Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხრა ცხვარი, რომელმაც საზოგადოება გააცხარა


როცა პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობას უცხადებდა, მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრებმა პარლამენტის შენობასთან ცხვარი მირეკეს.

მოძრაობის წევრებმა ცხრა ცხვარი კახეთში შეიძინეს. თითოეულ ცხვარს „ქართული ოცნების“ რამდენიმე დეპუტატის სახელი და გვარი დაარქვეს, კრებითად კი ანტისაოკუპაციო ცხვრები უწოდეს.

„ცხვრები, როგორც მორჩილების სიმბოლო“, - აი, ასე გააპროტესტა მოძრაობამ "სირცხვილია" „ქართული ოცნების“ ერთსულოვანი მხარდაჭერა იმ ახალი მთავრობის მიმართ, რომელსაც სათავეში ყოფილი შს მინისტრი, გიორგი გახარია ჩაუდგა. მინისტრი, რომლის გადადგომასაც მოძრაობა „სირცხვილია“ თითქმის სამი თვეა ითხოვს.

ცხვრების გამოჩენამ პარლამენტის შესასვლელთან საზოგადოების ნაწილი აღაშფოთა. ცხოველების გამოყენება პოლიტიკური პროცესების გასაპროტესტებლად, განსაკუთრებით მიუღებელი აღმოჩნდა ცხოველთა მოყვარულებისა და უფლებების დამცველებისთვის.

„ცხვართა პროტესტს“ გამოეხმაურნენ პარლამენტის ტრიბუნიდანაც. გია გაჩეჩილაძემ, ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ თავმჯდომარემ მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრებს პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან მოუწოდა: „ეგ ცხვრები ეკლესიაში მიიტანეთ, იქნებ უფალმა გაპატიოთ სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაულები!“

პარლამენტის ტრიბუნიდან მოუწოდა"ქართული ოცნების" დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ ცხოველთა უფლებების დამცველებს დაინტერესებულიყვნენ ცხვრების ბედით: "მოიყვანეს ცხვრები, მოაბეს ყელზე პირუტყვებს თოკები, მოათრიეს და ალბათ, ცხოველთა დაცვის საზოგადოებაც უნდა ჩაერთოს ამ ამბავში, რადგან ცხვარს ყელზე კი არ აბამენ თოკს და ასე არ ათრევენ აქეთ-იქით".

პარლამენტის შენობიდან გამოსული „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, ემზარ კვიციანი კი მოძრაობის წევრებსა და ცხვრებს ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდა და მერე ჟურნალისტებთან განმარტა: „თავს დამესხნენ სასტვენებით, ცხვრებით და მთელი ამბავი. დამიწყეს ლანძღვა-გინება... მე თავი დავიცავი“.

8 სექტემბერი, ახალი მთავრობის დამტკიცების დღე, სოციალურ ქსელში გადაფარა კამათმა და დისკუსიამ იმის თაობაზე, უნდა გამოეყენებინათ თუ არა პროტესტის გამოსახატად აქციის მონაწილეებს ცხვრები.

ერთი ნაწილი მიიჩნევდა, რომ ამ ტიპის პროტესტით აქციის ორგანიზატორებმა დაარღვიეს ცხოველთა უფლებები და ცხვრები სტრესულ მდგომარეობაში ჩააყენეს. მეორე ნაწილი წერდა, რომ როდესაც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება მძიმეა, ცხოველთა უფლებებზე აქცენტი და თან იმ ფონზე, როდესაც აქციის ორგანიზატორები მათ უდიერად არ მოპყრობიან, უადგილოა. მესამე ნაწილისათვის კი ეს აქტი იუმორის საფუძვლად იქცა:

საბოლოოდ, მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზატორებმა პარლამენტთან მირეკილი ცხვრების გამო სოციალურ ქსელში საჯარო ბოდიშიც მოიხადეს:

მარიამ გეგუჩაძე, მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთი წევრი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ცხვრები თავს კარგად გრძნობენ და ყველა მათგანი გაჩუქებულია იმ ადამიანებზე, რომლებიც პირობას დებენ, რომ მათ არ დაკლავენ:

„როდესაც ამ ტიპის პროტესტი დავგეგმეთ, ცხადია, არცერთ ჩვენგანს აზრადაც არ გაგვივლია, რომ ცხვრები სტრესულ მდგომარეობაში ჩაგვეყენებინა. ჩვენ სპეციალურად არ ჩავრთეთ მუსიკა, არ ვუსტვენდით, იქვე გვქონდა ბალახიც, რომ ეჭამათ და ცხვრები არ შეშინებულიყვნენ. თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც მივიღეთ საზოგადოების ნაწილის პროტესტი. გულდასაწყვეტია, რომ როდესაც პარლამენტარმა ემზარ კვიციანმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს თანაგუნდელებს, როდესაც ქვეყანაში ლომისობას ცხვრების სისხლისღვრით ვზეიმობთ და ჩაქაფული ყველაზე სასურველ კერძად ითვლება, გუშინ მთავარ სალაპარაკო თემად ცხვრების ფსიქიკა და მათი ინტერესები იქცა. ცხადია, ჩვენ გვესმის ცხოველთა უფლებების დამცველების და რა თქმა უნდა, უფრო მეტი უნდა იფიქრო, როდესაც მსგავსი ტიპის აქციას გეგმავ. დიდ პატივს ვცემ ცხოველთა უფლებების დამცველებს, რადგან ისინი მართლაც ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ, მაგრამ გულწრფელად მგონია, რომ ასეთი აღშფოთება არ უნდა გამოეწვია ამ ტიპის პროტესტს“.

თიკო კვალიაშვილი, ცხოველთა მოყვარული და მათი უფლებების დამცველი, ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც ცხვრების დახმარებით გამოხატულ პროტესტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

„როდესაც ვუყურე კადრებს, თუ როგორ მიიყვანეს ცხვრები მათთვის შეუფერებელ გარემოში, ცხადია, ძალიან გამიკვირდა, რადგან ამ მოძრაობის წევრებისგან არ ველოდი ასეთ ფორმატს, იმ მოძრაობისგან, რომლებსაც ათიდან ათი ქულით ვაფასებდი ყოველთვის. აქედან გამომდინარე, როგორც აქციის ერთ-ერთმა რიგითმა წევრმა, გამოვთქვი აბსოლუტურად ჯანსაღი პროტესტი და ვფიქრობ, რომ პოლიტიკურ პერფორმანსებში ცხოველების გამოყენება არის არაჰუმანური ქმედება. თუმცა, აქციის ზოგიერთმა წევრმა ჩემი პროტესტი არ გაიზიარა.მე, როგორც ამ მოძრაობის მომხრე, უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდი, როდესაც სხვა ცხოველთა მოყვარული მკითხავდა, თუ რატომ არ გამოვთქვი ჩემი პროტესტი მსგავსი აქციის მიმართ“.

ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე ამბობს, რომ იქიდან გამომდინარე, რომ მოძრაობა „სირცხვილია“ სიმპათიით სარგებლობს საზოგადოების სხვადასხვა ნაწილში, მათ უფრო მეტად სთხოვს საზოგადება კორექტული ფორმით დაგეგმილ ნაბიჯებს:

„მეტი რეპუტაცია იწვევს მეტ მოთხოვნას. ამ სიტუაციაში გასათვალისწინებელია კონტექსტი. დისკუსია და კამათი ჩემი აზრით, იმან გამოიწვია, რომ მოძრაობის წევრები უკვე დიდი ხანია შეჭიდებულნი არიან საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხს და საზოგადოების ნაწილისთვის სწორედ ეს საკითხია უპირატესი. თუმცა, გასაგებია ცხოველთა უფლებების დამცველების პროტესტიც. ისინი სამართლიანად მიიჩნევენ, რომ ცხოველები არ უნდა განვიხილოთ რიგით საგნებად და პროტესტის გამოხატვის ობიექტებად. ხვალ და ზეგ რომ კონფერენციები გაიმართოს ამ საკითხზე, დარწმუნებული ვარ, ძალიან საინტერესო მოხსენებებს მოვისმენთ“.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პროტესტის გამოსახატად ადამიანები ცხოველებს იყენებენ. ორი წლის წინ, „ქართული მარშის“ წევრებმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შენობას ცოცხალი ქათმები ესროლეს. მათ მაშინ ასე გააპროტესტეს „რუსთავი 2“-ის ყოფილი წამყვანის, ეკა კვესიტაძის გადაცემა ქართული მარშის შესახებ.

2016 წელს კი „მემარცხენე ალიანსის“ ლიდერებსა და „ლეიბორისტების“ მომხრეებს შორის ბაზალეთში მომხდარი დაპირისპირებისას, "მემარცხენე ალიანსის" ლიდერმა სოსო შატბერაშვილმა "ლეიბორისტების" ლიდერს, შალვა ნათელაშვილს მშიშარა უწოდა და ამის საილუსტრაციოდ ცოცხალი კურდღელი გამოიყენა.

კიდევ ერთი კურდღელი კი 2009 წელს, პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის ეზოში შეუშვეს აქციის მონაწილეებმა.

მოძრაობა “სირცხვილიას” წევრის, მარიამ გეგუჩაძის თქმით, ცხვრები ამ დროისათვის თბილისში, მათი მეგობრის სახლის ეზოში არიან. ახალი პატრონები მათ საღამოს მიაკითხავენ და წაიყვანენ იმ პირობით, რომ მათ არ დაკლავენ.

XS
SM
MD
LG