რუსთავში მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება. ფაშიზმზე გამარჯვების 73 წლისთავს დღეს რუსთავში მეორე მსოფლიო ომის 13 ვეტერანი და 47 ე. წ. “ოცდაექვსიანელიღა” აღნიშნავს. ორი წლის წინ მათი საერთო რაოდენობა 120 იყო, საიდანაც 26 ადამიანი უშუალოდ მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომის საბრძოლო მოქმედებებში.
91 წლის არმენ ნერსესიანი ფრონტზე ომის დამამთავრებელ ეტაპზე გაიწვიეს, თუმცა წინა ხაზზე არ უომია:
მეამაყება, რომ ჩემი წვლილიც დევს ფაშიზმის დამარცხებაში, მაგრამ გული მწყდება, რომ სათანადო დაფასება არ გვაქვს. ჩემი ასაკის კაცისთვის დღეს 200-ლარიანი პენსიით ცხოვრება ძნელია - წამლებში იხარჯება. მე შვილები მაინც მყავს და მეხმარებიან. ვისაც არ ჰყავს, იმათ რა ქნან?..არმენ ნერსესიანი
„ზურგის ბატალიონში ვმსახურობდი და გათავისუფლებულ ქალაქებს ვიკავებდით“, ამბობს ომის ვეტერანი, რომელიც რუსთავში 1950 წელს დასახლდა. მუშაობა დაიწყო მაშინ ჯერ კიდევ მომცრო ქიმიურ საწარმოში, რომელიც თანდათან ფართოვდებოდა, მაგრამ არმენ ნერსესიანს ჯანმრთელობისთვის იმდენად მავნე ობიექტზე უწევდა მუშაობა, რომ 50 წლის ასაკში პენსიაზე გავიდა.
„მეამაყება, რომ ჩემი წვლილიც დევს ფაშიზმის დამარცხებაში, მაგრამ გული მწყდება, რომ სათანადო დაფასება არ გვაქვს.ჩემი ასაკის კაცისთვის დღეს 200-ლარიანი პენსიით ცხოვრება ძნელია - წამლებში იხარჯება.მე შვილები მაინც მყავს და მეხმარებიან. ვისაც არ ჰყავს, იმათ რა ქნან?“, - ამბობს ომის ვეტერანი.
ფაშიზმზე გამარჯვებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები რუსთავში, ტრადიციულად,დიდების ხეივანში იმართება ხოლმე, მემორიალთან. გამარჯვების 73 წლისთავსაც აქ აღნიშნავენ. რუსთავის თვითმმართველობის ხელმძღვანელები და ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები მემორიალს გვირგვინებით შეამკობენ.მერიის მიწვევით იქ იქნება არმენ ნერსესიანიც, დანარჩენ 12 ვეტერანსა და 1926 წელს დაბადებულ რუსთაველებთან ერთად.
ვინ იგულისხმება ომის ვეტერანებთან გათანაბრებულ ოცდაექვსიანელებში?
ომი ჯერ კიდევ დამთავრებული არ იყო, როცა 1926 წელს დაბადებული5 ათასი ახალგაზრდა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან შეკრიბეს და1944 წლის ნოემბერში, ყველა ერთად, თბილისის რკინიგზის სადგურიდან გააცილეს. ფრონტის ნაცვლად ისინი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქში არსებულ მეტალურგიულ კომბინატებში მოხვდნენ შესაბამისი პროფესიების დასაუფლებლად. მოგვიანებით ისინი რუსთავში, ჯერ კიდევ მშენებარე მეტალურგიულ ქარხანაში, მიავლინეს.
ბაბუაჩემი კახეთში, სოფელ მარტყოფში, ცხოვრობდა. როგორც თავად მიყვებოდა, 16 წლის წაიყვანეს. ეგონა, ომში მიჰყავდათ, მაგრამ რუსეთში, რომელიღაც ქარხანაში, აღმოჩნდა, სადაც მეფოლადის პროფესიას ასწავლიდნენ...მაია წოწოლაშვილი
ერთ-ერთი მათგანი, ელიზბარ გელიაშვილი, მიმდინარე წლის 7 აპრილს 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისმა შვილიშვილმა, მაია წოწოლაშვილმა, არ იცის მისი პაპა რუსეთის რომელ ქალაქში ეუფლებოდა მეტალურგის პროფესიას, თუმცა კარგად ახსოვს, რომ იმთავითვე რუსთავის მეტალურგიული კომბინატის მილსაგლინავ საამქროში მუშაობდა. უმაღლესი განათლება არ ჰქონდა, თუმცა სამუშაო ბიოგრაფია საამქროს უფროსის მოადგილის რანგში დაასრულა.
„ბაბუაჩემი კახეთში, სოფელ მარტყოფში, ცხოვრობდა. როგორც თავად მიყვებოდა, 16 წლის წაიყვანეს. ეგონა, ომში მიჰყავდათ, მაგრამ რუსეთში, რომელიღაც ქარხანაში, აღმოჩნდა, სადაც მეფოლადის პროფესიას ასწავლიდნენ“, - იხსენებს მაია წოწოლაშვილი თავისი პაპის ნაამბობს. მისივე თქმით, ელიზბარ გელიაშვილს სიბერეში ქარხნის მიმართ ნოსტალგია მოეძალებოდა ხოლმე. სიკვდილის წინაც სულ იმას იხსენებდა, როგორ განაწესეს ფრონტის ნაცვლად ზურგში, ვინ და რას ასწავლიდა რუსეთში და როგორ მოხვდა რუსთავში.
9 მაისთან დაკავშირებით, ტრადიციულად, რუსთავის მერია ომის ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს გარკვეული თანხით აჯილდოებს ხოლმე. როგორც რადიო თავისუფლებას მერიაში აცნობეს, ომის მონაწილეებს 150-150 ლარი, ოცდაექვსიანელებს კი 80-80 ლარი უკვე პირად ანგარიშზე ჩაერიცხათ.