ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, ორსართულიან მრავალბინიან სახლში 8 ივლისს გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული ათამდე ოჯახი დახმარებას ითხოვს. ოთხი დღის წინ გაჩენილმა ხანძარმა გაანადგურა საცხოვრებელი ფართები, ავეჯი და ნივთები და ოჯახები ღია ცის ქვეშ დარჩნენ. ადგილობრივთა ინფორმაციით, ძლიერი ცეცხლი, სავარაუდოდ, თხევადი აირის არასწორი მოხმარების შედეგად მეორე სართულზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა, რის შემდეგაც მთელ სართულს მოედო. ხანძრის ჩაქრობისას გამოყენებულმა წყალმა პირველ სართულზე მდებარე ბინებშიც ჩააღწია და შენობის ამორტიზებული ჭერი და კედლები კიდევ უფრო დააზიანა.
დაზარალებულები ამბობენ, რომ საცხოვრებელი სახლი თითქმის ასი წლისაა და კაპიტალური შეკეთება ხანძრამდეც სჭირდებოდა, თუმცა ამჟამად კედლები და საძირკველია ამორტიზებული და ფიქრობენ, რომ სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია:
„დანგრეულია ყველაფერი, საცხოვრებლად არ ვარგა. ჭერები ჩამოყრილია, შიშით ვერ შემოვდივარ, - როდის ჩამოინგრევა, არ ვიცი. საწოლები სველია და წყლითაა გაბჯნილი კედლები“;
„თუ რამე მიშრომია და მიწვალია, ყველაფერი ცეცხლმა წაიღო, აღარაფერი გვაქვს“;
„აქ გაუსაძლისი მდგომარეობაა. ცეცხლმა სხვენი და სახურავი გაანადგურა, სახანძროს წყალმა კი - ავეჯი და ინვენტარი. არ იცხოვრება“.
როგორც ხანძრის შედეგად დაზარალებულები ამბობენ, ორსართულიან სახლში მცხოვრები ოჯახების უმრავლესობა საარსებო შემწეობის მიმღებია და მათ საკუთარი საცხოვრებელი ბინების გარემონტების საშუალება არ აქვთ. დაზარალებულები საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ან შენობის რეკონსტრუქციისთვის დახმარებას ადგილობრივი თვითმმართველობისგან ითხოვენ:
„მასალის თანხაც არ გვაქვს. აქ სოციალურად დაუცველები ვცხოვრობთ. 7-8 ათასი ლარი ღირს გადახურვა და ამის საშუალება არ გვაქვს“;
„ხანძრის შემდეგ წყალი ჩავიდა სარდაფში და შუა კედელს ფუნდამენტი გამოაცალა, რასაც ხელახლა ჩასხმა და რეკონსტრუქცია სჭირდება, რაც დიდ თანხასთანაა დაკავშირებული. მოგვეხმაროს მთავრობა. ხმას რომ ითხოვენ საარჩევნოდ, ახლა ჩვენ ვითხოვთ დახმარებას“.
ქუთაისის საკრებულოში ნიკეას მაჟორიტარული ოლქის დეპუტატის კახაბერ ბოჭორიშვილის განცხადებით, მოსახლეობას ბინების ხანძრის ნარჩენებისგან გასუფთავებაში დაეხმარებიან შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები, ადგილობრივი თვითმმართველობა დაზარალებულთა ნაწილს დროებითი საცხოვრებელი ფართით დააკმაყოფილებს და მერია შენობის გადასახურად მასალას გადასცემს მობინადრეებს:
„თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, ყველაზე მეტად დაზარალებული 5 ოჯახი, რომლებსაც წასასვლელი არსად აქვთ, დროებით თავშესაფარში განთავსდებიან. შენობის გადახურვისთვის საჭირო ყველა მასალას შეიძენს თვითმმართველობა და გადავცემთ ნიკეას 1/6-ში მცხოვრებლებს“.
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, ორსართულიან მრავალბინიან სახლში ხანძარი ერთ-ერთ ბინაში 8 ივლისის საღამოს გაჩნდა. ძლიერმა ცეცხლმა მთლიანად გაანადგურა შენობის სხვენი და სახურავი და მეორე სართულზე მდებარე საცხოვრებელი ფართები. დაზარალდნენ სახლის პირველ სართულზე მცხოვრები ოჯახებიც - მათ ავეჯი, საყოფაცხოვრებო ნივთები და ელექტროხელსაწყოები დაუზიანდათ.