Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჯაშუშობის საქმე“ ცხინვალში - ყველაფერი საქართველოს სპეცსამსახურებს ბრალდებათ


„ჯაშუშობის ისტორიამ“ მოიცვა სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორია - დაკავებულია ოთხი პირი. მათ თბილისის სასარგებლოდ ჯაშუშობასა და „სახელმწიფო ღალატში“ ედებათ ბრალი. დე დაქტო რესპუბლიკაში მიმდინარე გამოძიების მიხედვით, კვალი საქართველოს სპეცსამსახურებთან მიდის.

დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის, სერგეი ლიპინის შემდეგ, დააკავეს მისი მეუღლე - ნანული ჭულუხაძე და კომპიუტერული ცენტრის მფლობელები - ძმები თედეევები.

სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (КГБ) ინფორმაციით, სერგეი ლიპინმა და მისმა მეუღლემ დანაშაული უკვე აღიარეს:

„წინასწარი გამოძიების ეტაპზე, ცოლ-ქმარმა ლიპინებმა აღიარეს კანონსაწინააღმდეგო ქმედება - კერძოდ, სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური ხასიათის ინფორმაციის შეგროვება და საქართველოს სპეცსამსახურებისთვის გადაცემა - რესპუბლიკის უსაფრთხოების საზიანოდ. ეს დანაშაული განსაზღვრულია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის 1 ნაწილით და „სახელმწიფო ღალატს“ გულისხმობს“.

„ეხო კავკაზას“ კორესპონდენტი ცხინვალიდან ასევე იუწყება, რომ სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის განმარტებით:

  • ლიპინმა აღიარა, რომ ქართულმა სპეცსამსახურებმა ის 2006 წელს გადაიბირეს, სოფელ ერედვში, სადაც ის მეუღლის ნათესავებთან იყო ჩასული;​
  • ლიპინს, როგორც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელისუფლებასთან და ძალოვან სტრუქტურებთან დაახლოებულ პირს, ხელი მიუწვდებოდა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ მასალებზე, რასაც აგზავნიდა საქართველოში;
  • საქართველოს სპეცსამსახურების დავალებას ლიპინი ასრულებდა სამხრეთ ოსეთის სახელისუფლებო სტრუქტურებში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობისა და საზოგადოებრივ ორგანიზაცია „როსსი“-ში (РОССЫ) საქმიანობის პარალელურად;​
  • ლიპინმა აღიარა, რომ ხანდახან ჯაშუშობას ეწეოდა საკუთარი ინიციატივითაც, კურატორების მხრიდან მოთხოვნის გარეშე.

თუმცა სერგეი ლიპინის აღიარებითი ჩვენება საზოგადოებას არ მოუსმენია და აღიარების ამსახველი კადრები არც იმ ვიდეოსიუჟეტში მოხვდა, რომელიც ამ ხმაურიან საქმეს მიეძღვნა 12 ივლისს, ცხინვალის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში.

როგორც „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტი იუწყება, ვიდეოსიუჟეტის ნახვის შემდეგ, ცხინვალში ბევრმა გაიხსენა 2006 წლის „ჯაშუშური ისტორია“, როდესაც სატელევიზიო აღიარებითი ჩვენებით გამოვიდა დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ალან პარასტაევი. მას ადანაშაულებდნენ და შემდეგ - გაასამართლეს კიდეც სახელმწიფო გადატრიალებაში თანამონაწილეობისთვის დე ფაქტო პრეზიდენტის, ედუარდ კოკოითის ფიზიკური განადგურების მიზნით. მაშინ ეს ამბავიც საქართველოს სპეცსამსახურებს დაბრალდა.

  • სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, სერგეი ლიპინის მეუღლე ნანული ჭულუხაძე ფოტოებს უღებდა სამხედრო ობიექტებს და უგზავნიდა ქალიშვილს თბილისში;
  • ცხინვალში ამბობენ, რომ ნანული ჭულუხაძის ნათესავებმა, ცოლ-ქმრის დაკავების შემდეგ მალევე დატოვეს ქალაქი.

რაც შეეხება ძმებს - ქრისტოფორ და გიორგი თედეევებს, სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, მათ პირადი კონტაქტები ჰქონდათ სერგეი ლიპინთან.

„ქრისტოფორ თედეევი დაკავებული იყო სამსახურეობრივი კომპიუტერების რემონტითა და მომსახურებით ძალიან ბევრ დაწესებულებასა და უწყებაში. მას ჰქონდა წვდომა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ცნობებთან“, - იტყობინება სატელევიზიო სიუჟეტი, რომელიც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მოსახლეობამ პარასკევს იხილა.

XS
SM
MD
LG