რა შენდება, ვინ აშენებს და რა ხარვეზები რჩება დამტკიცებულ პროექტში? - ვარკვევთ სტატიაში
წლის ბოლო სხდომა თბილისის საკრებულოში 2023 წლის 28 დეკემბერს გაიმართა. დეპუტატები სხდომათა დარბაზში დღის ორ საათზე შეიკრიბნენ. კოსტავას ქუჩაზე, გმირთა მოედნისა და ლაგუნა ვერეს მიმდებარედ განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) პროექტი 29-ე კენჭსაყრელი საკითხი იყო. პროექტს მხარი 23-მა დეპუტატმა დაუჭირა, 5 იყო წინააღმდეგი. ყველა მოწინააღმდეგე ოპოზიციონერია.
განაშენიანების რეგულირების გეგმა საკრებულოში პროექტის დამტკიცების ბოლო და მთავარი ეტაპია. დადებითი გადაწყვეტილების შემდეგ ინვესტორი პროექტს მერიაში აბრუნებს და მშენებლობის დასაწყებად ნებართვას ითხოვს.
ამ ნებართვის მიღებამდე ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები ვერ დაიწყება.
ცათამბჯენების მშენებლობა ლაგუნა ვერეს მიმდებარედ, ყოფილი აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე იგეგმება. ეს ადგილი თბილისის ცენტრალური ნაწილია, რომელიც გმირთა მოედანს მიუყვება მტკვრის მარჯვენა სანაპიროსკენ. აქ ყოველდღიურად ათასობით ავტომანქანა გადაადგილდება და მოძრაობა მუდმივად გადატვირთულია, პიკის საათებში კი - თითქმის შეუძლებელი.
სამშენებლო არეალში რამდენიმე კომერციული ფართია მოქცეული, მათ მიმდებარედ კი - ავტოსამრეცხაოები, ავტო- და ბენზინგასამართი სადგურებია.
რა შენდება?
პროექტის მიხედვით, სამშენებლო ტერიტორიაზე 52- და 40-სართულიანი ორი ცათამბჯენი უნდა აშენდეს. ეს იქნება მულტიფუნციური კომპლექსი, 1000-1000 საცხოვრებელი ბინითა და კომერციული ფართით; 1000-ადგილიანი მიწისქვეშა ავტოსადგომით ვიზიტორებისა და მობინადრეებისთვის.
პროექტი ითვალისწინებს რეკრეაციულ სივრცეებს, აგურის ფასადიანი ძველი აბრეშუმის ქარხნის შენობის შენარჩუნებასა და რეაბილიტაციას.
პროექტის მოცულობა 153 949 კვ. მეტრია. ტერიტორიაზე მოსახვედრად მოეწყობა 3 სამანქანო გზა, აქედან ორი გმირთა მოედნის მხრიდან, ხოლო ერთი - კოსტავას ქუჩიდან. იგეგმება სავალი გზის განაპირა ობიექტების დაშლა და საავტომობილო ტრასის 4,5 მეტრით გაგანიერება.
პროექტის ავტორებმა „ლაგუნა ვერესთვის“ ძველი ფუნქციის დაბრუნების პირობაც დადეს.
ვინ აშენებს?
2023 წლის აგვისტომდე ტერიტორია შპს „კოსტავა 69“-ს ეკუთვნოდა. თავის მხრივ, ამ კომპანიას ფლობდა ფონდი „ქართუ“, რომელიც მმართველი პარტიის მილიარდერი დამფუძნებლის, 30 დეკემბერს პოლიტიკაში მესამედ შემობრუნებული ბიძინა ივანიშვილისაა.
„კოსტავა 69“-ის დირექტორი ივანიშვილის დისშვილი კახა კობიაშვილია.
2016-დან 2021 წლის ჩათვლით, კახა კობიაშვილს მმართველი პარტიისთვის, ჯამურად, 200 000 ლარი, პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილისთვის კი 30 000 ლარი აქვს შეწირული.
ბიძინა ივანიშვილის კომპანიამ თბილისის მერიას 65-სართულიანი ცათამბჯენების პროექტი, პირველად, 2022 წლის 31 დეკემბერს წარუდგინა.
მუნიციპალური სამსახურისთვის გაგზავნილ ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებაში ივანიშვილის კომპანია k2 ზონალური პარამეტრების გაზრდას მოითხოვდა, ამასთანავე, სარეკრეაციო ზონის სტატუსის ცვლილებას.
ტრანსპორტისა და ურბანულმა სააგენტომ 2023 წლის მარტში პროექტი დაახარვეზა. პირვანდელი გრგ-ს განხილვა შეაჩერეს და პროექტი დააბრუნეს.
„ქართუს“ შვილობილმა კომპანიამ დახარვეზების შემდეგ პროექტი განაახლა, ცათამბჯენის სიმაღლე 65-დან 52-ზე, 13 სართულით შეამცირა და მერიას ისევ მიმართა.
ამის შემდეგ, 2023 წლის აგვისტოში, „კოსტავა 69“ ლაგუნა ვერეს და ყოფილი აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიას ყიდის. მყიდველი 2023 წლის მარტში დაფუძნებული კომპანია შპს „ნეო სითი დეველოპმენტია“, გარიგების ფასი - 80 მილიონი დოლარი.
კომპანიის დირექტორია ტარიელ გაბუნია, ხოლო კომპანიის 100% წილის მფლობელი „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი, 2003-2004 წლებში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თანაშემწე, მარიკა ვერულაშვილია.
ვერულაშვილი სააკაშვილთან 2000 წლებიდან მუშაობდა - ჯერ იუსტიციის სამინისტროში, შემდეგ პარტიასა და საკრებულოში, 2004 წლიდან კი იყო სამი მოწვევის პარლამენტის წევრი. სააკაშვილს ის 2012 წლის შემდეგ განუდგა.
რა საეჭვო კავშირებზე მიუთითებს ოპოზიცია?
საკრებულოს წევრი, ანა გოგოლაძე ამბობს, რომ ცათამბჯენების პროექტის განხორციელებით თბილისში, სინამდვილეში, რუსი ბიზნესმენები არიან დაინტერესებული. ამ ვარაუდს მას მარიკა ვერულაშვილის ოჯახის კავშირები უმყარებს.
2016 წელს მარიკა ვერულაშვილმა დააფუძნა კომპანია შპს „კომერციული ჯგუფი“. 2023 წლის მარტში ამ კომპანიის 25%-იანი წილის მფლობელი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე, იგორ აბრამოვი გახდა.
2023 წლის ნოემბერში აბრამოვი თავის 25%-ს მარიკა ვერულაშვილს უთმობს და საჯარო რეესტრის ამონაწერებიდანაც ქრება.
ვინ არის აბრამოვი?
იგორ აბრამოვი სანქცირებული რუსი ბიზნესმენის, ალექსანდრ აბრამოვის შვილი და მარიკა ვერულაშვილის სიძეა - მისი ქალიშვილის ქმარი. იგორ აბრამოვის მამა, ალექსანდრ აბრამოვი დიდმა ბრიტანეთმა შეიყვანა სანქცირებულთა სიაში.
ბრიტანეთის მთავრობა მის რომან აბრამოვიჩის მოკავშირეობაზე მიუთითებს. აბრამოვიჩი ასევე სანქციერებული რუსი ბიზნესმენია და სანამ სანქციებს დაუწესებდნენ, საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მფლობელი იყო.
„ეს კავშირები ამყარებს ვარაუდს, რომ პროექტის უკან შესაძლოა აბრამოვების ოჯახი იდგეს, ივანიშვილთან შეთანხმებით. ვიცი, რომ ამ ინფორმაციას ახლო გარემოცვაში თავად მარიკა ვერულაშვილიც ადასტურებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება იმდენად მაღალია, რომ მარიკა ვერულაშვილი ამ პროექტის ავტორი და დამფინანსებელი ვერ იქნებოდა“, - ამბობს ანა გოგოლაძე.
მარიკა ვერულაშვილი რადიო თავისუფლების წერილობით და სატელეფონო შეტყობინებებს არ პასუხობს.
რატომ (არ) უნდა აშენდეს ცათამბჯენები?
„არასდროს მივიღებდი ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ამ ქალაქს ავნებს“, - ურბანული კომისიის თავმჯდომარის, რეზი სოხაძის ამ სიტყვებამდე რამდენიმე საათით ადრე, საკრებულოს ურბანულმა კომისიამ ცათამბჯენების პროექტი განიხილა.
ურბანისტებმა სხდომაზე პროფესიული შენიშვნები წარადგინეს და საფუძვლიანი კვლევების ჩატარებამდე პროექტის განხილვის დაუყოვნებლივ შეჩერება მოითხოვეს.
„ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით, ამ პროექტს დადებითი მხარე არ აქვს, მოგებას მხოლოდ მესაკუთრე ნახავს“, - თანხმდებიან სპეციალისტები და ასახელებენ რამდენიმე ფაქტორს, რის გამოც ლაგუნას და აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე მსგავსი მასშტაბის მშენებლობა დაუშვებელია; პროექტი -
- ეწინააღმდეგება კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონს;
- ქალაქის ერთ-ერთ ურთულეს სატრანსპორტო კვანძზე სატრანსპორტო კოლაფსის საფრთხეს ზრდის;
- უსაფრთხოების რისკები სათანადოდ გამოკვლეული არაა;
- ადგილს სარეკრეაციო ზონა 2-ის სტატუსი აქვს.
კვლევა, რომელიც არ ჩატარებულა
ცათამბჯენები ისე დაამტკიცეს, რომ ჰიდროლოგიური და გეოლოგიური კვლევა არ ჩაუტარებიათ. ამ ტიპის კვლევამ კი, ისეთი ადგილისთვის, როგორიც გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაა, 13 ივნისის სტიქიის შემდეგ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა.
ტერიტორია ღვარცოფულია და მის მიჯნაზე გადის ჰიდროგრაფიული კოლექტორი, რომლის მეშვეობით მდინარე ვერე მიწისქვეშა არხით მტკვარში ჩაედინება.
ეს გარემოება ინვესტორს პროექტის შედგენისას ავალდებულებს განსაზღვროს შეზღუდვის არეალების ის მანძილი, რამდენითაც მშენებლობა კოლექტორისგან უნდა იყოს დაშორებული. ეს უსაფრთხოების საკითხია.
ამ შეზღუდვის არეალების განსაზღვრა კომპანიას თბილისის საკრებულომაც დაავალა. კომპანიამ გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიმართა.
უწყებიდან უპასუხეს, რომ ამ ადგილზე ჰიდროლოგიური და გეოლოგიური საფრთხეები არასდროს უკვლევიათ. გადაწყდა, რომ ეს კვლევა მშენებლობის ნებართვის მიღებამდე უნდა ჩატარდეს.
„ჩვენ დღემდე არ ვიცით, რა შეზღუდვები წესდება ამ ტერიტორიაზე და შეესაბამება თუ არა ეს პროექტი ამ შეზღუდვებს. განმცხადებელი ითხოვს, რომ ეს საკითხი მშენებლობის ნებართვის ეტაპზე დაზუსტდეს, რაც შინაარსობრივად, საფრთხის შემცველია. ამ კვლევების არარსებობა გენგეგმით გათვალისწინებულ მედეგი ქალაქის პრინციპს ეწინააღმდეგება, ასევე ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის სიღრმისეულად შესწავლის საკანონმდებლო მოთხოვნებსაც“, - ამბობს ნანო ზაზანაშვილი, ურბანული კვლევების ცენტრის წარმომადგენელი.
"მწვანე დერეფნის" უგულებელყოფა
სამშენებლო არეალი თბილისის ისტორიული ნაწილის განაშენიანების რეგულირების ზონაშია. მასზე დედაქალაქის მიწათსარგებლობის გეგმით სარეკრეაციო ზონა 2-ის სტატუსი ვრცელდება, შესაბამისად, აქ მსგავსი მასშტაბის მშენებლობა დაუშვებელია.
ინვესტორი 3.3 ჰექტარი საპროექტო ტერიტორიისთვის სარეკრეაციო ზონის სტატუსის მოხსნასაც მოითხოვს. ეს საკითხი საკრებულოს განსახილველად მაშინ დაუბრუნდება, როცა კომპანია მერიისგან მშენებლობის ნებართვას მიიღებს.
საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში ადგილი საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა გახდება. ასეთ ზონაში მშენებლობა აკრძალული არ არის. ამასთან, შენობების მხოლოდ 25% იქნება საზოგადოებრივ-საქმიანი დანიშნულებით გამოყენებული. დანარჩენი 75% - პროექტის მიხედვით, საცხოვრებელია.
ურბანისტი ნანო ზაზანაშვილი ფიქრობს, რომ გმირთა მოედნის არეალში სხვადასხვა დროს განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების მიუხედავად, ჯერ კიდევ რჩება ვერეს ხეობისა და მტკვრის სანაპიროს ღია და სარეკრეაციო სივრცეების შეკავშირების პოტენციალი. დაგეგმილი განაშენიანება კი ამ ადგილზე მწვანე დერეფნის შესაძლებლობას სპობს.
„მართალია, ამ ადგილზე შენობებია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისევ უნდა ავაშენოთ. სარეკრეაციო ზონები პერსპექტივასაც მოიაზრებს, რაც სამომავლოდ განვითარებას გულისხმობს“, - ამბობს ნანო ზაზანაშვილი.
დედაქალაქის გენერალურ გეგმაში წერია, რომ თბილისი 5 პოლიცენტრული არეალის მიმართულებით უნდა განვითარდეს. ამ პოლიცენტრებს შორისაა: დიდი დიღომი, სამგორი, ისთ ფოინთის მიმდებარედ დასახლება, საბურთალო და გლდანი. პოლიცენტრების მიზანი ქალაქის განტვირთვა და ახალი მიზიდულობის ცენტრების გაჩენაა.
„ეს გადაწყვეტილება სრულად ეწინააღმდეგება გენგეგმის დოქტრინას, რომლის შემუშავებაშიც ჩვენ ბევრი ფული გვაქვს გადახდილი“, - ამბობს ურბანისტი, ცირა ელისაშვილი.
ისტორიული იერსახის განადგურების რისკი
„ურბანული კვლევის ცენტრმა“ ცათამბჯენების პროექტის დოკუმენტაცია შეისწავლა და დაადგინა, რომ ინვესტორები თავისივე ჩატარებული კვლევის შედეგებს ეწინააღმდეგებიან. ამ პროექტის ისტორიულ-არქიტექტორული კვლევის დასკვნაში, რომელიც ხელოვნებათმცოდნე ლალი ანდრონიკაშვილმა მოამზადა, წერია:
„პროექტის ახალ არქიტექტურულ კომპოზიციაში აქტიური ვერტიკალური განვითარება მისაღებად არ მიმაჩნია. სასურველია განაშენიანება განვითარდეს ბორცვის გაყოლებაზე გრძივი ფორმით, რელიეფის სიმაღლის მიხედვით, ისე, რომ არ გადაიფაროს ხედები ზედა უბანზე“.
ამას იმეორებენ სპეციალისტებიც და მაგალითად „ბილტმორი“ მოჰყავთ, როგორც თბილისის ისტორიულ ნაწილში მასშტაბური ვერტიკალური და უხეში ჩარევის პირველი მაგალითი.
„ჩარევის მეორე და კიდევ უფრო მძიმე პრეცედენტი იქნება სასტუმრო "ბილტმორის" შემდეგ. იგი სრულიად შეცვლის არა მხოლოდ გმირთა მოედნის, არამედ მთლიანად თბილისის ისტორიული ნაწილის სივრცით-გეგმარებით სტრუქტურას და პანორამულ ხედებს, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“, - ამბობს ნანო ზაზანაშვილი.
კულტურული მემკვიდრეობის კანონის 38-ე მუხლი განაშენიანების რეგულირების ზონასა და რეჟიმს ადგენს. ეს საკანონმდებლო ჩანაწერი ამბობს, რომ ასეთ ზონაში ისტორიული და ახალი განაშენიანება ჰარმონიულად უნდა ერწყმოდეს ერთმანეთს, დაცული უნდა იყოს ისტორიულად ჩამოყალიბებული სივრცითი მახასიათებლები და უნდა შენარჩუნდეს პანორამებისა და ცალკეულ ძეგლთა ხილვის შესაძლებლობა.
სატრანსპორტო კოლაფსის საფრთხე
პროექტს თან ახლავს სატრანსპორტო კვლევა და თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის დადებითი რეკომენდაცია. ამ კვლევაში განხილულია გმირთა მოედანზე და კოსტავას ქუჩის მიმდებარედ სატრანსპორტო ნაკადები, გადაადგილების სახეები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მისაწვდომობა, თუმცა არსადაა გაანალიზებული ის მოსალოდნელი შედეგი, რასაც პროექტი მიმდებარე სატრანსპორტო კვანძებზე მოიტანს.
„დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო პოლიტიკა ორიენტირებულია, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი გახდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებელი. ეს პროექტი რამდენიმე წლის შემდეგ შეიძლება შევიდეს ექსპლუატაციაში და, შესაბამისად, დღეს იმაზე საუბარი, რომელიც თუ რამდენი ავტომობილის დატვირთვას გამოიწვევს ან პირიქით, არ იქნება სწორი და რელევანტური“, - უთხრა რადიო თავისუფლებას რეზი სოხაძემ, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ.
„ლელოს“ წევრის, საბა ბუაძისთვის კი წარმოდგენილი სატრანსპორტო ზეგავლენის კვლევაა არარელევანტური. ის ამბობს, რომ მონაცემები 2016 წელს ჩატარებულ შინამეურნეობების კვლევას ეყრდნობა, რაც მოძველებულია და რეალობისგან რადიკალურად განსხვავდება.
„საზოგადოება შეცდომაში შეყავთ, რომ თითქოს სატრანსპორტო ზეგავლენის კვლევა წარმოადგინეს, რომ ამ პროექტში არაფერი ცუდი არ არის და თურმე ჩვენ თავი უნდა მოვიტყუოთ. ყველამ იცის, რომ მონაცემები 7-8 წლის წინანდელია და არანაირად რელევანტური არ არის. ასეთი სატრანსპორტი კვლევით ასეთი მასშტაბის პროექტის შეთანხმება არის ამ ტყუილში თანამონაწილეობა“, - ამბობს საბა ბუაძე.
გმირთა მოედანი და მარჯვენა სანაპირო საქალაქო მნიშვნელობის გამტარი არტერიებია. მარჯვენა სანაპირო, ქალაქის ჩრდილო-სამხრეთი მიმართულების გამჭოლი კავშირია. ამის გათვალისწინებით სპეციალისტები გმირთა მოედანზე სატრანსპორტო კოლაფსის საფრთხეს ხედავენ.
„ამას არ უშველის გზის გაფართოება, რამდენადაც გააფართოებ, იმდენი ზოლი გაივსება - ეს არის სატრანსპორტო საკითხების ანა-ბანა“, - ამბობს ირაკლი ჟვანია.
მშენებლობის ნებართვის მიღებამდე მოქალაქეებს ჯერ კიდევ აქვთ დრო მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებაზე გავლენისთვის. ნებართვის მიღების შემდეგ პროცესს ვერაფერი ვეღარ შეაჩერებს.
„ქართულ ოცნებაში“ კრიტიკის პასუხად ამტკიცებენ, რომ ქალაქი სწორი მიმართულებით ვითარდება და „ცათამბჯენები აშენდება“.
ურბანისტები შიშობენ, რომ ვინაიდან ვერეს ხეობაში სხვა მასშტაბური პროექტების განხორციელებაცაა დაგეგმილი, ერთისთვის ანთებული მწვანე შუქი დომინოს პრინციპით ყველაზე გავრცელდება.