Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ დარჩა საქართველო ადრეული გაფრთხილების სისტემის გარეშე, მიუხედავად არაერთი დაპირებისა


მაშველები შოვში დაკარგულ ადამიანებს ეძებენ. 5 აგვისტო, 2023 წელი
მაშველები შოვში დაკარგულ ადამიანებს ეძებენ. 5 აგვისტო, 2023 წელი

"2-3 წელიწადში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა გვექნება. ამ სისტემებით მივიღებთ ინფორმაციას, რომელიც პრევენციის ღონისძიებებისთვის აუცილებელია“, - თქვა ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ, ჭუბერის ხეობაში მომხდარი სტიქიის შემდეგ,  გარემოს დაცვის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. 

დღეს იგი ეკონომიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერია და ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არ აქვს 2023 წელს საქართველოს ადრეული გაფრთხილების სისტემა, რომელიც, მისი განცხადებით, უკვე 2021 წელს უნდა ჰქონოდა ქვეყანას, ამბობს, რომ შოვის “მსგავსი ტრაგედია გარდაუვალი იქნებოდა ნებისმიერ პირობებში, რაც არ უნდა სისტემები გვქონდეს.

საზოგადოება ახლა რაჭის სტიქიის მსხვერპლებს ეძებს და მსჯელობს, შესაძლებელი იქნებოდა თუ არა რაჭის ტრაგედიის თავიდან აცილება ადრეული შეტყობინების სისტემის არსებობის შემთხვევაში? როგორ შეიძლება უკეთესად აღჭურვილი სამაშველო სამსახურით და საფრთხეების შეტყობინებების სისტემის დანერგვით ზიანის შემცირება მომავალში?

გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ 6 აგვისტოს გამოქვეყნებული პირველადი დასკვნის მიხედვით, სტიქიის ჩასახვა-გააქტიურების ზონიდან შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე ღვარცოფულ ნაკადს, სავარაუდოდ, 8-10 წუთში უნდა ჩაეღწია.

„იქ, სადაც პირველად გავიგე ხმაური, 2 წუთით ადრე მაინც რომ შეეტყობინებინა ვინმეს, რომ მსგავსი კატასტროფა იყო მოსალოდნელი, მე მეყოფოდა ის 2 წუთი, რომ მანქანით გამომესწრო ტალახისთვის. კოტეჯებში მყოფ ხალხს 8-10 წუთით ადრე მაინც რომ ჰქონოდათ ინფორმაცია ამ კატასტროფის შესახებ, ისინიც მოასწრებდნენ ტერიტორიის დატოვებას“, - უთხრა რადიო თავისუფლებას 7 აგვისტოს შოვში სტიქიას გადარჩენილმა გიო ადამიამ. ის ღვარცოფში 6 წლის შვილთან ერთად მოხვდა. მათ საათები და ადგილობრივების დახმარება დასჭირდათ ტალახის მასიდან გამოსაღწევად.

ადრეული შეტყობინების სისტემა, ერთი მხრივ, სპეციალისტებს მისცემდა საშუალებას, სცოდნოდათ მოსალოდნელი სტიქიის მასშტაბების შესახებ, მეორე მხრივ, მოსახლეობას გააფრთხილებდა ხმოვანი სიგნალით და მოკლე ტექსტური შეტყობინებით, რომ საფრთხე ელოდა.

სისტემა, რომლის აუცილებლობაზეც საქართველოში წლებია, გეოლოგებიც ლაპარაკობენ, არ არის მხოლოდ შოვის მსგავსი ტრაგედიების პრევენცია - ესაა მექანიზმი სოფლის მეურნეობის უკეთ დასაგეგმად, უსაფრთხო ტურიზმის ხელშესაწყობად, ეკონომიკური ზიანის თავიდან ასაცილებლად და ეროვნული უსაფრთხოების გასაძლიერებლად.

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მონაცემებით, მოსალოდნელ საფრთხეზე 24 საათით ადრე გაფრთხილება 30%-ით ამცირებს მსხვერპლს.

ადრეული შეტყობინების სისტემა რისკებს აზღვევს არა მარტო ღვარცოფის, მეწყრის და წყალდიდობის შემთხვევაში, არამედ გვალვისას, სეტყვისას, ძლიერი ქარისას და ზვავის ჩამოწოლის დროს. ამ სისტემებს ასევე იყენებენ, მაგალითად, ტყის ხანძრების, რადიაციული დონის მატების, ცუნამისა და ქარიშხლის დროს მოქალაქეების გასაფრთხილებლად.

უკვე დღეს მოქმედმა გარემოს დაცვის მინისტრმა ომარ შამუგიამ 7 აგვისტოს თქვა, რომ “მალე ქვეყანა სრულად იქნება დაფარული მონიტორინგის სისტემით”. და ისე, რომ არ დაუკონკრეტებია, როდის იქნება “მალე”, დაამატა რომ “ეს არ არის ერთ დღეში ან ერთ წელიწადში განსახორციელებელი საქმე.”

რადიო თავისუფლებამ გადახედა მთავრობის წევრების მიერ სხვადასხვა დროს გაცემულ დაპირებებს და ოფიციალურ დოკუმენტებს, რომლებშიც ხელისუფლება თავად ამტკიცებდა ადრეული გაფრთხილების სისტემის დანერგვის აუცილებლობას, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში. ღია წყაროებით ვნახეთ ასევე ის თანხებიც, რომლებიც სხვადასხვა დროს იყო გამოყოფილი ადრეული გაფრთხილების სისტემის გასაკეთებლად.

გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნულ პროგრამაში, რომელიც 2012-2016 წლებზე იყო გათვლილი, წერია, რომ 2021 წლამდე საქართველოს უნდა ჰქონოდა მთელი ქვეყნის მასშტაბით ბუნებრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემა.

ფრაგმენტი 2012-2016 წლების გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამიდან
ფრაგმენტი 2012-2016 წლების გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამიდან

ამავე დოკუმენტის მიხედვით, უნდა მომზადებულიყო გეოლოგიური საფრთხეების რუკები, შექმნილიყო მონაცემთა ბაზები და გაფართოებულიყო ჰიდრომეტეოროლოგიური მონიტორინგის ქსელი. ამ მიზნებისთვის ბიუჯეტიდან მობილიზებული და დონორებისგან მიღებული თანხა 10 მილიონ ლარს აჭარბებს.

ფრაგმენტი 2012-2016 წლების გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამიდან
ფრაგმენტი 2012-2016 წლების გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამიდან

2017 წელს, როცა სახელმწიფომ გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამა განაახლა და შემდგომი წლებისთვის დასახა გეგმები, ჩანაწერები ადრეული შეტყობინების სისტემის გამართვის შესახებ უცვლელად შეიტანა ამ დოკუმენტში.

ფრაგმენტი 2017-2020 წლებისთვის განკუთვნილი გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამიდან
ფრაგმენტი 2017-2020 წლებისთვის განკუთვნილი გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამიდან

2017-2022 წლების „კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნულ სტრატეგიაში", რომელიც მთავრობამ ვერეს ხეობაში მომხდარი წყალდიდობის და დევდორაკის ღვარცოფის მოვარდნის შემდეგ მიიღო, წერია: “უკანასკნელი წლების მონაცემებით, სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების რაოდენობა საშუალოდ 15%-ით, ხოლო სტიქიური გეოლოგიური მოვლენების რაოდენობა საშუალოდ 58%-ით არის გაზრდილი. შესაბამისად, სტიქიის მიერ გამოწვეული ზარალიც მომატებულია. სტიქიური გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენებით გამოწვეულმა ზარალმა მხოლოდ 2015 წელს 389 მილიონი ლარი შეადგინა.

კატასტროფის რისკის შემცირების პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა კატასტროფის რისკის შემცირების შესაძლებლობების განვითარება და მართვის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტთან." ამავე დოკუმენტში წერია, რომ მთავრობა უპირველეს ამოცანად მიიჩნევს ადრეული გაფრთხილების და განგაშის სისტემების შექმნას.

ფრაგმენტი 2017-2022 წლების „კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგიიდან"
ფრაგმენტი 2017-2022 წლების „კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგიიდან"

ადრეული გაფრთხილების სისტემის აუცილებლობისა და საჭიროების შესახებ ჩანაწერი გვხვდება საქართველოს მთავრობის 2021-2024 წლებისთვის განკუთვნილ პროგრამაშიც. აქ მთავრობა ხალხს ჰპირდება, რომ “დაინერგება ადრეული გაფრთხილების SMS სისტემა, რომელიც სახიფათო ტერიტორიაზე მყოფ აბონენტებს შეატყობინებს მომხდარი ან პოტენციური საფრთხის შესახებ”.

ადრეული გაფრთხილების სისტემის ამუშავების პირობა დადებული აქვს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსაც - 2021 წლის აგვისტოში, სამინისტროს განვითარების 10-წლიანი გეგმის წარდგენისას მან თქვა: “დაინერგება ადრეული გაფრთხილების SMS სისტემა, რომელიც სახიფათო ტერიტორიაზე მყოფ აბონენტებს მომხდარი ან პოტენციური საფრთხის შესახებ შეატყობინებს”.

ანალოგიური დაპირება აქვს გაცემული პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს 2021 წლის ივნისში, პარლამენტში 10-წლიანი გეგმის წარდგენისას.

ირაკლი ღარიბაშვილმა ეს 2021 წლის ივლისში განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ეს 2021 წლის ივლისში განაცხადა.

არქივში იძებნება მთავრობის 2019 წლის განცხადება იმის შესახებ, რომ სტიქიური მოვლენების ადრეული გაფრთხილების სისტემისთვის საქართველო 32 მილიონ ლარს დახარჯავდა. ეს გრანტი ქვეყანას შვეიცარიის მთავრობამ და “კლიმატის მწვანე ფონდმა” გამოუყვეს. 7-წლიანი პროექტი აღჭურვილობის შეძენას და კადრების გადამზადებას უნდა მოხმარებოდა.

ადრეული შეტყობინების სისტემების გამართვა ერთი ნაწილია იმ საერთაშორისო თანამშრომლობის, რომელიც საქართველოს კლიმატის ცვლილებების პირობებში კატასტროფებისთვის უკეთ მომზადებაში უნდა დახმარებოდა. ამ მიზნით, 2019 წელს საქართველოს, ჯამში, 74 მილიონი დოლარი ჰქონდა მობილიზებული გაეროს განვითარების პროგრამასთან თანამშრომლობის ფარგლებით.

პროექტი გულისხმობდა:

  • ჰიდრომეტეოროლოგიური და აგრომეტეოროლოგიური მონიტორინგის ქსელის განახლებას;
  • პრიორიტეტული ინფრასტრუქტურის გამართვას მაღალი რისკის ზონებში და ეფექტური ადრეული შეტყობინების სისტემის (EWS) გამართვას;
  • ქუთაისში მეტეოროლოგიური რადარის დამონტაჟებას, სტიქიური მოვლენების შესახებ მეტად ზუსტი ინფორმაციის მოსაგროვებლად;
  • ახალგაზრდა სპეციალისტების მომზადებას;
  • 2024 წლისთვის ქვეყნის მასშტაბით 300-ზე მეტი ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურის და საგუშაგოს გამართვას. 2022 წლის მაისში მხოლოდ 160 სადგური ფუნქციონირებდა.

დოკუმენტებში ჩანს, რომ იმართება შეხვედრები სკოლის მოსწავლეებთან და ადგილობრივი ხელისუფლებების წარმომადგენლებთან სხვადასხვა რეგიონში კლიმატის ცვლილების საკითხებზე ცნობიერების ასამაღლებლად, თუმცა არ ჩანს, რას აკეთებს საქართველო ადრეული გაფრთხილების სისტემის გასამართად.

როცა ლევან დავითაშვილს 7 აგვისტოს ჰკითხეს, რატომ არ შესრულდა ადრეული გაფრთხილების სისტემის შესახებ 2019 წელს გაცემული დაპირება, მან თქვა, რომ “ მყისიერად იმ მეწყრულ პროცესებს ვერ შევაჩერებდით და ეს გარდაუვალი შედეგი, ალბათ, მაინც დადგებოდა”. აქვე მან ჩამოთვალა, რა გაკეთდა 2019 წლიდან ამ დრომდე.

ლევან დავითაშვილის თქმით:

  • ყოველწლიურად მზადდება მონიტორინგის ანგარიში;
  • დამონტაჟდა 200 თანამედროვე ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური, რაც წყლის მატებაზე დაკვირვების საშუალებას იძლევა;
  • 20 მეწყრულ უბანზე დგას მონიტორინგის სისტემა; ამ სისტემებს შოვში ღვარცოფის საფრთხე არ დაუფიქსირებიათ.
  • 11 მდინარის აუზში ჩატარდა ბუნებრივი საფრთხეების კვლევა;
  • გამართულად მუშაობს სამი რადარი მეტეოროლოგიური პროგნოზისთვის.

ლევან დავითაშვილს არ უთქვამს, რომ ამავე პროგრამიდან დაფინანსდა საქართველოს საწევრო გადასახადი ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ცენტრში (ECMWF) - ამ საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანება საქართველომ იმ არგუმენტით მოინდომა, რომ ეფექტური ადრეული შეტყობინების სისტემა გაემართა.

ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ცენტრთან თანამშრომლობის დასაწყებად საქართველომ 89 052 გირვანქა სტერლინგი გადაიხადა და მომდევნო 6 წლის განმავლობაშიც გადაიხდის ყოველწლიურ საწევროს, რომელიც ამ ორგანიზაციის არაწევრი ქვეყნებისთვის 24 000 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. პროგრამის დასრულების შემდეგ საწევროზე გადასახადი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს.

ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის ადრეული შეტყობინების სისტემა დამონტაჟებულია დევდორაკის მყინვარზე, მდინარე ვერეს ხეობაში და ქარელისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში, მდინარეებზე კაბალსა და დურუჯზე. რამდენად ქმედითია და გამართულად მუშაობს ეს სისტემები, ამ სტატიის წერის პროცესში რადიო თავისუფლებას არ გადაუმოწმებია. 6 აგვისტოს "მთავარმა არხმა" გადაიღო, რომ, როგორც ჩანს, არ მუშაობს წყნეთი-ბეთანიის გზაზე, ვერეს წყალდიდობისას მეწყრის ჩამოწოლის ადგილას დამონტაჟებული შლაგბაუმები, რომლებსაც საფრთხის შემთხვევაში გზა უნდა ჩაეკეტა ავტომანქანის მძღოლებისთვის.

7 აგვისტოს გარემოს დაცვის მინისტრმა ოთარ შამუგიამ თქვა, რომ მდინარე ჭანჭახზე არსებობს ჰიდროლოგიური სადგური, რომელსაც შოვის სტიქიამდე ამ მდინარეზე არც წყლის მატება და არც შემცირება არ დაუფიქსირებია. გარემოს ეროვნული სააგენტოს წინასწარ კვლევაში მართლაც არ წერია, რომ 3 აგვისტომდე არსებობდა რაიმე მინიშნება მოსალოდნელი სტიქიის შესახებ და ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ “მთელ მსოფლიოში ამ ტიპის [კომპლექსური ხასიათის სტიქია] მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია."

XS
SM
MD
LG