Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალთან ახლოს აღმოჩენილი ნეშტები და წითელი ჯვრის ინტერესი იდენტიფიკაციის პროცესში


ცხინვალი
ცხინვალი

სააგენტო „რესის“ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, სოფელ ტბეთის მცხოვრებმა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარების დროს სამი ნეშტი იპოვა - მიწის დამუშავებისას ძვლების ფრაგმენტები აღმოაჩინა და დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს აცნობა. ადგილზე დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის წარმომადგენლები მივიდნენ და სამარხიდან უცნობ პირთა ნეშტები ამოიღეს.

სამართალდამცავებმა უნდა დაადგინონ დაღუპულთა ვინაობა და მათი დაღუპვის გარემოებები. სააგენტო „რესი“ ადგილიდან ფოტოებსაც ავრცელებს. ერთ-ერთ ფოტოზე პროკურატურის თანამშრომელს ხელში თავის ქალის ფრაგმენტი უჭირავს. გამოძიების პირველ ეტაპზე დე ფაქტო პროკურატურის წარმომადგენელი, კონსტანტინ ჯიოევი, მხოლოდ იმას ამბობს, რომ სამარხი დიდი ხნის წინაა გაკეთებული. ამ ინფორმაციის გავრცელებამ დიდი ინტერესი გამოიწვია იმ ადამიანებში, ვინც უგზო-უკვლოდ დაკარგულებს ეძებს როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს.

ქეთევან სუხიტაშვილი, 12 წელია, უშედეგოდ ეძებს 2008 წლის 8 აგვისტოს გაუჩინარებულ შვილს.

ჯარისკაცი ოთარ სუხიტაშვილი 406-ე ტანკით ცხინვალში პირველი შევიდა, ამის შემდეგ ტანკის ეკიპაჟის ბედი უცნობია. ოთარ სუხიტაშვილი, ზაზა ბირთველიშვილი და გიორგი რომელაშვილი უგზო-უკვლოდ გაქრნენ. რამდენიმეწლიანი უშედეგო ძებნის შემდეგ სახელმწიფომ ისინი გარდაცვლილებად გამოაცხადა, ქეთევან სუხიტაშვილი კი საკუთარ შვილს ძმათა სასაფლაოზე ცარიელ საფლავთან გლოვობს. მისი აზრით, ცხინვალში ახლად აღმოჩენილი სამი დაღუპულის იდენტიფიკაციის საქმეში საქართველოს ხელისუფლება და წითელი ჯვრის საზოგადოება აქტიურად უნდა ჩაერთოს.

„აუცილებლად უნდა ჩაერთოს საქმეში საქართველოს ხელისუფლება და წითელი ჯვარი. ძალიან მაინტერესებს გავარკვიოთ ვისი ნეშტებია. მწარე რეალობაც რომ იყოს , მაინც მივესალმები, რომ იპოვონ - ცოცხალი იქნება თუ მკვდარი. ჩემი შვილიც რომ აღმოჩნდეს, მადლობას ვიტყვი, რომ მიპოვეს. დეენემის ნიმუშები ჩვენგან აღებული აქვთ. მეც ამიღეს, ჩემს მეუღლესაც და ჩემს მეორე შვილსაც და აუცილებელია იდენტიფიკაციის პროცესში ყველა მხარე ჩართული იყოს. მე უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მშობელთა კომიტეტის წევრიც ვარ, ინტენსიური ურთიერთობა გვაქვს წითელ ჯვართან და ამ ამბის მოკვლევას მე თვითონაც შევეცდები“, - თქვა რადიო თავისუფლებასთან ქეთევან სუხიტაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რადიო თავისუფლებას დაუდასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, სპეციალური მექანიზმის ფარგლებში, უკვე ამოქმედდა და მიმდინარეობს ვითარების მოკვლევა.

რონდელის ფონდის მეცნიერ-თანამშრომელი შოთა უტიაშვილი 2008 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროში ანალიტიკურ მიმართულებას ხელმძღვანელობდა და ომის შემდეგ დაკარგულთა მოძიების პროცესში იყო ჩართული. ის მაშინ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის კომისიის ფარგლებშიც მუშაობდა. ცხინვალის მიმართულებით ამ მექანიზმში, ქართველი სპეციალისტების გარდა, დე ფაქტო ხელისუფლებისა და რუსეთის წარმომადგენლებიც შედიოდნენ.

„ცხინვალში არის წითელი ჯვარი და ცხინვალის წითელ ჯვარს აქედან დეენემის ნიმუშებს აძლევდნენ, რომლებიც შესაძლოა დამთხვეოდა რომელიმე აღმოჩენილის დეენემს. დაკარგულების მშობლების, და-ძმების, შვილების, უახლოესი ნათესავებისგან, ვისგანაც კი შესაძლებელი იყო, იღებდნენ დეენემის ნიმუშებს და, თუ გარდაცვლილებთან ხდებოდა ამ დეენემის დამთხვევა, მერე ხდებოდა გადმოსვენება. ეს არის მექანიზმი, რომელიც ახლაც შეიძლება ეფექტურად იქნეს გამოყენებული და არა მგონია ამას რაიმე პოლიტიკური სპეკულაცია მოჰყვეს მეორე მხრიდან. ამ ჰუმანიტარულ საკითხში მხარეები ნორმალურად თანამშრომლობდნენ“.

ცხინვალთან ახლოს აღმოჩენილ ახალ სამარხთან დაკავშირებით ინფორმაცია უკვე აქვს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს. ცხინვალელმა კოლეგებმა მათ მედიით გავრცელებული ცნობები უკვე მიაწოდეს. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის კომუნიკაციის განყოფილების უფროსი, მაია ქარდავა, რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ამ საკითხით დაინტერესება უკვე ჩანს.

„ჩვენი დაინტერესება არის ამ საკითხის მიმართ და თუკი დადგინდება, რომ ეს ნეშტები შეიძლება კავშირში იყოს 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტთან ან 90-იანი წლების კონფლიქტთან, ბუნებრივია, ჩვენ ვეცდებით, რომ ეს გახდეს სამმხრივი მექანიზმის განხილვის საგანი. ინფორმაცია ჯერ მხოლოდ დღეს გამოჩნდა და, ბუნებრივია, ჩვენც დავიწყეთ მედიაანალიზი და კონფიდენციალური დიალოგის ფარგლებში ჩვენ ამ საკითხს დავაყენებთ, თუ ოდნავ მაინც გაჩნდება მინიშნება, რომ შესაძლოა ეს რომელიმე კონფლიქტთან იყოს დაკავშირებული“.

აგვისტოს ომის შემდეგ დაკარგულ სამეულს ეძებს დე ფაქტო ხელისუფლებაც. ალან ხაჩიროვი, ალან ხუგაევი და სოლტან პლიევი ომის დასრულების შემდეგ დაიკარგნენ. 2010 წლიდან ეძებდნენ ორივე მხრიდან უგზო-უკვლოდ დაკარგულებს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა მაშინდელი კომისარი, თომას ჰამარბერგი, და მისი მოწვეული ექსპერტებიც, თუმცა იმ წლებში მნიშვნელოვანი პროგრესი არ ყოფილა და ეს ჰამარბერგმაც აღნიშნა საკუთარ ანგარიშში, სადაც ორივე მხარე გააკრიტიკა იმის გამო. რომ მათი წარმომადგენლები დიდ ძალისხმევას არ იჩენდნენ დაკარგულთა მოძიებისათვის ხელის შესაწყობად.

უგზაო-უკვლოდ დაკარგულთა ძებნა ბოლო წლებში უფრო ინტენსიური გახდა. მაგალითად, გასული წლის 26 მარტს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული შვიდი მშვიდობიანი მოქალაქის ნეშტი დაუბრუნდათ ოჯახებს 11-წლიანი ძებნა-მოლოდინის შემდეგ. სამარხი სოფელ თამარაშენის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე 2017 წლის ზაფხულში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ძალისხმევით გაიხსნა და ნეშტებს ექსპერტიზა ქალაქ ზაგრებში ჩაუტარდათ. თამარაშენის სასაფლაოს მიმდებარედ გახსნილ სამარხში სულ 9 ნეშტი აღმოჩნდა, თუმცა მათგან მხოლოდ შვიდი ნეშტის იდენტიფიცირება მოხერხდა. შვიდივე სამოქალაქო პირი იყო.

ინფორმაცია სამარხების შესახებ გროვდება ორი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში. ერთი მექანიზმის ქართველი და აფხაზი მონაწილეები, ხოლო მეორე მექანიზმის ქართველი, ოსი და რუსი მონაწილეები მუშაობენ იმისათვის, რომ პასუხი გაეცეს უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ოჯახის წევრებს. საკოორდინაციო მექანიზმი 2010 წელს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით შეიქმნა. ამ პლატფორმების ერთადერთი მიზანია გაირკვეს იმ ადამიანების ხვედრი და ადგილსამყოფელი, ვინც კონფლიქტებიდან ათეული წლების შემდეგაც უგზო-უკვლოდ არიან დაკარგულნი.

წითელი ჯვრის მონაცემებით, 90-იანი წლების კონფლიქტებიდან მოყოლებული, 2008 წლის აგვისტოს ომის ჩათვლით, ჯამში, 2 300 გაუჩინარებული ადამიანი იძებნება. ეს სწორედ ის ადამიანები არიან, რომელთა ოჯახებმაც წითელ ჯვარს მიმართეს დასახმარებლად. ამ ხნის განმავლობაში გაითხარა 200-ზე მეტი სამარხი და მოძიებულია 500-ზე მეტი ნეშტი.

XS
SM
MD
LG