Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხანძარმა გალელებს შემოსავლის მთავარი წყარო გაუნადგურა


გალი
გალი

„ძალიან განვიცადე. 48 საათი არ გვეძინა. წუხელაც გვეშინოდა, რომ არ განმეორებულიყო მსგავსი მდგომარეობა“, - გვეუბნება ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონიდან დევნილი ანანო რიგვავა, რომელიც ამჟამად ოჯახთან ერთად ზუგდიდში ცხოვრობს. მისი 73 წლის ბებია და ბიძის ოჯახი გალის რაიონის სოფელ ზემო ბარღებში დარჩნენ. ორდღიანმა ხანძარმა ყველაზე მეტად ეს სოფელი დააზარალა. დამწვარია რამდენიმე სახლიც.

თავად ანანოს სახლი, რომელიც სოფლის ცენტრში მდებარეობს და აფხაზეთის ომის დროს ორჯერ დაწვეს და ოჯახმა ორჯერ აღადგინა, ხანძარს გადაურჩა. მესამედ ვერ გადავიტანდით ნამდვილად“, - ამბობს ანანო რიგვავა. თუმცა, ხანძარმა მის და კიდევ არაერთ ოჯახს თხილნარი გაუნადგურა. თხილი კი გალის რაიონის მცხოვრებთა შემოსავლის პრაქტიკულად, ერთადერთი წყაროა.

ერთადერთი შემოსავალი, რაც სოფელში არის, თხილია. ახლა, როცა თხილნარი გადაეწვა ხალხს, რა თქმა უნდა, ძალიან თული იქნება. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ დავეხმაროთ იქ მყოფ ოჯახებს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ანანო რიგვავამ.

გალის რაიონის სოფლების მცხოვრებთა დიდ ნაწილს ხანძარმა თხილის ბაღების გარდა გაუნადგურა ყანები, დამხმარე ნაგებობები და საქონლის სადგომები. სოფელ ნაბაკევში მცხოვრები ზაირა არონია გვეუბნება, რომ ხალხს პირუტყვი საკვების გარეშე დარჩა, რადგან ზამთრისთვის მომზადებულ საკვებს დამწვარ დამხმარე ნაგებობებში ინახავდნენ: მთელი ზამთარია წინ. არ ვიცი, რა იქნება.

ზაირა არონია გვიყვება, რომ ხანძართან ერთად გალის რაიონში იყო ქარიშხალი, რომელმაც გარდა იმისა, რომ ცეცხლის ჩაქრობა გაართულა, სახლებს სახურავები გადახადა.

ოკუპირებული გალის რაიონის ტყეებში ხანძარი 4 იანვარს გაჩნდა და ძლიერი ქარის გამო მოედო ათამდე სოფლის დასახლებულ ტერიტორიებსაც. ზოგან ცეცხლს ადგილობრივი მეხანძრეები აქრობდნენ, ზოგან კი საკუთარი ძალებით თავად სოფლების მცხოვრებნი. ბოლო კერები წუხელ ჩააქრეს სოფელ სიდასთან და ქვემო ბარღებში. ხანძარი იყო სოფჩაიში, ოტობაიასა და თაგილონშიც. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ახლა გალელები ითვლიან მიყენებულ ზარალს, რომლის ანაზღაურების პრაქტიკულად, არანაირი შანსი არ აქვთ.

XS
SM
MD
LG