თუ აქციაზე გამოიტანე პლაკატი, რომელზეც პრეზიდენტი ან პრემიერი არცთუ ისე კარგადაა მოხსენიებული, ან პარლამენტთან დადექი და „რუსული კანონის“ მიმღებ დეპუტატებს მონები ეძახე, შესაძლოა 4000 ლარი გადაგახდევინონ ან სულაც ციხეში გაგიშვან.
„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა (არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, რატი იონათამიშვილი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები დააინიციირეს.
173-ე მუხლი ფართოვდება და ემატება ის, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედება, რომელიც მის საქმიანობას და სამსახურებრივ მოვალეობას უკავშირდება, გამოიწვევს ჯარიმას ან პატიმრობასაც კი.
„შეურაცხყოფა დასჯადია იმ შემთხვევაში, თუ ის მის საქმიანობას უკავშირდება. ანუ ქუჩაში კი არ მოხდა შელაპარაკება, არამედ მის საქმიანობას უნდა ეხებოდეს“, - განმარტავს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანალიტიკოსი თამაზ კირტავა.
საჯარო მოხელე შეიძლება იყოს როგორც პრეზიდენტი, ასევე საშვთა ბიუროს თანამშრომელი რომელიმე უწყებაში. თუმცა ეს არ ეხებათ იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც მაგალითად პარლამენტარები არ არიან და სახელმწიფო თანამდებობები არ უკავიათ - ანუ ოპოზიციას.
ჯარიმა პირველ ჯერზე 1500-4000 ლარამდე მერყეობს. დამნაშავეს შესაძლოა პირდაპირ პატიმრობაც შეუფარდონ - ციხე 45 დღემდე ვადით.
განმეორებით ჩადენისას, სასჯელი 2500-6000 ლარია ან 5-60 დღით პატიმრობა.
„სანქციები ძალიან მაღალია. დღეს არსებული ადმინისტრაციული კანონით, პატიმრობის ყველაზე მაღალი ვადა 15 დღეა. ამასაც ცვლიან და შესაძლოა 60 დღეც კი დაეკისროს. ამას პროტესტის ჩასახშობად აკეთებენ“, - ამბობს თამაზ კირტავა.
ბოლომდე ცხადი არ არის, რა ჩაითვლება შეურაცხყოფად, მით უფრო, რომ გამოხატვის თავისუფლების სტანდარტი საჯარო მოხელეებს, განსაკუთრებით პოლიტიკოსებს, თმენის ვალდებულებას აკისრებს.
„როდესაც [პოლიტიკოსს] მონას ეძახიან, ეს ცალსახად გამოხატვის თავისუფლებაა, მაგრამ ამ კანონით ასეთი რამ შეიძლება პრობლემად იქცეს. გაურკვეველია, რამდენად ფართო მნიშვნელობით გამოიყენებენ კანონს. თუმცა, როდესაც ხელისუფლება ასეთ კანონებს იღებს, ესე იგი აპირებს, რომ ფართო მნიშვნელობით გამოიყენოს“, - ამბობს თამაზ კირტავა.
ეს ცვლილება ნაწილია ცვლილებების პაკეტისა, რომლის მიღებას პარლამენტი უახლოეს დღეებში აპირებს - მკაცრდება შეკრებებისა და მანიფესტაციების პირობები და სასჯელები.
„უფლებები საქართველოს“ იურისტი დიმიტრი ნოზაძე ამბობს, რომ ნებისმიერი ცვლილება, რაც ამ ბოლო დროს კანონში შედის, არც სერიოზულია და არც პროპორციული.
„როდესაც ადამიანს რაღაცას ედავებიან, მტკიცებულებების სტანდარტიც უნდა გაიზარდოს. მხოლოდ ერთ და ორ მოწმეზე არ უნდა იდგეს მტკიცება, თან დაინტერესებულ მოწმეზე, - ამბობს ნოზაძე, - ამ ცვლილებებიდან გამოდის, რომ გამოხატვის უფლება თან გაქვს, თან - არა.
როგორ უნდა განსაზღვრო, რა შეურაცხყოფაა და რა გამოხატვის უფლება? ეს სუბიექტური აღქმაა. ამიტომ კანონი შესაძლოა როგორც უნდათ ისე გამოიყენონ. თან ისიც ხომ უნდა ვიცოდეთ, რატომ მიაყენა შეურაცხყოფა. აქ ამაზე არაფერი წერია, არის მხოლოდ ქმედება და სასჯელი“.
საკანონმდებლო ინიციატივის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ ცვლილება საჭირო გახდა, რადგან დღეს საზოგადოების უსაფრთხოება დაცული არ არის და ეს სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატურ რეაგირებას მოითხოვს.
„სანქციამ პირველ რიგში სამართალდარღვევის შემაკავებელი ფუნქცია უნდა შეასრულოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება იმ პირთა საქმიანობის ნორმალური ფუნქციონირებისთვის ხელშეშლას, რომლებიც საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე არიან პასუხისმგებლები“, - წერია განმარტებით ბარათში.
ფორუმი