ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთაგან ორი, სამედიცინო კლინიკის თანამშრომელია.
ცხინვალის ე.წ. სანიტარიული სამსახურის უფროსის მოადგილე ანა გაგლოევას ინფორმაციით, ამ დროისთვის სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 34 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.
„პარასკევს 111 ტესტი ჩატარდა და ოთხმა დადებითი პასუხი აჩვენა. კორონავირუსი გამოუვლინდა ორ მოქალაქეს, რომლებიც კარანტინში იმყოფებოდნენ, და მედიცინის ორ მუშაკს“, - აღნიშნა გაგლოევამ. მისივე თქმით, მედიცინის მუშაკები ზნაურის საავადმყოფოში მუშაობენ.
ამ დროისთვის ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში 348 პირი ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
ზნაურის საავადმყოფოში შექმნილ ვითარებაზე განგაშის პირველი სიგნალი დე ფაქტო რესპუბლიკის საპარლამენტო ოპოზიციამ გაავრცელა და ამ საავადმყოფოს საკითხი პარლამენტშიც კი განიხილეს. ოპოზიციონერ დეპუტატებს ინფორმაცია ჰქონდათ იმის შესახებ, რომ ზნაურის საავადმყოფოში, სადაც რუსეთიდან დაბრუნებული ინფიცირებული სტუდენტები გადაიყვანეს, მედპერსონალი სპეციალური დამცავი საშუალებების გარეშე მუშაობდა.
დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატ დავით სანაკოევის ინფორმაციით, ექიმები და ექთნები იქ ჩვეულებრივი ნაჭრის ხალათებით მუშაობდნენ და მათი დაავადება უკვე დროის საკითხი იყო. ამ ფონზე ბიბილოვის ხელისუფლება უარს ამბობს როგორც საქართველოს ხელისუფლების, ასევე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შეთავაზებულ დახმარებაზე. ოკუპირებული რეგიონის ხელისუფლება ითხოვს, რომ ჰუმანიტარული ტვირთები ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის გავლით ჩავიდეს და არა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან. ეს პოზიცია დე ფაქტო პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტურ საკითხებში მურატ ჯიოევმა ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებთან ონლაინკონფერენციის დროს დააფიქსირა. რადიო თავისუფლების წყაროს ინფორმაციით, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობს, ჯიოევს თანათავმჯდომარეები უხსნიდნენ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საერთაშორისო ორგანიზაციაა, მას წმინდად ჰუმანიტარული მიზნები აქვს და საქართველოს ხელისუფლების დაკვეთით არ მუშაობს. გარდა ამისა, მას აფხაზეთის მაგალითიც შეახსენეს, რომლის ხელისუფლებამაც ჰუმანიტარული ტვირთი ყოველგვარი წინაპირობების გარეშე ენგურის ხიდის გავლით მიიღო და იქ ჰუმანიტარული საქმიანობა ისევ მიმდინარეობს. ამ არგუმენტების მიუხედავად, ჯიოევი მაინც დაჟინებით იმეორებდა, რომ ტვირთს მხოლოდ რუსეთის გავლით, როკის გამშვები პუნქტიდან მიიღებდნენ.
ამასობაში დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმა, იგორ ნანიევმა, საკარანტინო ზონებში მყოფი მოქალაქეებისთვის ნათესავების მიერ საკვები პროდუქტების გადაცემა აკრძალა. ეს ინფორმაცია ოსურმა მედიამ გაავრცელა და ამ გადაწყვეტილებას ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტების მძაფრი რეაქცია მოჰყვა. მათ რუსეთიდან დაბრუნებული, კარანტინში მყოფი სტუდენტები პატიმრებს შეადარეს. ცხინვალიდან რადიო თავისუფლების წყარო გვიამბობს, რომ მინისტრის ამ ბრძანებას მანამდე წინ ინციდენტი უძღოდა:
„მთელმა ცხინვალმა იცის ეს ამბავი: რუსეთიდან დაბრუნებულ სტუდენტებს, რომლებიც საკარანტინო ზონებში იმყოფებიან, ოჯახის წევრები და ნათესავები კვებავენ. ყოველდღე მათთან საკვები მიაქვთ, რადგან სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი პროდუქტი მინიმალურია და არ ჰყოფნით ამ ახალგაზრდებს. ამ ორი დღის წინ სასტუმრო „ალანის“ საკარანტინო ზონაში ალკოჰოლური სასმელიც შეუგზავნეს. ახალგაზრდებმა ბევრი დალიეს და ერთმანეთში ჩხუბი მოუვიდათ. ეს ამბავი სწრაფად გავრცელდა. საკარანტინო სივრცეში გარედან მათ გასაშველებლადაც ვერავინ შედიოდა და ისევ შიგნით მყოფებმა გააშველეს. მაგრამ მეორე დღეს მინისტრმა ნანიევმა, ნაცვლად იმისა, რომ ალკოჰოლის შეტანა აეკრძალა, საჭმლის შეტანა აკრძალა. პატიმრებსაც კი აქვთ გზავნილების მიღების უფლება და ჩვენი სტუდენტები ამ უფლების გარეშე რატომ დატოვეს? არადა, დღეში ერთხელ აჭმევენ და ამ სტუდენტებმა იმუნიტეტი როგორ უნდა შეინარჩუნონ? კიდევ კარგი, ციხის მსგავსად, იქაც ომონი არ შეიყვანეს და, პატიმრების მსგავსად, ცემა არ დაუწყეს. უგუნური გადაწყვეტილებაა - თვითონ ვერ აჭმევენ და არც სხვას აძლევენ ამის საშუალებას“.
დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრ იგორ ნანიევის ბრძანებით, ჰიგიენური საშუალებებისა და ბავშვთა კვების გარდა, საკარანტინო ზონებში სხვა პროდუქტების შეგზავნა აკრძალულია, ბრძანების დამრღვევ პირთა მიმართ კი ადმინისტრაციული ჯარიმა იქნება გამოყენებული. ამჟამად სასტუმრო „ალანისა“ და ზნაურის საკარანტინო ზონას პოლიციელები 24 საათის განმავლობაში გაძლიერებული რეჟიმით იცავენ.