საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი ვადიმ კრასიკოვმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა 2019 წლის 23 აგვისტოს, ბერლინში, ტიერგარტენის პარკში. 2021 წლის დეკემბერში ბერლინის სასამართლომ ვადიმ კრასიკოვს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. გარდა ამისა, მოსამართლემ დანაშაულის ორგანიზებაში პასუხისმგებლობა დააკისრა რუსეთის ხელისუფლებას და მომხდარს „სახელმწიფო ტერორი“ უწოდა.
ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შემდეგ, „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ ხელმძღვანელმა და ნავალნის თანამებრძოლმა, მარია პევჩიხმა თქვა, რომ რუსი პოლიტიკოსის გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე მას სანდო წყარომ დაუდასტურა, რომ კრასკოვისა და ნავალნის გაცვლის თაობაზე დაწყებული მოლაპარაკება ფინალურ სტადიაში იყო გადასული.
- რამდენი ხანი იყავით ქორწინებაში და როგორ გაიცანით ზელიმხანი?
- 17 წელი ვიყავით დაქორწინებულები, 2000 წლიდან 2017 წლამდე, ერთმანეთი გავიცანით ზელიმხანის საბრძოლო მოქმედებებში (ჩეჩნეთის მეორე ომი) ჩართვამდე. ჩვენი ქორწინება იყო ძალიან მოულოდნელი, დაუგეგმავი - როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე ჩვენთან კავკასიაში. განსხვავებულად ვუყურებდით სამყაროს. მე ვიყავი ახალგაზრდა ექიმი, სავსე ამბიციებით, ის კი იყო გულწრფელი, სუფთა, უბრალო ბიჭი.
მე შემეძლო რაღაცაზე ცოტა პათეტიკურად მელაპარაკა, ის კი უფრო თავშეკავებული და "მიწაზედაშვებული" იყო, რაც ძალიან მომწონდა. მომწონდა ის, რომ ადეკვატურად ფიქრობდა, რომ არ ჰქონდა დიდი ამბიციები, რომ არ იყო ამპარტავანი და ჭირვეული. მიუხედავად იმისა, რომ არ გამოვტყდომივარ ამაში, ჩემდაუნებურად პატივს ვცემდი მის შეხედულებებს ცხოვრებაზე.
- თქვით, რომ თქვენს ქმარს არ ჰქონდა ამბიციები, მაგრამ ის საველე მეთაური იყო.
- ეს ახლა ვუყურებთ ყველაფერს ფსიქოლოგიური კუთხით, თორემ იმ დღეებში ამაზე არც კი ვფიქრობდით. მე მასში ვერანაირ ამბიციას ვერ ვხედავდი, მხოლოდ - დიდ თავდადებას: ის მზად იყო დაცემულიყო ალაჰის გზაზე. დარწმუნებული იყო, რომ დაიცავდა თავის მიწას და არავითარ შემთხვევაში არ დაჯდებოდა შინ და არ ამოეფარებოდა ქალებს. ასეთი იყო მისი მიზანი ომის წლებში (იგულისხმება რუსეთ-ჩეჩნეთის ომი – რედ.).
- ამბობთ, რომ მას სურდა "ალაჰის გზაზე" თავის დადება, თქვენ კი იმ დროს ახალგაზრდა ექიმი იყავით, უმაღლესი განათლებით. თუ გქონდათ განსხვავება რელიგიურ შეხედულებებში? რადიკალური შეხედულებების კაცი იყო?
- ის არ იყო რადიკალური. კი, ჩვენ განსხვავებული შეხედულებები გვქონდა, მაგალითად, ზელიმხანი ომობდა, მე კი საერთოდ სამხედრო მოქმედებების წინააღმდეგი ვიყავი. 1996 წელს ჩეჩნეთში ჩვენს სახლს ბომბი დაეცა: სამი წლის დისშვილი და ექვსი წლის და დამეღუპნენ. სიკვდილის პირას იყო დედაჩემიც: სხეულზე საღი ადგილი არ ჰქონდა დარჩენილი, მთლიანად ჭურვის ნამსხვრევებით იყო დაფარული. რამდენჯერმე დავუხუჭეთ თვალები. გვეგონა, რომ მოკვდა.
მთელი ჩემი არსით ომის წინააღმდეგი ვიყავი. იმ წლებში ხალხსაც არ ზოგავდნენ, მშვიდობიან მოსახლეობასაც ესროდნენ, ბომბავდნენ, ახალ ამბებში კი გადასცემდნენ, რომ „ფედერალები“ დამიზნებით უშენდნენ ცეცხლს მხოლოდ იმ პუნქტებს, რომლებშიც ბოევიკები იყვნენ განლაგებული. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი გავიარე, მაინც წინააღმდეგი ვიყავი, რომ ვინმეს ებრძოლა.
ზელიმხანმა, როცა ომში წასასვლელად ემზადებოდა, თქვა, რომ დაიცავდა თავის მიწას, თავის სამშობლოს. იცოდა, რომ მე ომის წინააღმდეგი ვიყავი, ამიტომ მითხრა: ვინ აზღვევინებს შენი დაიკოს მკვლელებს? რა დანაშაული ჰქონდა მას? ვინ აზღვევინებს შენი დისშვილის მკვლელებს?“
როცა ომში წავიდნენ, მთები გადაიარეს და საზღვარი გადაკვეთეს, რაც შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. მთელი რაზმი ალყაში მოაქციეს. ერთი კვირის განმავლობაში იბომბებოდნენ. ზელიმხანმა დაჭრილები საკუთარი ზურგით ატარა. მერე სხვები მიყვებოდნენ, რომ დიდი მამაცობა გამოავლინა, სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. არ მეგონა, რომ იქიდან ცოცხალი გამოვიდოდა.
- ზელიმხანის მკვლელობის შემდეგ ვლადიმირ პუტინმა მას სისხლიანი მკვლელი უწოდა. თქვენ ქმარს აკავშირებენ როგორც ბესლანის ტერაქტთან, ასევე 2004 წელს ინგუშეთში მომხდარ თავდასხმასთან. რა კომენტარს გააკეთებდით ამაზე?
- ბესლანის ამბებში საერთოდ არ მონაწილეობდა. ამის მოწმე მე თვითონ ვარ, რადგან ამ ამბებს ერთად ვუყურეთ ტელევიზორში, მაჰაჩყალაში, სადაც რეზიდენტურაში ვსწავლობდი. ბესლანთან ზელიმხანს ნამდვილად არაფერი ჰქონია საერთო.
რაც შეეხება ინგუშეთს, მაშინ პუტინმა დიდი სისულელე თქვა. მისი თქმით, ზელიმხანმა 60-მდე თანამდებობის პირი მოკლა. თითქოს მარტო დაესხა თავს და ამდენი ადამიანი მოკლა. არადა, მაშინ თითქმის მთელ ინგუშეთზე მოხდა თავდასხმა, მაგრამ მან [პუტინმა] ყველაფერი ზელიმხანს დააბრალა.
ინგუშეთზე კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვი, რადგან ეს ამბები არ მახსოვს. მახსოვს, რომ იყო ასეთი თავდასხმა, მაგრამ მიიღო თუ არა მასში ზელიმხანმა მონაწილეობა, მოკლა თუ არა ვინმე და, საერთოდ, რა ჩაიდინა - ვერ გეტყვით.
- როგორ და რატომ გადაწყვიტეთ საქართველოდან გერმანიაში წასვლა?
- წასვლა მას შემდეგ გადავწყვიტეთ, რაც 2015 წელს საქართველომ არ გამოიძია პირველი შეიარაღებული თავდასხმა ზელიმხანზე. მაშინ ჩემმა ქმარმა არაერთი ჭრილობა მიიღო, რეაბილიტაციის შემდეგ კი ქვეყანა დატოვა, რადგან გააფრთხილეს, რომ იგეგმებოდა მისი მკვლელობის მორიგი მცდელობა.
მე მოგვიანებით დავტოვე საქართველო, 2016 წლის ზაფხულში, რადგან შევამჩნიე, რომ მითვალთვალებდნენ: ჩემი ყველა ტელეფონი ისმინებოდა. ჯერ პოლონეთში მოვითხოვე თავშესაფარი, მერე კი, როცა ზელიმხანმა გერმანიაში ჩასვლა მოახერხა, მე და ჩემი შვილებიც გერმანიაში გადმოვედით, რადგან პოლონეთი, ჩემი აზრით, ნაკლებად უსაფრთხო ქვეყანა იყო, რადგან პოლონეთზე რუსებს უფრო მეტად მიუწვდებოდათ ხელი. ვიფიქრეთ, რომ გერმანია უფრო უსაფრთხო იქნებოდა ჩვენთვის.
- როგორ შეიტყვეთ ზელიმხანის მკვლელობის ამბავი?
- მეზობლებთან ვიყავი, როცა ჩვენი ბინიდან, რომელიც ერთი სართულით მაღლაა, ტირილის ხმა მომესმა. ხმამაღალი ტირილის, კივილის ხმა. სწრაფად გავიქეცით. ჩემი ქალიშვილები მოთქვამდნენ. ვიკითხე, რა მოხდა-მეთქი. „მამა, მამა“, - სიტყვებს ვერ უყრიდა თავს უფროსი შვილი. ბოლოს მითხრა, რომ მამამისი მოკლეს და, რომ ეს ზელიმხანის მეორე ცოლისგან შეიტყო, თუმცა მაშინ 100%-ით დარწმუნებული მაინც არ ვიყავით. ითქვა, რომ ზელიმხანი სახლიდან გავიდა და ტელეფონს აღარ უპასუხებდა, ტელევიზორში კი ტიერგარტენის პარკის ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ ლაპარაკობდნენ.
- ახლა რას გრძნობენ თქვენი შვილები, როცა მედიაში პერიოდულად კვლავ ჩნდება ხოლმე მათი მამის სახელი?
- რა თქმა უნდა, ეს მოქმედებს მათზე. ზელიმხანის მკვლელობა ყველასთვის ძალიან სერიოზული ტრავმაა. მათ სიგიჟემდე უყვარდათ მამა, პირდაპირ აღმერთებდნენ მას. მათთვის ზელიმხანი ახლაც ურყევი იდეალია. რა თქმა უნდა, ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ მამის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი მინიმუმამდე შემემცირებინა. თვითონაც ბევრს ვცდილობდი თავი სათანადოდ დამეჭირა, ძლიერი ვყოფილიყავი, რათა ჩემი შემხედვარე სულიერად არ დაცემულიყვნენ, თუმცა ტრავმები დღემდე აქვთ, მე ვხედავ ამას.
- კმაყოფილი ხართ კრასიკოვისთვის გამოტანილი სასჯელით - უვადო თავისუფლების აღკვეთით?
- Რა თქმა უნდა, არა. ვფიქრობ, ის სასჯელი, რომელიც მას ხელისუფლებამ დაუწესა, სასჯელი არ არის. ნამდვილი სასჯელი ზემოდან მოდის. დარწმუნებული ვარ, ყველა მიიღებს ამ სასჯელს ან სიცოცხლეში, ან შესაძლოა სხვა ცხოვრებაში. ვფიქრობ, ხელისუფლება დროებით იცავს რაღაც ჩარჩოებს, მაგრამ ადრე თუ გვიან კრასიკოვს გაცვლიან. ეს პოლიტიკაა.
– ალბათ გსმენიათ, რომ იგეგმებოდა კრასიკოვის ალექსეი ნავალნიში გაცვლა. რა დამოკიდებულება გექნებოდათ, ეს გაცვლა რომ შემდგარიყო?
- კრასიკოვის გაცვლის წინააღმდეგი ვარ. მე ამას არ მივიღებ. ნავალნის პატივს ვცემდი და ვცემ მისი ცხოვრებისეული პოზიციის გამო. ის ვერ მოდრიკა სისტემამ. ნავალნი სიცოცხლის ბოლომდე იცავდა თავის თვალსაზრისს. თუმცა გაცვლა რომც მომხდარიყო, რუსული პოლიტიკა თვალთმაქცურია - სამიზნეს ხელიდან არ გაუშვებდნენ, ცოცხალს მაინც არ დატოვებდნენ, რადგან ნავალნი შავ სიაში ჰყავდათ. რუსეთი არ ათავისუფლებს თავის მსხვერპლს.
- თქვენი ქმრის დაღუპვის შემდეგ, ბერლინში გაიმართა აქციები, სადაც ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გერმანიის ხელისუფლებას ეკისრება გარკვეული პასუხისმგებლობა ზელიმხანის სიკვდილზე, რადგან მათ დროულად არ მისცეს თავშესაფარი და ექსტრემისტების სიაშიც შეიტანეს. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
- ერთი ვიცი: ზელიმხანს, როგორც ლტოლვილსა და როგორც დევნის მსხვერპლს, აქ არ მოუსმინეს - ეს ფაქტია, ხოლო ის, რომ ამ სიკვდილზე ვიღაცას პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს... არ დავიწყებ ვინმეს დადანაშაულებას, მაგრამ ის, რომ მას არ მოუსმინეს, რომ უყურადღებოდ და უპასუხისმგებლოდ მოეკიდნენ დაცვის თაობაზე მის თხოვნას - ნამდვილად ასეა. მაგრამ ზელიმხანს რომც მიეღო ლტოლვილის სტატუსი, ვფიქრობ, რუსეთი მაინც განახორციელებდა თავის ჩანაფიქრს.
- თქვენ თუ გრძნობთ თავს უსაფრთხოდ?
- ეს ისეთი კითხვაა, რომელსაც ვერ ვუპასუხებ. რა არის უსაფრთხოება და ვის აქვს იგი დღეს? არავის. ცხოვრების დინებას მივენდე - იქნება ის, რაც იქნება. ვცხოვრობთ, ვცდილობთ, როგორმე თვითონვე შევიტანოთ ცოტა სილამაზე ჩვენს ცხოვრებაში. უსაფრთხოებაზე საუბარი არ მინდა. უსაფრთხოება ალბათ ზევიდან ეძლევა ადამიანს.
- რუსეთი დაჟინებით მოითხოვდა ვადიმ კრასიკოვის გათავისუფლებას შეერთებულ შტატებთან პატიმრების გაცვლის თაობაზე წარმოებული მოლაპარაკებების დროს. „დავალება პირადად ვლადიმირ პუტინმა გასცა“, - წერს Wall Street Journal-ი. ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, კრასიკოვი შეიძლება იყოს სპეცრაზმ „ვიმპელის“ ვეტერანი და ФСБ-ს უფროსი ოფიცერი. მოსკოვი ხანგოშვილის მკვლელობაში მონაწილეობას უარყოფს.
- არაერთი თავდასხმა მომხდარა ჩეჩნეთის დღევანდელი ხელმძღვანელის, რამზან კადიროვის იმ კრიტიკოსებზე, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ. 2017 წლის სექტემბერში კიევში დაცხრილეს ჩეჩენი ქალი ამინა ოკუევა. რამდენიმე დღის შემდეგ კიევში ააფეთქეს საქართველოს მოქალაქე, ეთნიკურად ჩეჩენი ტიმურ მახაური. 2009 წლის იანვარში ვენაში მოკლეს კადიროვის ყოფილი მცველი უმარ ისრაილოვი. 2004 წლის თებერვალში კატარში ააფეთქეს იჩქერიის პრეზიდენტის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელი ზელიმხან იანდარბიევი.