელოვანია მომავალი პატრიარქის პოტენციური სამი კანდიდატურის შერჩევაში. წესდების თანახმად, თითოეულმა კანდიდატმა ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის წევრთა ხმების ორი მესამედი უნდა მიიღოს. შემდგომ ამ სამი კანდიდატიდან აირჩევენ განსვენებულ პატრიარქ ნეოფიტეს მემკვიდრეს.

ბულგარეთის პატრიარქის ერთ-ერთ სავარაუდო კანდიდატად სახელდება ვარნისა და ველიკი-პრესლავის მიტროპოლიტი იოანე, რომელიც ნეოფიტეს გარდაცვალების შემდეგ ბმე-ს წმინდა სინოდის ვიცე-თავმჯდომარედ აირჩიეს.

მაგრამ ვერც პროფესორი კალინ იანაკიევი და ვერც ტელეწამყვანი გორან ბლაგოევი ვერ ბედავენ იმის პროგნოზირებას, თუ ვინ შეიძლება გახდეს ბულგარეთის ახალი პატრიარქი. ჟურნალისტ ბლაგოევის თქმით, მაშინაც კი, თუ მომავალი პატრიარქი რუსეთის გავლენის ქვეშ არ იქნება, არსებობს შიში, რომ ის შეიძლება პოლიტიკურ და ოლიგარქიულ წრეებთან იყოს დაკავშირებული.


XS
SM
MD
LG