სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში კვლავ ცხელი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება. განსაკუთრებით მაღალ ტემპერატურას ელიან კახეთში. ამ დროს რეგიონის ზოგ დასახლებაში სასმელი წყლის მიწოდების პრობლემაა. ლაგოდეხში არის უბნები, სადაც წყალს კვირაში მხოლოს 3 დღე იღებენ და ისიც რამდენიმე საათით. რამ წარმოშვა პრობლემა და როდის მოგვარდება? ახერხებენ თუ არა ჩვენი რესპონდენტები ზაფხულის ცხელი დღეები საკურორტო ზონებში გაატარონ?
მომდევნო სამი დღის განმავლობაში თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით ცხელი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება - ასეთია სინოპტიკოსების პროგნოზი. ამბობენ, რომ განსაკუთრებით მაღალი ტემპარატურა, +40 გრადუსზე მეტი, კახეთის რეგიონში დაფიქსირდება. დოდო გვაზავა, რომელიც გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის თანამშრომელია, ამბობს, რომ ივლისის თვისთვის ასეთი ამინდი არ არის უჩვეულო. გვაზავას განცხადებით, ცხელი დღეების შემდეგ კახეთში შესაძლებელია 5-6 ივლისს გაწვიმდეს:
ამ სიცხეში წყალი რომ არ ექნება ადამიანს, რა უნდა თქვა? ისეთი მდგომარეობაა, დასალევი წყალიც კი არ გვაქვს, ვიღა ჩივის ჭურჭლის დარეცხვაზე!
„სიცხეა ყველგან, მაგრამ 40 გრადუსი და ცოტა მეტიც გვქონდა გათვალისწინებული კახეთში და სამხრეთ საქართველოში. ივლისის თვეს თუ ავიღებთ, კახეთის რეგიონში 40 გრადუსი 2000-2002 წლებშიც ყოფილა. ეს არის, რაც ფიქსირდებოდა წლების განმავლობაში. აქ უჩვეულო არაფერია. არის შესაძლებლობა, რომ კახეთის რეგიონში 5-6 ივლისს გაწვიმდეს“.
იმ ფონზე, როდესაც კახეთში ჰაერის ტემპერატურა +40 გრადუსია, მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყალი არ მიეწოდება. მაგალითად, ლაგოდეხში ჭავჭავაძისა და ქიზიყის ქუჩებზე მცხოვრები ადამიანები ამბობენ, რომ წყალი კვირის განმავლობაში მხოლოდ 2-3 დღით აქვთ და ისიც რადენიმე საათის განმავლობაში. მოსახლეობა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას უყრადღებობაში ადანაშაულებს:
„ამ სიცხეში წყალი რომ არ ექნება ადამიანს, რა უნდა თქვა? ისეთი მდგომარეობაა, დასალევი წყალიც კი არ გვაქვს, ვიღა ჩივის ჭურჭლის დარეცხვაზე!“
ეს პრობლემა გვალვით არ არის გამოწვეული. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს გადართვითი [ძველიდან ახალ მაგისტრალზე] სამუშაოები, რომელიც ხვალ ან მაქსიმუმ ზეგ დასრულდება...მიხეილ თათარაძე
„წყალი ისე მოდის, რომ არც მოვკვდეთ და არც დავრჩეთ“.
„ახლა რომ დაცხა ძალიან, ალბათ, მაგის ბრალია“.
„წყალი ამ სიცხეში გვინდა, ზამთარში თოვლსაც გავადნობ და იმას მოვიხმარ“.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში დაადასტურეს, რომ ლაგოდეხში წყალმომარაგების მხრივ პრობლემა აქვთ. კომპანიის წარმომადგენელ მიხეილ თათარაძის თქმით, ლაგოდეხში წყალმომარაგების პრობლემის მოსაგვარებლად სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც 2-3 დღეში დასრულდება:
„ეს პრობლემა გვალვით არ არის გამოწვეული. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს გადართვითი [ძველიდან ახალ მაგისტრალზე] სამუშაოები, რომელიც ხვალ ან მაქსიმუმ ზეგ დასრულდება და აღნიშნული ქუჩები უზრუნველყოფილი იქნებიან წყალმომარაგებით“.
ზაფხულობით - მაშინ, როცა ჰაერის ტემპერატურა მაქსიმუმს აღწევს - თითქმის ყველა ცდილობს ან სურვილი აქვს დაისვენოს რამდენიმე დღით მაინც. ჩვენ კახეთში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ქუჩაში გამვლელებს ვკითხეთ, ახერხებენ თუ არა ცხელ დღეებში დასასვენებლად წასვლას საქართველოს ან საზღვრებს გარეთ საკურორტო ზონებში. როგორც გამოკითხვამ აჩვენა, სურვილი ბევრს აქვს, მაგრამ შესაძლებლობა - ნაკლებს:
„ჩვენისთანა ხალხი, ვინც პენსიაზეა, დასასვენებლად ვერ წავა“.
„დასასვენებლად წასვლას ვერ ვახერხებთ, რადგან არ გვაქვს პირობები“.
„სურამში წასვლას ვფიქრობ, რადგან იქ უფრო გრილა“.
„რომელ დასვენებაზე მეკითხებით, ამ გლეხ ხალხს ისეთი პირობები გვაქვს შექმნილი, ჩვენზე ითქმება გაუბედურებული“.
„მე ანაკლიაში მივდივარ“.
„ვერ ვახერხებთ ფინანსური მდგომარეობის გამო. ისე კი ვიცი, რომ საქართველოში უფრო ძვირია დასვენება, ვიდრე საზღვარგარეთ“.
მართალია, სურვილის მიუხედავად, უფულობის გამო დასვენებას ზოგი ვერ ახერხებს, მაგრამ ყოველ მათგანს სჭირდება სასმელი წყალი, რომელიც თითქმის ყოველთვის პრობლემურია კახეთში, განსაკუთრებით კი, ზაფხულის პერიოდში.