Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხორავას ქუჩის საქმე: დასკვნა დამტკიცდა, დაპირისპირება გრძელდება


ხორავას ქუჩის საქმის დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრები
ხორავას ქუჩის საქმის დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრები

9 ხმით 4-ის წინააღმდეგ - 5 სექტემბერს, კენჭისყრის ასეთი შედეგით დაამტკიცა საბოლოო დასკვნა ხორავას ქუჩის საქმის დროებითმა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ. თუმცა ეს არის მხოლოდ „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული დასკვნა, რომელსაც არ იზიარებს და პოლიტიზებულად მიიჩნევს „ქართული ოცნება“. 5 სექტემბრის სხდომაზე მმართველმა გუნდმა დასკვნის საკუთარი ვარიანტი წარმოადგინა, რასაც ცხარე კამათი მოჰყვა. „ევროპული საქართველოსთვის“ მიუღებელია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომ ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებულ დასკვნაში ლაპარაკი არ არის კონკრეტული დანაშაულების ნიშნებზე და არ არის დაყენებული კონკრეტული პირების სამართლებრივი თუ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, მაშინ როდესაც მოკლულია დავით სარალიძე, ხოლო მისი მკვლელის ვინაობა ჯერ დადგენილი არ არის. „ქართული ოცნების“ პოზიციით, მკვლელის დადგენა და ცალკეულ პირთა დასჯის საკითხის დაყენება საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ფუნქცია არ არის.

წინასწარვე ნათელი იყო, რომ ვერ შეჯერდებოდა „ქართული ოცნებისა“ და „ევროპული საქართველოს“ პოზიციები ხორავას ქუჩის საქმის საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნის გარშემო. ბოლომდე უცვლელად დარჩა უთანხმოების გამომწვევი მთავარი საკითხი, მაშინ როცა „ევროპული საქართველოს“ შეფასებით, ხორავას ქუჩის საქმის გამოძიება მირზა სუბელიანის ინტერესების შესაბამისად გამრუდდა, პროკურატურისა და შს სამინისტროს თანამშრომელთა აქტიურობითა თუ პასიურობით, „ქართული ოცნება“ გამოძიების მსვლელობაში მიკერძოებისა და საჯარო მოხელეთა მხრიდან გამოძიების პროცესში ჩარევის ნაკვალევსაც კი ვერ ხედავს. შესაბამისად, „ქართული ოცნება“ საჭიროდ არ თვლის კონკრეტული საჯარო მოხელეების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას.

„წარმოდგენილი მასალების და მტკიცებულებათა გამოკვლევის -შეფასების საფუძველზე, კომისია მივიდა დასკვნამდე, რომ ცალკეული საგამოძიებო მოქმედებების ჩაუტარებლობას ან დაგვიანებით ჩატარებას შესაძლოა, ჰქონდეს სხვადასხვა მიზეზი და ის არ შეიძლება, ერთმნიშვნელოვნად შეფასდეს რომელიმე თანამდებობის პირის მხრიდან სამოხელეო დანაშაულის ჩადენად“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ დასკვნაში,რომელიც ოთხშაბათს კომისიის სხდომაზეც განიხილეს და ამ აქცენტს ძალიან მწვავე კამათი მოჰყვა.

ხორავას ქუჩის საქმის საპარლამენტო კომისიის სხდომაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:09:30 0:00

„ქართული ოცნება“ ირწმუნება, რომ საგამოძიებო მოქმედებების ჩაუტარებლობამ, ანდა დაგვიანებით ჩატარებამ „არსებითი გავლენა ვერ მოახდინა გამოძიების საბოლოო შედეგზე და მართლმსაჯულების განხორციელებაზე“. მართალია, მირზა სუბელიანისა და მისი ცოლის დისშვილის მ.კ.-ს მიმართ ცალკეული შეკითხვების გამომწვევ საფუძველს ხედავს, ცრუ ჩვენებების მიცემის კუთხით, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“, „ევროპული საქართველოსგან“ განსხვავებით, მაინც არ ჩათვალა საჭიროდ დაეყენებინა ამ პირთა კონკრეტული სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. მმართველი გუნდი ასევე ეწინააღმდეგება „ევროპული საქართველოს“ რეკომენდაციას მ.კ.-ს წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებასთან დაკავშირებით, დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურ მკვლელობაში მონაწილეობის კუთხით.

5 სექტემბერს, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კენჭი უყარეს „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილ დასკვნასაც, თუმცა მას კომისიის 9 წევრმა არ დაუჭირა მხარი და შესაბამისად, ჩავარდა. საკუთარი ვარიანტის დამტკიცებისთვის „ევროპულმა საქართველომ“ ისარგებლა 9-კაციანი უმრავლესობით, რომელიც მას კომისიაში აქვს. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, დამტკიცებული დასკვნა პარლამენტის უახლოეს სხდომაზე უნდა განიხილონ. პარალელურად, „ქართულ ოცნებას“ აქვს შესაძლებლობა საკუთარი დასკვნა პარლამენტს დადგენილების სახით წარუდგინოს და ადვილი წარმოსადგენია, რომ მას მხარს დაუჭერს საპარლამენტო უმრავლესობა.

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნა
please wait

No media source currently available

0:00 0:01:55 0:00

როგორც კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ განაცხადა, თავისი გადაწყვეტილებით „ქართული ოცნების უმრავლესობას მოუწევს პასუხის გაცემა შეკითხვაზე - იზიარებენ, თუ არა პასუხისმგებლობას ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით.“

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე, რომელიც იმთავითვე ემხრობოდა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას, ახლა სამწუხაროს უწოდებს იმ ფაქტს, რომ კომისიამ ვერ მოახერხა ერთიანი, შეჯერებული დასკვნის წარმოდგენა. მისი აზრით, პოლიტიკურ ძალებს შორის შეუთანხმებელი დოკუმენტი მნიშვნელოვან წონას კარგავს. თუმცა ამ კომისიის მუშაობამ, რომელსაც საზოგადოება პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალყურს, სალაძის თქმით, გამოამჟღავნა ძალიან ბევრი პრობლემა, რომელიც საგამოძიებო სტრუქტურების მუშაობას უკავშირდება და გამოკვეთა სამართალდამცველი სტრუქტურების რეფორმირების გადაუდებელი აუცილებლობა. „კომისიის მუშაობის პროცესში მოხდა მთელი იმ პრობლემების ლუსტრაცია, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით და რომელთა არსებობაც დადასტურდა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას სულხან სალაძემ.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG