Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალმა რუსეთთან ე.წ. საზღვარი ჩაკეტა


ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ხელისუფლებამ რუსეთის ფედერაციასთან ე.წ. საზღვარი ჩაკეტა. რამდენიმე დღით ადრე თავად რუსეთის ფედერაციამ გადადგა ეს ნაბიჯი და როკის გვირაბთან არსებული გამშვები პუნქტი ჩაკეტა.

მოქალაქეებს ცხინვალიდან რუსეთისკენ გადაადგილება ეკრძალებათ. ადგილობრივ მოსახლეობას დამატებით ისიც აშფოთებს, რომ მეზობელ ჩრდილოეთ ოსეთში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების უკვე 4 შემთხვევა გამოვლინდა. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა, თავად შეამოწმა ცხინვალის ადგილობრივი საავადმყოფო და დარწმუნდა, რომ ექიმები და ექთნები სათანადოდ არ არიან აღჭურვილნი. დე ფაქტო პრეზიდენტმა მოსახლეობას ტელევიზიითაც მიმართა და მათი დამშვიდება სცადა. მისი თქმით, რუსეთთან გზის დაკეტვამ სამხრეთ ოსეთს დამატებითი დრო მისცა იმისთვის, რომ კორონავირუსთან საბრძოლველად დამატებითი პრევენციული ღონისძიებები გაატარონ.

„ჩვენ დროში მოვიგეთ და გვაქვს შესაძლებლობა უარესი სცენარისთვის მოვემზადოთ. იმედი მაქვს, რომ ამის თავიდან აცილებას შევძლებთ. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ სხვა ქვეყნების გამოცდილება. არ გვაქვს დაინფიცირების შემთხვევები, მაგრამ მოქალაქეებს ვირუსის გამოსავლენად ტესტირებას ვუკეთებთ. ჩემი დავალებით, საჭიროების შემთხვევაში, მუშავდება საგანგებო მდგომარეობის შემოღების გეგმა, მაგრამ ხაზგასმით ვამბობ, რომ დღეს ამის საჭიროება არ დგას. კიდევ ერთხელ გთხოვთ იყოთ პასუხისმგებლიანები, იმისთვის რომ ჩვენს რესპუბლიკაში არ დავუშვათ ინფექცია. ამ მიზნის მიღწევა ხელისუფლებისა და მოქალაქეების ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი“, - განაცხადა ბიბილოვმა სატელევიზიო გამოსვლისას.

ოსური მედიის ცნობით, დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო სამსახურის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდა. ჯარისკაცები ყაზარმულ მდგომარეობაზე გადაიყვანეს და მათ ქალაქში გასვლა ეკრძალებათ.

ცხინვალის მცხოვრებლები სოციალურ ქსელებში უკვე ღიად წერენ, რომ სამედიცინო მომსახურების ხარისხითა და ექიმების აღჭურვილობით უკმაყოფილო არიან. გარდა ამისა, ისინი უკმაყოფილებას გამოხატავენ ე.წ. საკარანტინო ზომების მსუბუქი ფორმების გამო, იმის გამო, მოქალაქეების ნაწილი ისევ დადის სამსახურში. ჟურნალისტი განა იანოვსკაია რადიო თავისუფლების რუსულენოვან პროგრამა „ეხო კავკაზასთან“ საკუთარი ოჯახის მაგალითზე ლაპარაკობს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ხალხს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს, მოქალაქეების გარკვეული ნაწილი სამსახურში მაინც დადის:

„მე ვფიქრობ, რომ უფრო მკაცრი კარანტინია საჭირო. სიმართლე გითხრათ, თავიდან არ ვაფასებდი სიტუაციას, მაგრამ როცა რუსეთში ადამიანები დაავადდნენ, მივხვდი, რომ ეს ძალიან ახლოსაა. ბავშვები სკოლებიდან გამოუშვეს და კარანტინში არიან - მადლობა მათ ამისთვის, მაგრამ ჩვენი კარანტინი არის კარანტინი ბრჭყალებში. ჩემი ქმარი დადის სამსახურში, ჩემი დედამთილიც მუშაობს. ისინი ადამიანებთან ურთიერთობენ, რომლებიც ასევე დადიან სამსახურში. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს ნახევრად კარანტინია და კარგს არაფერს მოგვიტანს. ვფიქრობ, უკეთესია თავი დავიზღვიოთ, მით უმეტეს, რომ ჩვენი მედიცინა არც ძლიერია და არც უკეთესი მთელ მსოფლიოში“.

როკის გვირაბთან არსებულ ე.წ. სასაზღვრო პუნქტზე შეზღუდვა არ ეხებათ იმ მოქალაქეებს,რომლებიც რუსეთის ფედერაციიდან ცხინვალში, სახლში ბრუნდებიან; არ ეხებათ სატვირთო ავტომანქანების მძღოლებს, ასევე დიპლომატიური სამსახურისა და სამხედრო ბაზების წარმომადგენლებს.

XS
SM
MD
LG