19 მაისს ოთხი წელი შესრულდა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქის, 30 წლის გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან.
ოკუპირებული გალის რაიონიდან დევნილი გიგა ოთხოზორია, რომელიც ზუგდიდში ცხოვრობდა, 2016 წელს, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა ე.წ. მესაზღვრემ რაშიდ კანჯი ოღლიმ. ტრაგედია, რომელსაც თვითმხილველები ჰყავს, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევთან მოსაზღვრე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩაში მოხდა.
გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრების და ახლობლების ინფორმაციით, მკვლელობა შელაპარაკებას მოჰყვა. გიგა ოთხოზორია გალში პროდუქტების შეტანას ითხოვდა, რაზეც ვერ შეთანხმდნენ.
მხოლოდ ის შეიცვალა, რომ იმ ხურჩის ხიდზე უკვე გადასვლა აღარ არის. სხვა მხრივ სიტუაცია ისევ მძიმეა. ჩვენ ბევრი ნათესავი გვყავს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ვიცით, როგორი მძიმეა მათთვის იქ ცხოვრება. კიდევ უფრო ძნელი გახდა...ნინო ოთხოზორია
ქართულმა მართლმსაჯულებამ რაშიდ კანჯი ოღლი დამნაშავედ სცნო გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობაში და დაუსწრებლად მიუსაჯა 14 წლით პატიმრობა. საქართველომ კანჯი ოღლი საერთაშორისო ძებნილად გამოაცხადა. თუმცა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ის არავის დაუსჯია. ვრცელდებოდა ცნობები, რომ კანჯი ოღლიმ თავი რუსეთს შეაფარა. პასუხი არც მისი თანმხლები სხვა "მესაზღვრეებისთვის" მოუთხოვიათ.
„4 წელი გავიდა და ამ საქმეზე ოთხი პირიდან არცერთი დაკავებული არ არის. მათ შორის არც მკვლელი. საქართველოს მხრიდან რეაგირება იყო, რომ მიუსაჯეს 14 წელი, მაგრამ შესრულებადი ეს ჯერ არ არის. მხოლოდ ის შეიცვალა, რომ იმ ხურჩის ხიდზე უკვე გადასვლა აღარ არის. სხვა მხრივ სიტუაცია ისევ მძიმეა. ჩვენ ბევრი ნათესავი გვყავს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ვიცით, როგორი მძიმეა მათთვის იქ ცხოვრება. კიდევ უფრო ძნელი გახდა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გიგა ოთხოზორიას ქვრივმა ნინო ოთხოზორიამ. ის დღეს ორ შვილთან ერთად იმყოფებოდა ქმრის საფლავზე, ზუგდიდში.
მეოთხე წელია შვილის საფლავს ყოველდღე აკითხავს ჯულიეტა ჭანტურია. როგორც ამბობს, სათქმელი არაფერი აქვს და აქვს მხოლოდ სურვილი, რომ საოკუპაციო ხაზი, რომელმაც მისი შვილის მსგავსად არაერთი სიცოცხლე იმსხვერპლა, ერთ დღესაც აღარ იქნება: „მიუხედავად ამდენი ახალგაზრდის სიკვდილისა, ამდენი ოჯახის გაუბედურებისა, ქართველს და აფხაზს გვერდიგვერდ ერთმანეთის მხარდაჭერა ჰქონოდეთ“.
გიგა ოთხოზორიას მკვლელს აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ 2017 წელს, სასჯელის ზომად მხოლოდ შინაპატიმრობა განუსაზღვრა. თუმცა, იმავე წელს საქართველოს ხელისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ დე ფაქტო სამხედრო პროკურატურამ მტკიცებულებების არარსებობის საბაბით შეწყვიტა საქმის გამოძიება და რაშიდ კანჯი ოღლის სისხლისსამართლებრივი დევნა.
ჩვენი მოთხოვნაა ასევე, რომ დადგინდეს პროცედურულ ნაწილშიც ეს დარღვევა, რაც გულისხმობს იმას, რომ საქმესთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციამ არ აწარმოა გამოძიება. გამოძიება, რაც აფხაზეთის ე.წ. სამხედრო პროკურატურამ აწარმოა, არ იყო ეფექტიანი, სრულყოფილი...გიორგი ტაბატაძე
საქართველოს მთავრობამ ჟენევის მოლაპარაკებებზე და გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე არაერთხელ, თუმცა უშედეგოდ მოითხოვა კანჯი ოღლის გადაცემა. დე ფაქტო ხელისუფლებამ ეს თემა გამოიყენა გალის შეხვედრების შეწყვეტის საბაბად. 2018 წლის 27 ივნისის შემდეგ, გალის ფორმატით შეხვედრები აღარ გამართულა.
გიგა ოთხოზორიას ოჯახში ამბობენ, რომ სამართლის აღსრულების მხოლოდ ერთი იმედი დარჩათ. ოჯახი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. სტრასბურგის სასამართლომ საქმის არსებითი განხილვა უკვე დაასრულა.
2018 წლის იანვარში, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ პარტნიორ „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან“ თანამშრომლობით, სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საჩივრით რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. საჩივარში ნათქვამია, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს.
„ჩვენ წარვადგინეთ წერილობით არგუმენტაცია. ასევე რუსეთის ფედერაციამაც. ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთებულია და ველოდებით ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას. რუსეთის ფედერაცია უნდა იქნეს მიჩნეული პასუხისმგებლად ევროპული კონვენციის მეორე მუხლის დარღვევაზე, ანუ უშუალოდ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე. იმიტომ, რომ ეს ჩადენილი იყო ე.წ. მესაზღვრეების მიერ, რომლებზეც ეფექტურ კონტროლს ახორციელებს რუსეთის ფედერაცია. ჩვენი მოთხოვნაა ასევე, რომ დადგინდეს პროცედურულ ნაწილშიც დარღვევა, რაც გულისხმობს იმას, რომ საქმესთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციამ არ აწარმოა გამოძიება. გამოძიება, რაც აფხაზეთის ე.წ. სამხედრო პროკურატურამ აწარმოა, არ იყო ეფექტიანი, სრულყოფილი. მათ გაათავისუფლეს რაშიდ კანჯი ოღლი, რომელიც ცოტა ხანს იმყოფებოდა შინაპატიმრობაში“, - უთხრა რადიო თავისუფლებას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტმა გიორგი ტაბატაძემ.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დასვა შეკითხვები როგორც გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის უფლების დარღვევასთან, ასევე რუსეთის იურისდიქციასთან დაკავშირებით. კერძოდ, აქვს თუ არა რუსეთს იურისდიქცია ე.წ. აფხაზი მესაზღვრეების მიერ ჩადენილ ქმედებებსა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე. რუსეთმა წერილობითი არგუმენტაცია 2019 წლის 7 მარტს წარადგინა.
„რუსეთის ფედერაციამ მხოლოდ იურისდიქციასთან დაკავშირებით გასცა პასუხი, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება არის დამოუკიდებელი რუსეთის მთავრობისგან, აფხაზეთი არის დამოუკიდებელი სახელმწიფო. მათ დამოუკიდებლობა მოიპოვეს ქართველების აგრესიისგნ თავის დახსნის და თვითგამორკვევის გზით. ამიტომ რუსეთის ფედერაციამ განაცხადა, რომ არ არის პასუხისმგებელი აფხაზეთის, მათი აზრით, დამოუკიდებელ ტერიტორიაზე ჩადენილ მკვლელობებზე“, - გვითხრა გიორგი ტაბატაძემ.
სტრასბურგის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების ვადას იურისტი ვერ ასახელებს.
გიორგი ტაბატაძის განმარტებით, რუსეთის მოთხოვნა იყო, რომ ევროპულ სასამართლოს გადაედო გადაწყვეტილების მიღება, სანამ საქართველო-რუსეთის სახელმწიფოთაშორისი დავა არ გადაწყდება. საუბარია 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და მის შემდგომ პერიოდში რუსეთის მიერ საქართველოსა და მისი მოქალაქეების მიმართ ჩადენილი დარღვევების საქმეზე, რომელზეც არსებითი განხილვა დასრულებულია და მხარეები გადაწყვეტილების მოლოდინში არიან.
თავის მხრივ, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ მოითხოვა, რომ ამ საქმეების განხილვა მოხდეს ცალ-ცალკე, რათა პროცესი კიდევ უფრო არ გაჭიანურდეს. ამ მოთხოვნაზე ორგანიზაციას პასუხი ჯერ არ მიუღია.